ვახტანგ მაისაია: "ყველაფერი რომ ვთქვა, სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება"

ვახტანგ მაისაია: "ყველაფერი რომ ვთქვა, სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება"

2009 წლის გაზაფხულზე, ე.წ.­ მუხროვანის ამბოხის შე­მდეგ, რუსეთის სპეცს­ამ­ს­ახურთან თანამშრომლობის ბრალდებით სამხედრო საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია დააპატიმრეს. სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის ბრალდებით, 314-ე მუხლის I და II ნაწილით აღიძრა. ვახტანგ მაისაიას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 2010 წლის 29 იანვარს გამოუტანა განაჩენი და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებული სასჯელს თავდაპირველად სასჯელაღსრულების გლ­დანის მე-8 დაწესებულებაში იხდიდა, ამჟამად კი ის რუსთავის მე-17 დაწესებულებაშია. გთავაზობთ ინტერვიუს პატიმარ ვახტანგ მაისაიასთან.

- ბატონო ვახტანგ, რა შეიცვალა პატიმრების ცხოვრებაში 18 სექტემბრის შემდეგ?

- შედარებით ნორმალური პირობებია, ვიდრე აქამდე იყო. პოლიტპატიმრები და უკანონო პატიმრები ველოდებით გათავისუფლებას. რეჟიმის შეცვლამ აქაც ბევრი რამ შეცვალა და ბევრს გაუჩინა იმის იმედი, რომ ყველაფერი სამართლიანად გადაწყდება.

- ზოგიერთი დაწესებულების პატიმრები ჩივიან, რომ მათზე ზემოქმედება კვლავ გრძელდება. თქვენთანაც ასეა?

- არა, ჩვენს დაწესებულებაში ნაკლებად შეინიშნება ასეთი რამ, თუმცა იყო ამის მცდელობა. მე-17 დაწესებულება მაინც ღიაა და ადრეც ნაკლებად იყო წნეხი. ამას ხელს უწყობდა პოლიტპატიმრების ფაქტორიც. მოგეხსენებათ, აქ ჩემ გარდა იმყოფება ლევან გოგიჩაიშვილი, მელორ ვაჩნაძე, თემურ ჟორჟოლიანი, რამაზ სამნიძე, შალვა გოგინაშვილი და სხვები, რომლებმაც შევქმენით წინააღმდეგობის მოძრაობა ”პოლიტპატიმრები დემოკ­რატიული ფასეულობების გადარჩენისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის”. ჩვენ ვმართავდით აქციებს და ხელს ვუშლიდით ადმინისტრაციას, გაეტარებინა სადამსჯელო რეპრესიული ზომები. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი იმასთან ერთად, რომ ნახევრად ღია საპატიმროში ერიდებოდნენ ამას. სადამსჯელო ოპერაციები უფრო დახურული ტიპის დაწესებულებებისთვისაა დამახასიათებელი. სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება საშინელებაა, გესტაპოს ციხეს ჰგავს.

- თქვენც იხდიდით სასჯელს მე-8 დაწესებულებაში და მისი ადმინისტრაციისგან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლიც გახდით.

