"დამნაშავეებთან ერთად, პასუხი უნდა აგონ ჯიბის მოსამართლეებმა და პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ"

"დამნაშავეებთან ერთად, პასუხი უნდა აგონ ჯიბის მოსამართლეებმა და პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ"

2009 წლის 26 აპრილს, დილის 5 საათზე, სანდრო ეულის ქუჩაზე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა.

შენობაში, სადაც სატელევიზიო შოუ "ვარსკვლავების აკადემია" მზადდებოდა, პარალელურად სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც მიმდინარეობდა, სამუშაოების არასწორად წარმოებამ კი გამოიწვია შენობის იმ ნაწილის ჩამონგრევა, რომელშიც იმყოფებოდნენ შოუს მონაწილენი და ტელევიზიის თანამშრომლები - მემონტაჟეები და ჟურნალისტები. 17-საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებში გიორგი გაბუნიასა და ნიკა გელაშვილის ცხედრები იპოვეს. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია "არტიქსი" ასრულებდა და, არაოფიციალური ვერსიით, შენობის ნგრევა საყრდენი კედლების გამოცლამ თუ დასუსტებამ გამოიწვია.

ნუცა თოფჩიშვილი, ნიკა გელაშვილის დედა:

- როგორც იცით, სტრასბურში გვაქვს გაგზავნილი სისხლის სამართლის საქმე. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამ დიდი იმედი გამიჩინა. ითქვა, რომ გამოუძიებელ და უსინდისოდ გამოძიებულ საქმეებს ხელახლა განიხილავენ. ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა "ქართული ოცნების" თითქმის ყველა ლიდერს გადავეცი. ზაქარია ქუცნაშვილმა მითხრა, არ ინერვიულოთ, ჩვენ სპეციალური პროგრამა გვაქვს, რომლის მიხედვითაც, ასეთი საქმეები ხელახლა იქნება გამოძიებულიო. მჯერა, ივანიშვილი გაათავისუფლებს სასამართლოს მარწუხებისგან და ობიექტური სასამართლო დაადგენს, ვის მიუძღვის ბრალი ჩემი შვილის დაღუპვაში. ამას დრო დასჭირდება, შეიძლება ეს 1-2 თვეში არ მოხდეს, მაგრამ თითქმის მეოთხე წელია ველოდები და კიდევ მოვითმენ. ძიება არასწორად წარიმართა, არ შედგა სასამართლო პროცესი. როდესაც დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდა, გამოიკვეთა დამნაშავეები, რომლებიც პროცესზე უნდა დაკითხულიყვნენ, მაგრამ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, სასამართლოს ძალით გაგვერკვია სიმართლე. რა, ბოკერიას ცოლის და - კომპანია "არტიქსის" დირექტორი, "რუსთავი-2"-ის იმჟამინდელი გენერალური დირექტორი და მერიის არქიტექტურის სამსახურის პასუხისმგებელი პირები არ უნდა დაკითხულიყვნენ? მხოლოდ სამუშაოთა მწარმოებელ დავით გვასალიას შეაწმინდეს ხელი და ისიც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დარბაზიდან გაათავისუფლეს. შემდეგ ეს საქმე ისე მიჩუმათდა, აღარავის უნდოდა ლაპარაკი. ვერ გავიგე, ბოკერიას უკეთებდნენ რევერანსს? დიდი იმედი მაქვს, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე ოპოზიციონერები იყვნენ და ახლა ხელისუფლებაში არიან, ბოკერიას კუდის ქიცინს აღარ დაუწყებენ. მართალია, გიგა ბოკერია პირადად არ არის დამნაშავე, მაგრამ დამნაშავეს ხომ მფარველობდა? დანაშაულის დაფარვა კი კანონით ისჯება, ასე რომ, ბოკერიაც დამნაშავეა. მეოთხე წელია, პროკურორ მურთაზ ზოდელავას ვთხოვთ საქმის ხელახალ გამოძიებას, მაგრამ პასუხი არ გვაღირსა, უარიც კი არ გვითხრა, ამიტომაც გავხდით იძულებული, სტრასბურისთვის მიგვემართა.

თეა კახიანი, ნიკა გელაშვილის მეუღლე:

- ვფიქრობ, რომ დამთავრდა ტყუილების ქვეყანაში ცხოვრება და ფასადური დემოკრატია, ფასადური სასამართლოები. სასამართლო პროცესი სამუშაოთა მწარმოებელ გვასალიასთან საპროცესო გარიგებით დასრულდა და იგი ისე გაათავისუფლეს, ლარიც კი არ გადაუხდია, არადა, საპროცესო გარიგებებით ბიუჯეტი ივსებოდა. ჩვენი სასამართლო, ფაქტობრივად, არ შემდგარა, არც ნორმალური საგამოძიებო პროცედურები ჩატარებულა. რამდენჯერ მოვითხოვეთ ამ საქმის ხელახლა გამოძიება, გვინდოდა, სწორი მიმართულებით წარმართულიყო. ელემენტარულ დანაშაულზე ადამიანები წლობით სხედან ციხეში და ამათ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს და პასუხი არავის უგია. ყველამ ვიცით, რა ბუტაფორიაა სასამართლო. ჩვენ სისხლის სამართლის საქმის გარდა, ადმინისტრაციულ საქმეზეც შევიტანეთ სარჩელი საქალაქო სასამართლოში. ერთი წლის წინ, 7 ოქტომბერს, გაიმართა მხოლოდ მოსამზადებელი სხდომა და მას შემდეგ არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა. იქნებ მოსამართლე თეა თადაშვილს გაუნათდეს გონება და ახლა მაინც დანიშნოს სასამართლო სხდომა. ჩვენ და ჩვენს ადვოკატებს გვყავს ეჭვმიტანილები, მაგრამ ამას ხომ სასამართლო სჭირდება? ხომ უნდა დამტკიცდეს, მართლა თუ არიან პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე, იმაზე, რომ დღეს ჩემს შვილს მამა აღარ ჰყავს?! ჩვენი ადვოკატების მიერ წარმოებული გამოძიების მიხედვით, პასუხისმგებლობა ეკ­ისრებათ: ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ამჟამად მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეა, გიგა ბოკერიას ცოლის, თამარა ჩერგოლეიშვილის დას - რუსუდანს, რომელიც "არტიქსის" დირექტორი გახლდათ. შეიძლება პასუხისმგებელი აღმოჩნდეს სოფო ჩიქოვანიც, რომელიც ასევე ამ კომპანიის დამფუძნებელია. მათ გარდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს მაკონტროლებელ ორგანოს, მერიის ზედამხედველობის სამსახურს ვგულისხმობ, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა სამუშაოები. როგორ, ამხელა ტელეკომპანიაში, "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაში" სამშენებლო კომპანია დარღვევებით ასრულებდა სამუშაოებს? ან მოსამართლეებმა არ უნდა აგონ პასუხი? მათი უსამართლობა თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. დღეს ხალხის მოთხოვნაა სიმართლე და სამართლიანი სასამართლო. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს იმ ძალამ, რომელიც ხალხმა აირჩია და მომავალი ანდო.

ნუცა თოფჩიშვილი:

- გადაწყვეტილი მაქვს, ვუჩივლო მოსამართლეებს - დალი მეტრეველს და თეა თადაშვილს. აუცილებლად უნდა შედგეს სააკაშვილის "ჯიბის მოსამართლეების" დასჯის პრეცედენტი. დალი მეტრეველმა იმისათვის უნდა აგოს პასუხი, რომ ორი ადამიანის მკვლელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თეა თადაშვილმა კი იმისათვის, რომ მასხრად აიგდო ყოველგვარი კანონის ნორმები და სასამართლო აქამდე გააჭიანურა. უნდა ვუჩივლო პროკურორ მურთაზ ზოდელავასაც, რომელმაც არაფრად ჩააგდო ჩვენი განცხადება ძიების თავიდან დაწყებაზე.

თეა მესხი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