სახალხო დამცველობის კანდიდატთა შორის არასამთავრობოების ყველაზე მეტი ხმა თამარ გურჩიანმა და ლია მუხაშავრიამ მიიღეს, თუმცა ხმათა უმრავლესობით კანდიდატად გურჩიანი დასახელდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. თუმცა როგორც მან აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ არასამთავრობოების ნაწილმა ომბუდსმენის კანდიდატურად იურისტი ლია მუხაშავრიაც დაასახელოს და პარლამენტს რამდენიმე კანდიდატს შორის მოუწიოს არჩევანის გაკეთება.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურაც იყო დასახელებული, რომელიც მან თამარ გურჩიანის სასარგებლოდ მოხსნა.
თამარ გურჩიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით პარლამენტისადმი მიმართვას 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი გაერთიანება აწერს ხელს.