"ეი ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გია გვიჩიანის საქმე გადაიხედება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გია გვიჩიანის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, გვიჩიანი უკანონო პატიმარია და მისი საქმის გადახედვას ადვოკატები უკანონო განაჩენების გადახედვის მექანიზმის ამუშავებისთანავე მოითხოვენ.
"აღნიშნული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული. არსებობს უამრავი მტკიცებულება და დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ თუ საქართველოში ეს საქმე არ გადაისინჯებოდა, სტრასბურგის სასამართლო შესაბამისი რეკომენდაციით საქართველოს მიმართავდა", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
მისი თქმით, გვიჩიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე შეეფარდა, სხვა მტკიცებულებები კი მის წინააღმდეგ არ არსებობს.
ირმა ჭკადუას განცხადებით, უკანონო განაჩენების გადახედვის მექანიზმის ამუშავებისთანავე, გვიჩიანის ადვოკატები საქმის უკვე დამუშავებულ მასალებს იუსტიციის სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და პარლამენტს გადასცემენ.
"უწყებებს დაეგზავნებათ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გადასინჯვის საფუძველს გააჩენს და დაამტკიცებს გია გვიჩიანის უდანაშაულობას", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატის განცხადებით, გვიჩიანის დაკავებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გადაფარვას შეეცადნენ.
"გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით, გირგვლიანის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დააკავეს", - განაცხადა ჭკადუამ, რომელიც გვიჩიანის უფლებებს ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილთან ერთად იცავდა.
მკვლელობა, რომლის ორგანიზებაშიც გია გვიჩიანს ედება ბრალი, 2002 წლის 13 აგვისტოს მოხდა. "ეი-ეს-თელასის" ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე საკუთარ ბინაში, ბახტრიონის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული, ხელფეხშეკრული იპოვეს.
გია გვიჩიანი 2006 წლის 7 მარტს დააკავეს. გვიჩიანთან ერთად, 4 პირი აიყვანეს. გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა შეეფარდა.