- დიახ, იმ საპყრობილეში ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, სასტიკად მცემეს და რომ არა ჩემი მეგობრებისა და ახლობლების რეაქცია, იმავე ლევან გოგიჩაიშვილისა და ციხის თანამშრომელ ლადო ბედუკაძის გმირობა, დღეს შეიძლება ცოცხალი არც ვყოფილიყავი. სასტიკად ნაცემს ლადო ბედუკაძემ აღმომიჩინა დახმარება და სიკვდილს გადავრჩი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2010 წლის 17 აგვისტოს, მე-8 საპყრობილეში შიმშილობა გამოაცხადა პატიმარმა მელორ ვაჩნაძემ. მეორე დღეს მას მეც შევუერთდი. ჩვენ მოვითხოვდით პოლიტპატიმრებისა და რელიგიური ნიშნით დაპატიმრებულების გათავისუფლებას, ჟურნალ-გაზეთების შეტანას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და იქ არასამთავრობო მონიტორინგის ჯგუფის დაშვებას. საკანში შემოვიდნენ ციხის ადმინისტრაციის წევრები და შიმშილობის შეწყვეტა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანასაკნელების დასჯითა და კარცერში ჩასმით დამემუქრნენ. მუქარის მიუხედავად, შიმშილობა არ შემიწყვეტია, მაგრამ თანასაკნელები რომ არ დაესაჯათ, ულუფას ვიღებდი და შემდეგ ურნაში ვყრიდი. თანასაკნელებზე ზეწოლა რომ შეწყვეტილიყო, დავწერე განცხადება - ცალკე საკანში გადაყვანას ვითხოვდი. როდესაც სხვა საკანში გადავყავდი, დერეფანში, ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა და ადმინისტრაციის ორმა თანამშრომელმა ერთი კვირის ნაშიმშილარი ჯერ სიტყვიერად შეურაცხმყვეს, შემდეგ კედელზე მიმახეთქეს და წაქცეულს წიხლები მირტყეს მუცელში.

ცემის შედეგად ჩამემტვრა ცხვირის ძგიდე, მივიღე ტვინის შერყევა. შემდეგ დამიკავშირდა ციხის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ალექსანდრე მუხაძე და განცხადების გატანა მომთხოვა. თითქოს აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ჩემი ცემის ფაქტზე, მაგრამ მოწმედ დამკითხეს და არა როგორც დაზარალებული. მოწმის სტატუსით დაკითხეს ვიქტორ ყაჭეიშვილიც, ჩამიტარდა ექსპერტიზაც და ექსპერტმა პირღებინება შიმშილობით და ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებით ახსნა, თქვა, ამას დაზიანებებთან და თავის ტრავმასთან კავშირი არა აქვსო. ციხეებში ბევრ პატიმარს უშიმშილია, მაგრამ ასე არავის გასწორებიან. ერთ წელიწადში ოთხჯერ ვიჯექი კარცერში 10-10 დღით აბსურდული მიზეზებით.

როგორც შევიტყვე, ვიქტორ ყაჭეიშვილმა მიიღო ჩემი ლიკვიდაციის ბრძანება, მაგრამ არ გამოუვიდათ, თუმცა ყველას მკვდარი ვეგონე, ”მაისაია უკვე ტრუპიაო”, უთქვამს ყაჭეიშვილს. ისინი იმან გააღიზიანა, ასეთ დაწესებულებაში პოლიტპატიმრებმა რომ გამოთქვეს პროტესტი, რაც მანამდე არ მომხდარა. ამასთანავე, ჩემი საქმე საიდუმლოებით არის მოცული, მე ბევრი რამ ვიცოდი და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მიიღეს ჩემი ლიკვიდაციის ბრძანება, ესეც იყო. ჩემი საქმე ძალიან სპეციფიკურია და ყველაფერი რომ ვთქვა, სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ბუნებრივია, იმის დროც მოვა, როცა ყველაფერს ვიტყვი.

- ბატონო ვახტანგ, როგორი განწყობაა პატიმრებში, რომლებიც, სავარაუდოდ, მალე დატოვებენ საპატიმროს?

- ბუნებრივია, იმედიანი, ვინაიდან ხელისუფლებაშია ის ძალა, რომელიც გადახედავს პოლიტპატიმრების და უკანონო პატიმრების საქმეებს და ქვეყანაში სამართლიანობას დაამყარებს. ყველანი იმედით ვცოცხლობთ. აქ ხომ თითქმის ყველა მეორე უკანონო პატიმარია, რომელიც სასჯელს შეთითხნილი ბრალდებით იხდის. ყველა სამართლის აღსრულების მოლოდინშია, პატიმრებში ამაღლებული განწყობაა!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა