რა გზით მოხდება უკანონო განაჩენების გადახედვა?

რა გზით მოხდება უკანონო განაჩენების გადახედვა?

არჩევნების შემდეგ საზოგადოება ქვეყანაში სერიოზული ცვლილებების მოლოდინშია. კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატს, ცნობილ იურისტ შალვა შავგულიძეს ბევრ საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ. მისი ინტერვიუდან შეიტყობთ - ოპერატიულად, რა სამართლებრივი ცვლილებები განხორციელდება, როგორ მოხდება უკანონო განაჩენების გადასინჯვა და რა გაკეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ქვეყანაში სამართლის დამკვიდრება ირწმუნონ.   

- ბატონო შალვა, პირველ რიგში, რა ცვლილებები იგეგმება სასამართლო ხელისუფლების სისტემაში?

- სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე, ძალაში შევა ისეთი ცვლილებები, რომელიც სასწრაფოა. მოქმედი საპროცესო კოდექსით, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი დეკლარირებულია, მაგრამ სინამდვილეში არ ხორციელდება, ვინაიდან დაცვის მხარეს ფაქტობრივად, არანაირი უფლება არ აქვს დარჩენილი, ხოლო ბრალდების უფლებები ჰიპერტროფირებულად გაზრდილია.

- ხელისუფლება აცხადებდა, რომ რეფორმირებულ სასამართლოში ის მხარე იგებს პროცესს, რომელიც დამაჯერებელ მტკიცებულებებს წარადგენს, მაგრამ ადვოკატები სულ ჩიოდით, რომ სამართალს ვერ აღწევდით. კანონი იძლეოდა ლავირების საშუალებას თუ მოსამართლეები არ იყვნენ დამოუკიდებლები?

- მოქმედი კანონი თავისთავად, ეწინააღმდეგება სამართალწარმოების საერთაშორისო სტანდარტებს. თავდაპირველად რამდენიმე სერიოზული ცვლილება გატარდება და სწრაფად მოხდება იმ საკითხების მოგვარება, რომელიც არ ითმენს. შემდგომ სამართლის ჯგუფი იმუშავებს და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გადაწყდება - ახალი კოდექსი შეიქმნას თუ ცვლილებები განხორციელდეს. ვამბობ - ფუნდამენტურად შესაცვლელია მოქმედი კოდექსი. იგივე სიტუაციაა შრომის კანონმდებლობაში - თავიდან არის დასაწერი შრომის კოდექსი. ჩვენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა ვართ და კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

- საკანონმდებლო ცვლილებებს ხმათა უმრავლესობა სჭირდება; ამდენ თანამოაზრეს პარლამენტში იპოვით?

- რა თქმა უნდა, ნებისმიერ ცვლილებას სჭირდება ხმათა უმრავლესობა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა ჩვენ გვაქვს. როდესაც წარდგენილი იქნება დასაბუთებული პოზიცია, თუ რატომ არის კანონი შესაცვლელი, იმედი მაქვს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც გამოიჩენენ სახელმწიფოებრივ მიდგომას პრობლემისადმი. საქმე ეხება სახელმწიფოს ინტერესს, ქვეყანაში სამართალი ხომ უნდა იყოს.

- საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდით, რომ გადაიხედებოდა უკანონო განაჩენები. ბევრი ადამიანი ელოდება ამას, მაგრამ ისიც ცხადია, კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვა მხოლოდ ახლად აღმოჩენილი გარემოების შემთხვევაშია შესაძლებელი. როგორ აპირებთ ამ საქმეების გადასინჯვას?

- სამართლის ჯგუფი მსჯელობს, რა სახით მოხდება საქმეების გადასინჯვა. ალბათ შეიქმნება კვალიფიციური იურისტებისგან დაკომპლექტებული კომისიები დარგების მიხედვით (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის) და ისინი შეისწავლიან იმ მოქალაქეთა განცხადებებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ 2004 წლიდან დღემდე მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად უკანონო და უსამართლოა. თუ ეს კომისიები გასცემენ დასკვნას, რომ დარღვეული იყო სამართალწარმოების ძირითადი საერთაშორისო პრინციპები, ეს უნდა იქცეს ახლად გამოვლენილ გარემოებად, რომელიც კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძვლად შეიძლება იქცეს.

- კანონი რამდენად გაძლევთ ამ ფორმით გადახედვის უფლებას?

