"ადამიანი ვერსად გაექცევა ადამიანად ყოფნის ვალდებულებას!.."

"ადამიანი ვერსად გაექცევა ადამიანად ყოფნის ვალდებულებას!.."

ბოლო დროს ბევრი ამბობს, პატიმრების წამების კადრებმა ისეთ შოკში ჩამაგდო, ფსიქოლოგის რჩევა მჭირდებაო. ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ფიქრობს, რომ მსგავსი რეაქცია გასაგებია. საყოველთაო აღშფოთება ნიშნავს, რომ ერი ცოცხალია, რადგან ყველა გამოფხიზლდა, როცა ერის ღირსებას შეეხნენ.

- კადრების ნახვით გამოწვეული მძიმე ემოციური დატვირთვა იმას მიუთითებს, რომ რაც ვნახეთ, მართლაც საშინელება იყო. მომხდარის გაცნობიერება და შესაბამისი რეაქცია, როგორც ემოციურ, ასევე აზრობრივ დონეზე, ადამიანური მოთხოვნილებაა, რაც ნიშნავს მომხდარზე საკუთარი პასუხისმგებლობის წილის აღებას. აღნიშნული პასუხისმგებლობა ათავისუფლებს ადამიანს მძიმე განცდებისაგან, რომელიც შემდეგში კონსტრუქციულ ქცევაში აისახება.

- არსებობს კვლევები იმის შესახებ, მსგავსი შოკი ადამიანის ჯანმრთელობაზე როგორ იმოქმედებს?

- ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს შეუძლია, მოვლენებს ადეკვატურად უპასუხოს, რაც მის პიროვნულ სიმწიფეზე მი­უთითებს.

რეაქციის არაერთგვაროვნება მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ერთნი გაურბიან პირადი პასუხისმგებლობის წილს, ხოლო მეორენი თვალს ვერ უსწორებენ სინამდვილეს და მიმართავენ ფსიქოანალიზისთვის ცნობილ დაცვის მექანიზმებს. მაგალითად, ცდილობენ გამართლებას სხვადასხვა არგუმენტით. თუ ჩვენ საკუთარ თავს დავუმალავთ იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით, მაშინ ვერ შევძლებთ ცხოვრებას და როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა, ამ დროში ჩვენ არ გვიცხოვრია, რაც ნიშნავს, რომ დრო, რომელშიც შენი თავი ვერ განახორციელე, შენთვის გაჩერებული, ანუ მკვდარი დროა. რეალობა უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის და მასზე პასუხისმგებლობა აიღო.

საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი. როდესაც გირგვლიანის საკითხი დადგა, მაშინ, შეიძლება ითქვას, ირინა ენუქიძე მარტო იყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას მხარს უჭერდა. შეიძლება, შინიდან მაყურებლებიც გულწრფელად უჭერდნენ მხარს, მაგრამ ახლა აღშფოთება უფრო მეტად და თამამადაც გამოიხატა. ადამიანის ღირსების შემლახველმა სისასტიკემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. გირგვლიანისა და სხვადასხვა დროს დაღუპული ახალგაზრდების გამო მიღებული ტკივილი ერთად აზვირთდა. საზოგადოების საზიარო ნორმას, ყველაზე მნიშვნელოვანს - ღირსებას საფრთხე შეექმნა. გაცოცხლდა მინავლებული განცდა იმისა, რომ ღირსება ყველასათვის ერთია.

- რას იტყვით იმ ხალხზე, ვინც ასეთ ძალადობას სჩადიოდა ციხეში ანაზღაურების გამო?

- ზოგადად, ყოველი დამნაშავე აღზრდის ან სისტემის ან ორივეს მსხვერპლია. ადამიანი, როდესაც ერთხელ ჩაიდენს დანაშაულს, რომელსაც მორალურად თვითონვე ვერ ამართლებს, თუ პირველსავე შემთხვევაში უკან არ დაიხია და თავის თავთან არ აღიარა, რომ მისთვის სისასტიკე მიუღებელია, მერე უფრო ღრმად ეშვება დანაშაულის მორევში.

რაც უფრო მეტად ხდები დამნაშავე, უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება იმისათვის, რომ კათარზისი მოახდინო და განიწმინდო. ამისი დრო, როგორც ამბობენ, ყოველთვისაა, ამიტომ ადამიანი არაა განწირული იმისთვის, რომ მუდმივ დანაშაულში იყოს. მთავარია, მან ეს გააცნობიეროს და პასუხისმგებლობა აიღოს თავის ნამოქმედარზე.

- რამდენად საშიშია ძალადობის კადრების ბავშვებისთვის ჩვენება. ბავშვებს ეს კადრები მსგავსი ძალადობის სურვილს ხომ არ აღუძრავს?

- ჩვენ ინფორმაციის ისეთ ნაკადში ვიმყოფებით, რომ ბავშვებს კადრების ნახვას ვერ ავუკრძალავთ და არც აიკრძალავენ. მაგრამ იმის მიხედვით, მშობლებს და საზოგადოებას როგორი რეაქცია ექნებათ, რამდენად სამართლიანი იქნება მათი შეფასებები, ისეთივე იქნება შედეგებიც. უსამართლო შეფასებები პროტესტსა და აგრესიას შობს.

- ბავშვების ფსიქიკაზე ეს მოგვიანებით როგორ აისახება?

- რომ მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკებში მომხდარი ამბები უნდა დაიმალოს თუ უნდა აჩვენონ? ყოველთვის ჯობია ნახო, რაც ხდება და გააცნობიერო, რომ ის ცუდი და მიუღებელია.

- მიღებული შოკი რამდენ ხანს გასტანს?

- ასეთი ემოციური შოკი მარადიულ კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე. ყველას ჩაგვებეჭდება დიდი ძახილის ნიშნით, რომ ეს არ უნდა განმეორდეს! ეს ცხოვრების გაკვეთილებია, მწარე გამოცდილებაა, რო­მელმაც უნდა შეგმატოს სათნოება და სიფრთხილე სიცოცხლისა და ღირსების მიმართ.

- ცოცხი აშკარად წამების ქართული გამოგონებაა. შეიძლება, იმ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა აიხსნას, ვინც ეს მოიფიქრა?

- როგორ პარადოქსადაც უნდა მოგეჩვენოთ, იმ ადამიანებში, რომლებმაც თავდაპირველად შედარებით უფრო მარტივი ფორმებით ჩაიდინეს ეს დანაშაული, გაუცნობიერებლად შინაგანი კონფლიქტი წარმოიქმნებოდა ჩადენილის გამო. იმისათვის, რომ მათი შინაგანი კონფლიქტი მოჩვენებითად განელებულიყო, მიმართეს წამების უფრო რთულ ფორმებს. ხელკეტი რომ გაამართლო შენს თავში, მაშინ იმაზე მეტია საჭირო. და იმაზე მეტი აღმოჩნდა ცოცხი. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ შეცდომა ისაა, როდესაც ერთჯერადად სჩადიხარ, მაგრამ როდესაც ვერ იღებ შენს თავზე პასუხისმგებლობას და შეცდომების სიღრმეში შედიხარ, უკვე დანაშაულია. ადამიანი პასუხისმგებელია ამ ცხოვრებაში ყველაფერზე, რასაც აკეთებს.

- დაზარალებულების ფსიქიკას როდისმე ეშველება?

- რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული იყოს, მაინც უნდა მოხდეს. სამართლიანობის შეგრძნება და კანონის წინაშე პასუხისგება დაზარალებულს შეუმსუბუქებს ტრავმას, ხოლო მოძალადეს რამდენადმე დაეხმარება საკუთარი ქმედების გაცნობიერებაში და მაშასადამე, რეალობაში დაბრუნებაში. ადამიანი ვერსად ვერ გაექცევა ადამიანად ყოფნის ვალდებულებას.

- დაზარალებულმა სამართლი­ანობა თუ ვერ დაინახა, სამაგიეროს იმავე მეთოდით გადახდის სურვილი გაუჩნდება?

- ძალადობა ძალადობას შობს. ამიტომ მთავარია, სამართლიანობა იყოს დანახული მოძალადისა და მსხვერპლის მხრიდანაც. ამ შემთხვევაში ორივე მხარე გათავისუფლდება მძიმე ფსიქოლოგიური კვალისაგან.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"