კახი კალაძე - მიხეილ სააკაშვილს პრემიერობის გეგმები "ქართულმა ოცნებამ" ჩაუშალა

კახი კალაძე - მიხეილ სააკაშვილს პრემიერობის გეგმები "ქართულმა ოცნებამ" ჩაუშალა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრად გახდომა სურდა, მაგრამ გეგმა "ქართულმა ოცნებამ" ჩაუშალა.

როგორც კალაძე "ეხო მასკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი იმ მოდელის გამეორებას აპირებდა, რომელსაც რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმართა.

"ისინი ფიქრობდნენ, რომ სააკაშვილი კიდევ 10-15 წელი იქნებოდა სახელმწიფოს მეთაური.  ამისთვის ყველაფერი გააკეთეს, კონსტიტუცია შეცვალეს. ყველაფერი ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მას (სააკაშვილს) სურდა პრემიერ-მინისტრობა", - აცხადებს კალაძე და ჟურნალისტის შეკითხვაზე, "ცდილობდა თუ არა სააკაშვილი იმ გზის გამეორებას, რაც ვლადიმერ პუტინმა გაიარა", პასუხობს, რომ "ზუსტად იგივეს აკეთებდა".

ამასთან, კალაძის თქმით, სააკაშვილს გეგმა "ქართული ოცნებისა" და ზოგადად ქართველი ხალხის წყალობით ჩაეშალა, რომელმაც არჩევნებზე ხმა კოალიციას მისცა.

ამასთან, კალაძე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი მოსახლეობის იმაზე გაცილებით ნაკლებმა რაოდენობამ დაუჭირა, ვიდრე მას ცესკ-ოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით აქვს. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე კოალიციამ რეალურად 74-75 %-იანი მხარდაჭერა მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი მხოლოდ 20 %-იანი.

"სინამდვილეში "ნაციონალურმა მოძრაობამ" 20 % მიიღო, უფრო ნაკლებიც. უბრალოდ,  ჩვენ არჩევნებამდეც ვამბობდით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების მოპარვა სურდა", - აცხადებს კალაძე.

გარდა ამისა, ინტერვიუში კალაძე მის ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც პასუხობს და მიიჩნევს, რომ სპორტსმენის მინისტრობა კრიტიკას არ უნდა იმსახურებდეს.

"მე გარდა ფეხბურთელობისა, ვიყავი ბიზნესმენი და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან წარმატებულიც. ასე რომ, ვფიქრობ, ამ სამინისტროში ჩემი მუშაობა პრობლემა არ იქნება", - განმარტავს კალაძე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა