ქუთაისის პარლამენტი ინგრევა

ქუთაისის პარლამენტი ინგრევა

"ქართული ოცნება" უკვე პირველი სხდომის გამართვის გეგმებს აწყობს და ეს არც არის გასაკვირი, რადგან მოქმედი კანონმდებლობით პირველი სხდომა 21 ოქტომბერზე გვიან ვერ გაიმართება. ზუსტი თარიღი კი ცესკოს მიერ საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქუთაისის პარლამენტი ისე ინგრევა, რომ მშენებლობა არ დამთავრებულა.

გუშინ ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართული კონსულტაციების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბარი პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებულ პროცედურებს შეეხო".

მისივე განმარტებით, სიახლეა იმ კუთხითაც, რომ გუშინ მთავრობა გადადგა, რაც პროცედურებში ცვლილებებს გულისხმობს და მსჯელობა ამ პროცედურულ ცვლილებებსაც შეეხო. გარდა ამისა, როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია, როდის იქნება მზად არჩევნების შემაჯამებელი ოქმი, რათა პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევა მოხერხდეს.

"პირველი სხდომის მოწვევა პრეზიდენტის პრეროგატივაა და ამ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ჯგუფთან კონსულტაციები გვექნება. ასევე, ვისაუბრებთ პარლამენტის შენობის საკითხზე, რომელიც ნორმალური ფუნქციონირებისთვის მზად არ არის. რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და პარლამენტის მოქმედ აპარატთან", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ამ დროს კი ქუთაისის პარლამენტში მყოფი თანამშრომლები პანიკაში იყვნენ, რადგან, როგორც მათ "რეზონანსთან" საუბრისას თქვეს, მოულოდნელად გაიბზარა სამმეტრიანი მინა და მათ მიაჩნიათ, რომ შენობა იმდენად ავარიულია, რომ შესვლა არ შეიძლება. მათ ეჭვი აქვთ, რომ შენობა დაბლა იწევს და სწორედ ამის გამო გაიბზარა ფანჯარა. გარდა ამისა, ისინი იმასაც ამბობენ, რომ შენობა მთლიანად დაბზარულია და ეს ბზარები იმხელაა, რომ ადვილი შესაძლებელია, ნებისმიერ წუთს კედელი ჩამოიშალოს ან მინები დაიმსხვრეს.

პარლამენტის მოქმედი ადმინისტრაციიდან ამ თემაზე არავინ საუბრობს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პარლამენტის შენობის უხარისხობაზე ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა, რასაც ხელისუფლება მუდმივად ჭორს უწოდებდა. მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტი, რომლის მშენებლობა ჯერ არ დამთავრებულა, ინგრევა და ძნელი სათქმელია, აქ რამდენიმე დღეში სხდომა როგორ უნდა ჩატარდეს, მითუმეტეს, თუ, მინიმუმ, 150 ადამიანი ერთდროულად შევა. თბილისში პარლამენტის შენობა კი მთლიანად დანგრეულია.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა