რა შეთანხმება დაიდო მინდია უგრეხელიძესა და ზვიად გამსახურდიას შორის

რა შეთანხმება დაიდო მინდია უგრეხელიძესა და ზვიად გამსახურდიას შორის

დაპირებისამებრ ვაგრძელებთ "გზის" N40-ში დაწყებულ ინტერვიუს ცნობილ იურისტ მინდია უგრეხელიძესთან.

- ბატონო მინდია, იურისტობა რატომ აირჩიეთ?

- დედაჩემი, ლიანა ეზიკაშვილი ქუთაისში პირველი ინჟინერი ქალი გახლდათ, მამა - გურამ უგრეხელიძე - ცნობილი იურისტი. სიმართლისათვის შეურიგებელი მებრძოლი იყო, ამიტომ პროფესიონალისა და ნამუსიანი კაცის სახელი ჰქონდა. ფრანგულადაც კარგად ლაპარაკობდა, ორიგინალიდან თარგმნა შექსპირის, ბაირონის, ედგარ პოს, პუშკინის, ლერმონტოვის პოეზიის ნიმუშები; შესანიშნავად უკრავდა. ერთი სიტყვით, თუ რამე კარგია ჩემში, გენეტიკიდან და ოჯახიდან მომდევს... ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი და თამადა კოლაუ ნადირაძე გახლდათ. თუ ის არ იყო, მაშინ მიქელ პატარიძე თამადობდა. კარგად მახსოვს ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართული სუფრა და ისიც, იქ შალვა დადიანი სამ ენაზე როგორ თამადობდა. სუფრა ჰუგო ჰუბერტის, რუსთველის გერმანულად მთარგმნელის საქართველოში ჩამოსვლის პატივსაცემად გაიშალა... იურისტობა ალბათ მამის გავლენით ავირჩიე, თუმცა მამა არჩევანის გაკეთებისას მეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, საბჭოთა პერიოდში სამართალი არავის სჭირდებაო. უნდოდა, ინჟინერი გავმხდარიყავი, მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე... ლექციებს ცნობილი აკადემიკოსი, მსოფლიოში აღიარებული თინათინ წერეთელი მიკითხავდა, რომელმაც მეცნიერებას მაზიარა; სწორედ მისი გავლენით ავიღე კალამი ხელში, მას მერე აღარ დამიდვია. ქალბატონმა თინამ ხელი მომკიდა და როგორც პატარა კვიცს ცხენი გაიყოლებს ხოლმე, ისე მატარა მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში, საინტერესო ხალხი გამაცნო და მათთან დამამეგობრა. მოკლედ, დედა ვერ მოექცევა შვილს ისე, როგორც ის მომექცა (სამწუხაროდ, შვილი არ ჰყავდა)...

- როგორ გახსენდებათ თქვენი მოსამართლეობის პერიოდი ანუ პირველი ნაბიჯები?

- ჩემი მოსამართლეობა დიდ მოულოდნელობასთან იყო დაკავშირებული. ამ თანამდებობაზე საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნებისა და პირველი პარლამენტის ჩამოყალიბების შემდეგ დავინიშნე. მანამდე გაზეთ "კომუნისტის" მთავარი რედაქტორი გახლდით და მე ვარ ის კაცი, რომელმაც ვიბრძოლე, რომ გაზეთ "კომუნისტს" არსებობა შეეწყვიტა. მანამდე კი გაზეთის ლოზუნგი - "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით" - შევცვალე ლოზუნგით - "ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი" და გაზეთს "ახალი საქართველო" დავარქვით... ერთ დილას, სამსახურში გივი გუმბარიძე (მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი) და კიდევ რამდენიმე პარტიული მუშაკი გვეწვივნენ და გაზეთი "კომუნისტი" მოიკითხეს. უთხრეს, რომ ის აღარ არსებობდა...

- გაზეთს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე შეუცვალეთ სახელი?

- 7-ჯერ გავგზავნეთ წერილი ცენტრალურ კომიტეტში, მაგრამ პასუხს არავინ გვიბრუნებდა. მერე რედკოლეგია შევიკრიბეთ და გაზეთს სახელი შევუცვალეთ. ამის გამო განრისხებულ ხალხს მიგზავნიდნენ, რომლებსაც საბჭოთა საქართველოს იდეოლოგია ებარათ და ჩემი შეშინება უნდოდათ, მაგრამ მე და ჩემი კოლექტივი მყარად დავდექით. გუმბარიძე განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ პირველ გვერდზე ზვიად გამსახურდიას სურათი დაიბეჭდა. ის უკვე ეროვნული მოძრაობის აღიარებული ლიდერი იყო და ეს ფაქტი გაზეთში უნდა ასახულიყო. არადა, იმ პერიოდში მას არც კი ვიცნობდი. საინტერესო რამ მოგვიანებით მოხდა, როდესაც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლებაში მოვიდნენ. ზვიად გამსახურდიამ ჯერ იუსტიციის მინისტრობა შემომთავაზა, შემდეგ - პროკურორობა... უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას ერთი პირობით დავთანხმდი: თუ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმდებოდა.

- მაგრამ თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში დახვრეტა მაინც მოქმედებდა და არაერთ ადამიანს გამოუტანეს ეს მძიმე განაჩენი...

- უკრაინაში ვიყავი და იქიდან დაბრუნებულმა გავიგე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაუსწრებლად ამირჩიეს. ზვიადმა შეხვედრისას მითხრა, - ვიდრე აგირჩევდით, 15 წუთით ადრე, დახვრეტა ეკონომიკური დანაშაულისთვის გავაუქმეთ, დარჩა დახვრეტის გაუქმება მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის, რაც ერთად უნდა გავაუქმოთ; დანიშნული ხარ და მუშაობას შეუდექიო. სამწუხაროდ, გამსახურდიას პრეზიდენტობისას ამ სასჯელის გაუქმება ვერ მოესწრო, რადგანაც მაშინ მოჭიდავე ნამგალაურმა ნათესავი, 7 წლის გოგონა გააუპატიურა. ამიტომ პრეზიდენტმა სიკვდილით დასჯის გაუქმება ვერ გაბედა, რადგანაც ხალხი საოცრად აღშფოთებული იყო. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ფაქტია, სიკვდილით დასჯის გაუქმებას ზვიადმა ჩაუყარა საფუძველი.

- პრეზიდენტ გამსახურდიასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- მხოლოდ ისეთი, როგორი ურთიერთობაც უნდა ჰქონდეს აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელს პრეზიდენტთან. ის ფრთხილი, მოკრძალებული, პასუხისმგებლობის მქონე, იშვიათი ბუნების ადამიანი იყო.

- საბჭოთა პერიოდის მუშაობის სტილიდან დამოუკიდებელ საქართველოში, ახალი მუშაობის სტილზე გადმორთვა რთული არ იყო?

- მაშინ ქვეყანაში იმდენად ძლიერი იყო პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანა მარქსისტული სამართლებრივი იდეოლოგიის ფარგლებში აღარ დარჩენილიყო, რომ ყველაფერი უპრობლემოდ მოხდა. ეროვნული ძალების მხრიდან საოცრად დიდი მონდომება იგრძნობოდა. ისინიც კი, ვისაც მართლმსაჯულების არაფერი გაეგებოდათ, ცდილობდნენ, შეესწავლათ.

- თქვენი თავმჯდომარეობის დროს, ნუგზარ მოლოდინაშვილი, ზვიად ძიძიგური და სხვები გაასამართლეს, ლოთი ქობალიას კი დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს...

- ასეა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ფორმალური საფუძვლები იმისთვის, რომ ეს საქმეები აღძრულიყო, ნამდვილად არსებობდა: აფეთქებები, შეთქმულებები იყო... მაგრამ მე და ბატონ ზვიადს შორის მოხდა შეთანხმება და ხელისუფლებამ გამოაცხადა მორატორიუმი სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე, ამდენად, ვიცოდი, რომ დახვრეტა არავის შეეხებოდა...

- ბატონო მინდია, შევარდნაძის პერიოდშიც გააგრძელეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა...

- როდესაც შევარდნაძე 1992 წელს საქართველოში ჩამოიყვანეს, ვუთხარი, რომ თანამდებობას დავტოვებდი. მითხრა, - თუ წახვალ, ეს აშკარად გამოხატული პროტესტი იქნება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ჯერ არ იცი, რას აპირებსო. - მაშინ, მხოლოდ იმ პირობით დავრჩები, თუ პოლიტიკურ შეკვეთებს არ მივიღებ-მეთქი. - მეც ეს მინდაო. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ჩემთან არათუ არ დაურეკავს, არაფერიც უთქვამს. სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური ხელისუფლება არ გახლავთ, ეს პროფესიონალური ხელისუფლებაა. როდესაც აღმასრულებელი და კანონმდებელი წაიჩხუბებენ, უნდა არსებობდეს მესამე, რომელიც მათ ან შეარიგებს, ან ერთმანეთისგან "გათიშავს". სასამართლო ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ არა პოლიტიკური ან მიკერძოებითი "გემოვნებით" გაარჩიოს, არამედ პროფესიული ცოდნით განსაჯოს. ჩვენი საუბრები კონსტიტუციის შემუშავებას უკავშირდებოდა. მართლმსაჯულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სასამართლო რეფორმის თანათავმჯდომარე ვიყავი. მადლიერი ვარ ყველა ხელისუფალის, რომ არც ერთ მათგანს ჩემთვის უკადრებელი არ უკადრებია. გაზეთის რედაქტორობის დროს მოვიგონე გამოთქმა - "9 მთავრობის ვეტერანი" და ბოლოს ისე მოხდა, რომ თვითონ გავხდი 9 მთავრობის ვეტერანი...

- ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ასამართლებდით, ეს შინაგანად დისკომფორტს არ გიქმნიდათ?

- რა თქმა უნდა, დისკომფორტს მიქმნიდა, მაგრამ ვიცოდი, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, თუმცა ხალხს ეს შეიძლება ვერ გაეგო. სულ ველოდი, რომ ჩემზე ვიღაც რაღაც საშინელებებს იტყოდა... მეტსაც გეტყვით, ნუგზარ მოლოდინაშვილი დღესაც მემეგობრება. ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ პირადად არასოდეს შემხებია. სასამართლოში "დირექტორი" არ არსებობს, თავმჯდომარე და რიგითი მოსამართლე აბსოლუტურად თანაბარი არიან. საქმეებს მოსამართლეები იხილავდნენ; თუკი საქმე გამრუდდებოდა, იმას მივხედავდი ისე, როგორც ეს კანონით იყო საჭირო.

- და მაინც, რატომ არ გადადექით თანამდებობიდან?

- პროფესიული ხელისუფლების საქმე არ არის გადადგომა -"გადმოდგომები", თორემ სიამოვნებით გადავდგებოდი, მოვინდომე კიდეც. როგორ გგონიათ - რაიმე შეცოდება რომ მქონოდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამირჩევდა სტრასბურგის სასამართლოში? მე ხომ დანიშნული არ ვყოფილვარ, ამირჩიეს, ისინი კი ყველაფერს უკირკიტებენ... კმაყოფილი ვარ იმით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლე ვიყავი, სადაც მართლაც, კანონი კანონობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევქმნათ ისეთი სამართლებრივი გარემო, რომ ადამიანებს სამართლის განცდა ჰქონდეთ, მოსამართლეები კანონიერ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ხელისუფლების დაკვეთებს არ ასრულებდნენ!

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"