- ახალ კოდექსში შევიდა ცვლილება და წერია, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას განაჩენის გადასინჯვისათვის. ანალოგიური ტიპის კომპეტენცია უნდა მიენიჭოს ადგილობრივ კომისიას, რომლის დასკვნაც მიღებული გადაწყვეტილების საპროცესო გადასინჯვის საფუძველი უნდა გახდეს. ეს ყველაფერი დაიხვეწება, იდეის დონეზე კი ასე გვესახება. შეუძლებელია, ყველა მოქალაქემ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართოს: იქ ისედაც ძალიან ბევრი საქმეა შესული, საქმის განხილვას წლები სჭირდება... სამართალწარმოება, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში უნდა იყოს ეფექტიანი და სამართლიანი და სამართლიანი სასამართლო განხილვით აქ უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეები. არის კიდევ მეორე პროექტი, რომელსაც ვემხრობი: შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლომ შეითავსოს ეს როლი და განიხილოს არა მარტო ნორმატიული აქტების შესაბამისობა კონსტიტუციასთან, არამედ ის, კონკრეტული საქმეების წარმოებისას ხომ არ იქნა დარღვეული კონსტიტუცია და ევროპული კონვენცია. პირობითად, "მინიევროპული" სასამართლოს მსგავსი იქნება და ბევრი საქმის გაგზავნა ევროპულ სასამართლოში საჭირო აღარ გახდება. გერმანიაში ამ ტიპის სასამართლო ფუნქციონირებს და მისი შემოღების შემდეგ, ევროსასამართლოში გერმანიიდან შესული საქმეების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.

- კანონით, მოსამართლე ხელშეუხებელია, მაგრამ აცხადებდით, რომ ბევრი მათგანი დაკვეთებს ასრულებდა. თქვენი აზრით, როგორ უნდა გათავისუფლდნენ მოსამართლეები ზეწოლისგან?

- ყველაზე ადვილი მოსაგვარებელი ეს საკითხია: უბრალოდ, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ სასამართლო კორპუსს უნდა უთხრას, - ჩვენკენ ნუ იყურებით, არაფერს გიკარნახებთ, ჩაიხედეთ კანონში და მხოლოდ კანონის მიხედვით განსაჯეთ. ამას უბრალოდ, პოლიტიკური ნება სჭირდება.

- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მასობრივი დაჭერები დაიწყო და არაერთი ადამიანი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. იმავეს გაკეთებას აპირებთ თუ ჩადენილი დანაშაული გარკვეულ ნაწილს ეპატიება?

- ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს, - ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემა ყველა დამნაშავე, რანგის, წოდების, თანამდებობის მიუხედავად. ეს ჩვეულებრივი პროცესია: სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ - მათ უნდა ეპატიოს იმ მოტივით, რომ ხელისუფლებაში აღარ არიან და ისედაც გულნატკენები არიან თუ რა?.. საკითხი მარტივია: ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს. სპეციალური კამპანია კი საამისოდ არ ჩატარდება. ღმერთმა ქნას, საერთოდ არავინ იყოს დასასჯელი...

- ბევრი ელოდება ციხიდან გათავისუფლებას; ხომ არ იგეგმება საყოველთაო ამნისტიაც?

- იურისტთა გარკვეულ ნაწილს მიგვაჩნია, რომ არის მსუბუქი დანაშაულები, რომლებზეც მიზანშეწონილია ამნისტიის განხორციელება. გადაწყვეტილებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

- თქვენ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი იყავით. მაშინ, როცა არსებობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, ხომ არ არის მოსალოდნელი, თავიდან დაიწყოს ამ საქმის გამოძიება?

- მექანიზმი უკვე ამუშავებულია, უბრალოდ, ხელოვნურად აფერხებდნენ ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არის ნორმა, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას. თუ აღიარებულ იქნა კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა და ამ დარღვევას ეფუძნებოდა მნიშვნელოვანწილად განაჩენი, ეს განაჩენი უნდა გადაისინჯოს. ეს არის 2010 წლის კოდექსში შეტანილი; იქვე აღნიშნული იყო, რომ ახალი ნორმა 2012 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდებოდა, მაგრამ ყოფილმა მორჩილმა პარლამენტმა ეს ვადა 1-ელ ოქტომბრამდე გადასწია. სხვა თუ არაფერი, მარტო ამ ნორმის ძალაში შესვლა განაპირობებს გირგვლიანის საქმის გადასინჯვას. ევროპის სასამართლომ მიუთითა, როგორი სერიოზული დარღვევები იყო, დაირღვა კონვენციის მეორე მუხლი, - სიცოცხლის უფლება პროცედურულ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ საქმე არ იქნა ობიექტურად და სამართლიანად გამოძიებული. ამ დარღვეული უფლების აღდგენა შეიძლება იმავე საქმის ობიექტურად გამოძიებით.

