ბიზნესმენი ზაზა სიორიძე იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ბიზნესისა და ბიზნესმენების უკანონოდ შევიწროების ეპოქა წარსულს ჩაბარდება.
"გამოვთქვამ იმედს, რომ ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლა იქნება გარანტი იმისა, რომ აღარავის შეეძლება კანონის იგნორირება, მისი ინტერპრეტირება საკუთარი ბიზნეს თუ პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ, რომ ბიზნესის და ბიზნესმენების უკანონო შევიწროების ეპოქა წარსულს საბოლოოდ ჩაბარდება და ბიზნესზე აღარასოდეს განხორციელდება ზეწოლა, ბიზნესს აღარ შეექმნება ხელოვნური ბარიერები", - ნათქვამია ბიზნესმენის განცხადებაში.
ასევე, ზაზა სიორაძე საკუთარ ბიზნესზე ხელისუფლების მიერ განხორციელებული ტერორის ფაქტებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ შელახული უფლებების აღდგენისთვის ბრძოლას აგრძელებს.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2011 წლის მიწურულს მე და ჩემმა მეგობარმა ვანო ჩხარტიშვილმა უარით ვუპასუხეთ ხელისუფლების მოთხოვნას ნებაყოფლობით დაგვეთმო ტელეკომპანია "გურია". როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შემდეგ ამოქმედდა სახელმწიფო რეპრესიული მანქანა. პირველი და მყისიერი რეაქცია იყო ტელეკომპანია "გურიის" წილიდან ჩემი და ვანო ჩხარტიშვილის წარომადგენელთა გაყვანა. ეს მოხდა უზენაესი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით. შემდგომი რეპრესიული ნაბიჯები ჩემს მიმართ თანმიმდევრულად და ჩვეული მეთოდებით განხორციელდა. კერძოდ, საგადასახადო ორგანოებმა წამოიწყეს ეგრეთ წოდებული "დაგეგმილი ოპერაცია". ერთბაშად და ერთდროულად შემოვიდა შემოწმება ჩემი და ჩემი სიძის - დავით სპარსიაშვილის კუთვნილ კომპანიებში. თითქოსდა ფარული გარიგებების წარმოების მოტივით აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, პატიმრობაში აიყვანეს ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და მთავარი ბუღალტერი. პარალელურად დააყადაღეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების (მეუღლე, ქალიშვილი, სიძე) უძრავ-მოძრავი ქონება, და პირადი ანგარიშები. უკვე 2012 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით (მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე) ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე დაწესდა ფინანსური მონიტორინგი, რომელიც 2-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ რამდენჯერმე გაგრძელდა. მონიტორინგის ბოლო ვადა 2012 წლის სექტემბრის ბოლოს ამოიწურა, თუმცა მისი არც გაგრძელების და არც შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ჩემთვის ცნობილი არ არის.
სახელისუფლო რეპრესიული ქმედებების დაწყებისთანავე მე დავიწყე სამართლებრივი დავა. არ გადამიხდია და არც ვაპირებ გადავიხადო არც ერთი უკანონოდ დარიცხული ჯარიმა და საურავი. ბუნებრივია, ჩვენ შევიტანეთ საჩივარი შემოსავლების სამსახურში. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლებას ჩემი და სხვა მსგავსი საქმეების განხილვა ყველა ვადის და პროცედურის დარღვევის მიუხედავად, გადადებული ჰქონდა საპარლამენტო არჩევნებამდე. ცხადია, ვაგრძელებ შელახული უფლებების აღდგენისთვის ბრძოლას. კერძოდ, ოფიციალურად, ყველა საჭირო პროცედურის დაცვით, მოვითხოვ უკანონოდ და უსაფუძვლოდ დაყადაღებულ აქტივებზე ყადაღის მოხსნას და უკანონოდ დარიცხული ჯარიმების და საურავების გაუქმებას", - აღნიშნულია სიორიძის განცხადებაში.
ამასთან, ბიზნესმენის მტკიცებით, მის ქონებასთან დაკავშირებით ყველა უკანონო ქმედებას სახელისუფლო ვერტიკალის მხრიდან პირადად აკონტროლებდა გურიის ყოფილი გუბერნატორი, იმ პერიოდში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
"ის "დაგეგმილი ოპერაციის" თითოეულ ნაბიჯს ათანხმებდა იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან. ბუნებრივია, ისე როგორც ბევრი სხვა ბიზნესმენის მიმართ, ჩემით რეპრესიული მანქანის დაინტერესება გამოიწვია ჩემმა მხარდაჭერამ "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერისადმი და რაც არასდროს დამიმალავს დევნილობაში მყოფ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ჩემმა მეგობრობამ", - აცხადებს ბიზნესმენი.