ჯემალ სეფიაშვილი: "საზოგადოება ახალი ხელისუფლებისადმი ძალზე მომთხოვნი იქნება"

ჯემალ სეფიაშვილი: "საზოგადოება ახალი ხელისუფლებისადმი ძალზე მომთხოვნი იქნება"

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე თვალსაზრისს კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი გამოხატავს.

- ბატონო ჯემალ, რით ახსნით, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას" ხელოვანთა დიდმა ნაწილმა გამოუცხადა მხარდაჭერა?

- ყოფილმა ხელისუფლებამ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ისევე როგორც მთელი საზოგადოება ორ ნაწილად დაყო: მათიანებად და სხვებად. პრეზიდენტსაც(?!) არაერთხელ მიუმართავს ასეთი რიტორიკისთვის. ამიტომ კულტურის მოღვაწეთა დიდი ნაწილი ველოდებოდით პოლიტიკურ ასპარეზზე იმგვარი ძალის გამოჩენას, რომლისთვისაც ხელოვნების იდეოლოგიზება მიუღებელი იქნებოდა. და აი, ასეთი ძალა, უფრო სწორად, პიროვნება, მართლაც გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლი, ეს რეალობაა, რასაც ვერავინ გაექცევა! ჩემი აზრით, მისი სახელი, კაცობა და სიკეთით სავსე რეპუტაცია რომ არა, ამ გამარჯვებამდე ქვეყანა ვერ მივიდოდა. მან წლების განმავლობაში საქმით გვაჩვენა, როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, შენი ოჯახი.

- თქვენს არაჩვეულებრივ ახალ სიმღერას - "ჩვენ დავბრუნდებით", ხალხის ტაშთან ერთად, გარკვეულ წრეებში აჟიოტაჟიც მოჰყვა. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ მას სახელდახელო სიუჟეტი მიუძღვნა. კითხვაზე: ვისი დაბრუნება იგულისხმება? - შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და სხვათა ფოტოებს აჩვენებდნენ.

- მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ სიუჟეტის ავტორს, ვინმე ლევან ჩუგოშვილს ჩემი და ჩემი შემოქმედების რეკლამირებისთვის. მან ახსენა სამი სიმღერა, რომელიც ჩემთვის საეტაპოა. თურმე, ჩემს სიმღერას შეუძლია ისეთი ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, რომ ლამის რევოლუცია მოაწყოს. ეს ჟურნალისტი დამიკავშირდა და ინტერვიუ მთხოვა; ვუთხარი, რომ ქალაქში არ ვიყავი, ხოლო ტელეფონით ინტერვიუზე ყოველთვის უარს ვამბობ. დავპირდი, რომ მეორე დღეს ქალაქში ვიქნებოდი და მის ნებისმიერ კითხვას გავცემდი პასუხს. იქვე შევატყვე, რომ ჟურნალისტს აჩქარებდნენ, თან ჩვენს საუბარს იწერდნენ. არადა, საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე: ახლა დაიჩემებენ, სეფიაშვილი ლენინის, ორჯონიკიძის, შევარდნაძის დაბრუნებას უმღერისო. გრცხვენოდეთ! ჯემალ სეფიაშვილი სრულიად საქართველოს დიდ ოცნებას - 2 მილიონამდე ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნებას და აქ ღირსეულ ცხოვრებას უმღერის. მიხარია, რომ ემიგრანტების აქციებზე გამოჩნდა პლაკატები: "ჩვენ დავბრუნდებით!"

- თქვენს სიმღერებში ტექსტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

- ჯანსუღ ჩარკვიანია ავტორი ამ ტექსტისა, რომელიც სიმოვნებით ავამღერე. ჩვენ ნახევარი საუკუნეა ვმეგობრობთ, ვთანამშრომლობთ. ამ ზაფხულს რამდენიმე ქვეყანაში ვიყავი, კარგად გავეცანი ჩვენი ემიგრანტების ყოფას: ეს ხალხი გაუსაძლისი ყოფის, სიდუხჭირის გამო არის გადახვეწილი სამშობლოდან, მათი დიდი ნაწილი მძიმე შრომასაც იტანს, აქ ოჯახები რომ არჩინოს. ბედნიერი ვარ, რომ "ჩვენ დავბრუნდებით" ასე თბილად მიიღეს როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში. ემიგრანტებმა მითხრეს, ერთმანეთს უკვე ასე ვესალმებითო: "ჩვენ დავბრუნდებით!".

- როგორ გესახებათ კულტურის სფეროში, კერძოდ, ქართულ ესტრადაზე არსებული პრობლემებიდან გამოსავლის ძიების გზები?

- ახალ რეალობას ყველა უნდა შეეგუოს. გული მტკივა, რომ კომპოზიტორების, მომღერლების დიდი ოჯახი გაყოფილია, უფრო ზუსტად, აქამდე იყო გაყოფილი. ვიმედოვნებ, ყველაფერი მოწესრიგდება. მჯერა, უხამსობას, უგემოვნობას და საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის უნიჭო იაფფასიანი ოპუსებით მოწამვლას ბო­ლო მოეღება.

- თქვენ 30 წელი იმუშავეთ ტელევიზიასა და რადიოში; როგორ შეაფასებდით დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელში" შექმნილ ვითარებას?

- "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დღემდე ხელისუფლების რუპორი იყო, რაც დანაშაულია და ძირშივე ეწინააღმდეგება მის არსს. მივიჩნევ, რომ საქართველოში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფორმატში მხოლოდ მედიაკავშირი "ობიექტივი" მუშაობს, რომელთანაც დღემდე სიამოვნებით ვთანამშრომლობ.

- როგორ გგონიათ, ხომ არ მოხდება ისე, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კულტურის მოღვაწეები აღმოჩნდებით პრივილეგიურ მდგომარეობაში?

- რას ნიშნავს პრივილეგიური მდგომარეობა? ჯერ ერთი, ტელეეკრანზე ხშირად გამოჩენა არტისტისთვის სახარბიელო არც არის. ერთადერთი პრივილეგია, რომელიც ხელოვანს უნდა ჰქონდეს, არის ხალხის პატივისცემა და სიყვარული. ხელოვანი, უპირველესად მოკრძალებული უნდა იყოს, მისი შემფასებელი კი - ხალხი, მსმენელი, მაყურებელი. ყოფილმა ხელისუფლებამ იმთავითვე უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, როცა ჩარეცხვა მოგვინდომა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების შემოქმედებითი პოტენციალი არ გამოიყენა.

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები?

- საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მიუხედავად გამარჯვების ეიფორიისა, უნდა ახსოვდეს, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს და ნებისმიერ დროს ფანტის შემოგდება არ გაუჭირდებათ. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო., ამ არჩევნების შედეგის უკმაყოფილოც ვარ, რადგან ვერავინ დამაჯერებს, რომ თითქმის ყოველმა მეორე ამომრჩეველმა "ნაცმოძრაობას" მისცა ხმა. ეს წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელია; აშკარაა, რომ გაყალბების სხვადასხვა მეთოდიც გამოიყენეს. ვფიქრობ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, კომისიის წევრები თუ მეთვალყურეები უბნებზე უფრო ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ. დასასრულ - ჩვენი საზოგადოება ახალი ხელისუფლებისადმი ძალზე მომთხოვნი იქნება. ხალხი მისგან სიბრძნეს, პრინციპულობას და ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის თავდადებას მოითხოვს!

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"