- თუ შეიძლება ვივარაუდოდ, რომ იგივე ბრალდებულები უფრო მკაცრად დაისჯებიან და სხვებიც დაემატება?

- წინასწარ ამის თქმა არ არის სწორი, მაგრამ ვფიქრობ, აშკარად დასაბუთებულია ჩვენი ვარაუდი და ევროპულმა სასამართლომაც გაიზიარა. არ მოხდა უარყოფა ადგილობრივ სამართალწარმოებაში, რომ ამ დანაშაულში გარკვეული თანამონაწილეობა აქვთ იმ სუფრასთან ნამყოფ პირებსაც. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ - საქმის კვალიფიკაცია არასწორი იყო, სახეზეა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. დასაბუთებულია ვარაუდი, რომ ამ დანაშაულთან გარკვეული შეხება ჰქონდათ სხვებსაც: ზოგი დანაშაულის დაფარვისთვის ან შეუტყობინებლობისთვის დაისჯება.

- თქვენ აპროტესტებდით მოსამართლე გიორგი ჩემიას გამოტანილ განაჩენს, მაგრამ მას ბრალის დამძიმება კანონმდებლობით არ შეეძლო - ან უნდა გაემართლებინა ბრალდებულები წარდგენილი მუხლების მიხედვით, ან გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოეტანა. სად დაარღვია კანონი მოსამართლემ?

- სამწუხაროდ, ბრალის დამძიმება არ შეეძლო. ამ შემთხვევაში მოსამართლეს თავისი წილი დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენ საკითხს სხვანაირად ვაყენებდით. სასამართლო ვალდებული იყო, უზრუნველეყო სრული და ობიექტური გამოძიება, რასაც მას საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლები ავალდებულებდა. ეს არ გააკეთა, არ ამოგვაღებინა სატელეფონო საუბრების სრული ამონაბეჭდი, არ გაგვაცნო ვიდეომასალა სრული სახით; უფრო მეტიც, ევროპის სასამართლოსაც კი არ მიაწოდა ხელისუფლებამ ეს ვიდეომასალა და ამიტომ ევროსასამართლომ 38-ე მუხლის (არასათანადო თანამშრომლობა) დარღვევაც დააფიქსირა. მოსამართლის პასუხისმგებლობა ის გახლავთ, რომ ხელი შეუწყო პროკურატურას იმაში, რომ არაობიექტურად, ცალმხრივად და ტენდენციურად ჩატარებული გამოძიება დარჩენილიყო ძალაში. სასამართლო ვალდებული იყო, სრული და ობიექტური გამოძიება უზრუნველეყო, რაც მოგვცემდა საფუძველს, მიგვემართა პროკურატურისთვის - ახალი გარემოებით გამოეთხოვა საქმე, კვალიფიკაციის დასამძიმებლად და სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად. ამაშია სასამართლოს პასუხისმგებლობა; პროკურატურის პასუხისმგებლობა კი ის არის, რომ საქმეს არასწორი კვალიფიკაცია მისცა, გაწყვიტა ჯაჭვი სუფრის წევრებსა და მოქმედებას შორის, მაშინ, როდესაც კავშირი აშკარა იყო...

- წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებულთა შესახებ რა შეგიძლიათ გვითხრათ? პატიმრობაში რამდენი ადამიანი რჩება?

- ნაწილი გათავისუფლებულია, მაგრამ ნაწილი პატიმრობაშია. იმედია, ისინიც გათავისუფლდებიან დროულად. ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს. ამაზე ჩვენი იურისტები მუშაობენ. საბოლოოდ, ვინც უკანონოდ იქნა დაჭერილი, ყველა რეაბილიტირებული იქნება. ყველა უკანონო გადაწყვეტილება უნდა გადაისინჯოს. ასევე ასობით მილიონის სახელმწიფო ქონებაა მითვისებული. ერთი სიტყვით, ყველანაირი უკანონობა უნდა გადაისინჯოს და ქვეყანაში სამართალი უნდა აღდგეს. სხვაგვარად სახელმწიფოდ ვერ შევდგებით.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