არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი: "პოლიციელი შინ მომადგა და გამაფრთხილა, თქვენი პიროვნებით კუდია დაინტერესებულიო"

არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი: "პოლიციელი შინ მომადგა და გამაფრთხილა, თქვენი პიროვნებით კუდია დაინტერესებულიო"

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სასულიერო პირებმა უპრეცდენტო აქტიურობა გამოიჩინეს. ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი ხელისუფლების ძალადობრივი ქმედების გამო უკმაყოფილებას არ მალავდა და კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს.

- მამა ბართლომე, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული წინასაარჩევნო პროცესში, მონაწილეობდით "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ აქციებში და ხელისუფლების წინააღმდეგ მწვავე განცხადებებსაც არ ერიდებოდით. რას გვეტყვით არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე?

- პირველ რიგში, ყველა ქართველს, ყველა ეროვნებისა და კონფესიის ადამიანს ვულოცავ იმ დიდ გამარჯვებას, რომელიც სრულიად საქართველოს 1-ელ ოქტომბერს ხვდა წილად! ღვთის წყალობით, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ქვეყანა გააერთიანა ერთი იდეის გარშემო, რომ საზოგადოება გათავისუფლებულიყო ავტორიტარული მმართ­ველობისგან. ბიძინა ივანიშვილმა ამ იდეას 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს შეასხა ხორცი.

ახლა ამბობენ, პრეზიდენტმა დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა და არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდაო, სინამდვილეში ქართველმა ხალხმა ჩაატარა არჩევნები დემოკრატიულად და არა მიხეილ სააკაშვილმა. ჩემთვის მიუღებელი იყო გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძის განცხადება, შეგვიძლია სამთავრობო კრიზისი გამოვიწვიოთ, მაგრამ ამას არ გავაკეთებთო. რა, ამის გამო მათი მადლობელი უნდა ვიყოთ? ან რას ჰქვია სამთავრობო კრიზისი გამოიწვიონ? ამ ადამიანებმა ვერ გააცნობიერეს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან! ჩადენილი აქვთ დანაშაული კაცობრიობის წინაშე. სწორედ მათი რეფორმების შედეგი იყო, სასჯელაღსრულების სისტემაში რაც ხდებოდა - პატიმრების წამება და გაუპატიურება... მივესალმები პოლიციის რეფორმას, მაგრამ პოლიცია გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიტიზებული გახდა. უამრავი მკვლელობა ჩაიდინეს ხელისუფალთა მითითებებით და მათივე ხელშეწყობით. გიორგი ბარამიძე და, საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვინმეს გაკონტროლებაზე რომ ლაპარაკობენ, აქვთ კი ამის მორალური უფლება? ჯერ ქართველ ხალხს აქვს შეკითხვები ამ გუნდთან...

- კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- ვგულისხმობ მთელ გუნდს: აკო მინაშვილს, გიგა ბოკერიას, ნუგზარ წიკლაურს, ყველაზე დიდ დემაგოგს, ასეთივეა დავით დარჩიაშვილიც, ვისაც თავი ძალიან განათლებული ჰგონია... წარმოგიდგენიათ, ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი ამბობენ, ჩვენ ხელისუფლება უნდა გავაკონტროლოთო! მათ სურთ, დავივიწყოთ მთავარი, რომ რამდენიმე არჩევნებში ხალხს ხმები მოჰპარეს. ამ ადამიანებს ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. მაგალითად, მარნეულსა და ბოლნისში ხალხი მეცხოველეობით ირჩენს თავს. ამ ხელისუფლებამ კი ხალხს საძოვრები წაართვა და მიწის გარეშე დატოვა, ლუკმა გამოაცალა პირიდან. მილიონამდე ჰექტარ მიწას დაეპატრონენ ნაციონალი დეპუტატები და ამისთვის პასუხი უნდა აგონ. მათ ქართველმა საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, სასამართლოს წესით უნდა მოსთხოვოს პასუხი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის გარანტი იმისა, რომ საქართველოში იქნება სამართლიანი სასამართლო, მედია კი - თავისუფალი და დამოუკიდებელი. ძალიან მიყვარს ყველა ქართველი ჯარისკაცი, მაგრამ მრცხვენია იმ ჯარისკაცების საქციელის გამო, რომლებიც აიძულეს, ხმა მიეცათ "ნაციონალური მოძრაობისთვის". ჯარისკაცის ვალია, სამშობლო შინაური და გარეული მტრისგან დაიცვას, "ნაციონალური მოძრაობა" კი ჩვენი ქვეყნის შენიღბული შინაური მტერია! ასე რომ, ყველამ, დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან, დამთავრებული დაბალი რანგის მოხელემდე, თუ ვინმეს ბიზნესი, უძრავი ქონება თუ კიდევ სხვა რამ წაურთმევია ხალხისთვის, უკან უნდა დააბრუნოს და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს! წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში სამართლიანობა ვერ აღდგება.

- მამა ბართლომე, წინასაარჩევნო პერიოდში თქვენ მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძეს და იმხანად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძეს დაუპირისპირდით, დასავლეთ ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამმი კი მრევლს ნაციონალების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, არსებობს ინფორმაცია, რომ ამის სანაცვლოდ აბრაამ გარმელიამ ნაციონალებისგან ვაკეში ბინა მიიღო. აგებენ თუ არა პასუხს მსგავსი ქმედებისთვის სასულიერო პირები?

- ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგანაც არ მაქვს უფლებამოსილება და არ ვარ სინოდის წევრი. რაც შეეხება ეკა ზღულაძეს და ნათია მოგელაძეს, ნამდვილად მქონდა საფუძველი, ისინი თავიანთი უკანონო ქმედებების გამო გამეკრიტიკებინა.

- საკმაოდ თამამად აკრიტიკებდით ნაციონალებს, თქვენ მიმართ ზემოქმედების მცდელობა ხომ არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან?

- მას შემდეგ, რაც დავესწარი "ქართული ოცნების" პირველ შეკრებას ფილარმონიაში, მეორე დილით, შინ მომადგა პოლიციელი. ის შიშობდა, ჩვენი საუბარი არავის მოესმინა და მირჩია, აბაზანაში შევიდეთ, ონკანი მოუშვი და დაგელაპარაკებიო. ამ ადამიანმა მითხრა: კუდი სერიოზულად არის დაინტერესებული თქვენითო. თან ჰქონდა ჩემი სამი ფოტო, მღვდელმონოზონობის, იღუმენობის და არქიმანდრიტობისას გადაღებული. ფოტოებზე ეწერა - "არაიდენტიფიცირებული პირი". პოლიციელმა მითხრა, ეს ინფორმაცია რომ გამჟღავნდეს, დამიჭერენ, თუმცა, თქვენ წინააღმდეგ მუშაობას, მირჩევნია, დამაპატიმრონო. დღეს ამ ამბავს იმიტომ აღარ ვმალავ, იმედია, მის დაპატიმრებას ვეღარ შეძლებენ. ამ პიროვნების არც გვარი ვიცი და არც სახელი, ვიცი მხოლოდ, სად მუშაობს და რომელ განყოფილებაში. გულწრფელი და წესიერი ადამიანია. გამაფრთხილა, შეიძლება თქვენს მანქანაშიც და ბინაშიც იყოს მოსასმენი დამონტაჟებულიო... საკუთარ თავზე გამოვცადე ყოფილი ხელისუფლების მზაკვრობა და მიკვირდა, როცა ზოგი სასულიერო პირი ამ ქვეყანაში დემოკრატიაზე ლაპარაკობდა.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"