გიორგი ყავლაშვილი - შპს "გამას" მიერ "ბურჯის" შეძენაში მურთაზ ზოდელავა მონაწილეობდა

გიორგი ყავლაშვილი - შპს "გამას" მიერ "ბურჯის" შეძენაში მურთაზ ზოდელავა მონაწილეობდა

შპს "გამას" დირექტორი გიორგი ყავლაშვილი კომპანია "ბურჯის" შეძენის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული უშუალოდ მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მითითებით განხორციელდა.

ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ბურჯის" ყიდვის დეტალებზე ყავლაშვილმა რადიო "ობიექტივის" ეთერში ისაუბრა.

"მქონდა შეხვედრა მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავასთან, რომელმაც მითხრა, რომ არის გარკვეული კომპანია, რომელსაც სურს შენ წარმოადგინო მათი ინტერესები, როგორც კომპანიის დირექტორმაო. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ტიპის იძულება განხორციელდა ან ვინმე რამით დამემუქრა, უბრალოდ არც გამირისკავს გამომეხატა ჩემი პოზიცია და მეთქვა, რომ ამ ტიპის პროცესში მონაწილეობის სურვილი არ მქონდა", - განაცხადა ყავლაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია "გამას" შპს "ბურჯის" შესაძენად აუქციონის ფარგლებში გათვალისწინებული 8 761 513 ლარი რეალურად არ გადაუხდია.

"განკარგულებაში მითითებული იყო, რომ "ბურჯში" 8 761 513 ლარი იყო გადახდილი, თუმცა უშუალოდ "გამას" მხრიდან ეს თანხა არ გადახდილა", - აღნიშნა ყავლაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ "გამას" დამფუძნებლებს, კომპანიის დირექტორის თქმით, მათ შესახებ არ იცის, თუმცა თავად "გამა" ობშორულ ზონაშია დარეგისტრირებული.

კომპანია "გამამ" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნით დაყადაღებული "ბურჯის" ქონება აუქციონზე 8.761 513 ლარად აგვისტოში იყიდა. გიორგი ყავლაშვილი ამავე სამსახურის ყოფილი უფროსის, ლევან ბეჟაშვილის მეჯვარეა.

გარდა ამისა, გიორგი ყავლაშვილი "ერთიანი ნაციონალური მძრაობის" ერთ–ერთი მსხვილი შემომწირველია. მან 2012 წლის 1 აგვისტოს პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა.

ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ბურჯი", კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიებისთვის სატრანსპორტო საშუალებების მიქირავებისა და ოფისების გარემონტების გამო, სასამართლომ ზაფხულში უკანონო შემომწირველად სცნო და 10 მილიონზე მეტი ლარით დააჯარიმა. "ბურჯის" ქონება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე გასაყიდად 2012 წლის 26 ივლისს გაიტანა. იმავე დღეს, 26 ივლისს, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ახალი კომპანია - შპს "გამა". სწორედ აღნიშნულმა ფირმამ შეიძინა 8 761 513.55 ლარად შპს "ბურჯის" ქონება 2 აგვისტოს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ყავლაშვილის გვარი ტელეკომპანია "პირველ სტერეოსთან" დაკავშირებულ დავაშიც ფიგურირებდა. მაშინ, როცა არხის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი ტელეკომპანიის დირექტორობიდან გაათავისუფლეს და ახალი ხელმძღვანელი, ვასილ კობაიძე დაინიშნა, ყავლაშვილი "პირველ სტერეოში" სწორედ კობაიძის წარმომადგენლებთან მიავლინეს.

იხილეთ ვიდეო: შპს "გამას" მიერ "ბურჯის" შეძენაში მურთაზ ზოდელავა მონაწილეობდა - გიორგი ყავლაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა