ლექს-სენი პოლიტიკაში მიდის?

ლექს-სენი პოლიტიკაში მიდის?

ლექსო ქავთარაძეს ვარდების რევოლუციის ხელისუფლების გვერდით დგომა და "პატრიოტების" სიმღერა დიდხანს ვაყვედრეთ. მერე დაიწყო პრობლემები ქართულ შოუბიზნესში. მალევე რეპერმაც ამოიღო ხმა, ალაპარაკდა შოუბიზნესური კლანების შესახებ. ისინი მბლოკავენ, ვინც მე მოვათრიე სცენაზეო, ამბობდა. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ლექს-სენმა საპროტესტო სიმღერების შექმნა დაიწყო. "ეს ჩემი თამაშია, მე გთავაზობთ წესებს, მე ვარ ლოკომოტივი და შენ მოჰყვები რელსებს", "ბატებო, ბატებო, ჩქარა, ჩქარა სახლში. მგელი გამოვიდა ტყიდან, გაგიკეთებთ ტ...ში. ძალზედ დამაბნია თავხედობამ თქვენმა და ჩაგირთავთ სიგნალს, შეგაშინათ მგელმა?!".

- ლექსო, დიდი ხანი უარს ამბობდი ინტერვიუზე, რატომ?

- ფსიქოლოგიური დასვენება მჭირდებოდა. ჟურნალისტებთან კი არა, არავისთან არ ვურთიერთობდი. საქმიანი შეხვედრებიც კი არ მქონია. ნერვული სისტემა არ მქონდა მთლად კარგად.

- ნერვიული აშლილობის მიზეზი რა იყო?

- ჩვენს ქვეყანაში ამ შეკითხვას, მგონი, ფასი დაეკარგა.

- მახსოვს ჩვენი ბოლო ინტერვიუ, სადაც შენს უმუშევრობაზე და აქედან გამოწვეულ უმძიმეს მდგომარეობაზე ლაპარაკობდი, მაგრამ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში დაიწყე მუშაობა...

- მეც ეგრე გავიგე (იცინის). ოღონდ არ დამიწყია მუშაობა. რამდენჯერმე დამინახეს იმ შენობაში და იარლიყი მომაკრეს. იქ ბევრი მეგობარი მყავს, ოღონდ არა მაღალ ეშელონებში, დაბალ თანამდებობებზე მუშაობენ. რამდენიმეჯერ მივედი, ვინახულე და...

- თავდაცვის სამინისტროში აკითხავდი მეგობრებს?

- რა მოხდა მერე, მეგობარი ნებისმიერ სამუშაო ადგილას შეიძლება ნახო. ტყუილია ეგ ინფორმაცია, არ დამიწყია მუშაობა თავდაცვის სამინისტროში და არც სხვა სამინისტროში, ჯერჯერობით (იცინის).

- ლექსო, შენ ერთ-ერთი პირველი იყავი მათ შორის, ვინც "შავ სიებზე" და კლანურ შოუბიზნესზე ხმამაღლა ლაპარაკობდი. დღეს როგორია შენი განწყობა?

- დღეს მეამაყება ჩემი მაშინდელი გამოსვლები. ამას სიმღერაც მივუძღვენი, "მე ვარ ლოკომოტივი და თქვენ მოჰყვებით რელსებს". კარგია, რომ შენ მაინც გახსოვს ჩემი მაშინდელი გამოსვლები. ზოგი ბოლოს, ფინალისკენ ხვდება, რომ იქ არ დგას, სადაც უნდა იდგეს. არადა, მთავარი სწორედ სტარტის აღებაა. გადამწყვეტ მომენტში უნდა დადგე იქ, სადაც საჭიროა. არჩევნებამდე ორი დღით ადრე 5-ნომრიან მაისურებს რომ იხდიდნენ და ოცნების მაისურებს იცვამდნენ, ამან, მართალი გითხრა, გამაღიზიანა. მაგ ადამიანებს მე თაგვებს ვეძახი. ეგენი მედროვეები არიან და არ გამიკვირდება, მაგათ მალე "ქართული ოცნების" რიგებში თუ ვნახავ. ზოგი ვნახე კიდეც. ამას წინათ მე და ჩემი ძმა ვისხედით და ტელევიზორს ვუყურებდით. ისეთი ადამიანები დავინახეთ, გაოცებული დავრჩი, ამათ როდისღა მოასწრეს შეძრომა-მეთქი, ვიფიქრე.

- მედროვეები ახსენე. შენი ოპონენტი აუცილებლად შეგახსენებდა იმ პერიოდს, როცა შენც სწორედ იმ მხარეს იდექი, სადაც ეგ მედროვეები.

- ის პერიოდი მაშინ ისევე მისაღები იყო ყველასათვის, როგორც დღეს ეს პერიოდი.

- მაგრამ მაშინ, როცა უცნობი პოლიციის სამმართველოს ღობეზე გადაძრომის გამო სცემეს, შენ ამბობდი, ნაცემი რომ ყოფილიყო, ეთერში არ დაჯდებოდა და არ იცანცარებდაო... მაშინაც სხვა დრო იყო?

- სხვა დრო იყო, კი.

- შენ დღემდე გჯერა, რომ მაშინ უცნობი არ უცემიათ?

- ბოლო დროს ჩვენ კარგად ვნახეთ ნაცემი ადამიანები. ცემა იყო ეს. ტელევიზიიდან რაც დავინახე, არაფერი ეტყობოდა უცნობს. ნაკაწრი მაინც ხომ უნდა ჰქონოდა.

- როდის გადახვედი მეორე მხარეს, როცა სცენაზე ვეღარ დადექი და როცა შენი საქმით ფული ვეღარ იშოვე?

- მარტო ეს არ ყოფილა მიზეზი. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ არასწორად გაკეთდა, ბევრი იმედგაცრუება ვნახე. ამაზე არაერთხელ მისაუბრია. მხოლოდ ჩემს კეთილდღეობას არასდროს ვუყურებ. დარწმუნებული ვარ, არც დღეს შეიცვლება ჩემთვის რამე, მაგრამ მთავარია, ხალხი იყოს კმაყოფილი და მე მსხვერპლადაც შევეწირები. ამას ვამბობდი ყოველთვის.

- შენც ხომ ხალხის ნაწილი ხარ, როგორ გგონია, რა შეიცვლება შენთვის უკეთესობისკენ?

- მოლოდინი დიდი გვაქვს ყველას, მეც, ჩემს ოჯახსაც, ჩემს მეგობრებს, ახლობლებს. კლანური სისტემა და მძიმე სოციალური ფონი, იმედი მაქვს, წარსულს ჩაჰბარდება. მე, პირველ რიგში, იმ ადამიანების ტკივილი მალაპარაკებდა, რომლებიც საკუთარი ძალებით, ნიჭითა და სახსრებით რაღაცას ქმნიდნენ და არ უფასდებოდათ. მათ შორის ვიყავი მეც. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უაზრობა იყო ნაგვის დენზე მიბმა, ამხელა ფასები საწვავზე და ა.შ. ეს ყველაფერი დაგროვდა. ის იყო სხვა ძალა. ეს ხომ მარტივი თამაში არ არის. მე და შენ ქვეყნის ბედი არ გადაგვიწყვეტია, ეს ამერიკის ჩარევით მოხდა. როცა ამხელა ტალღა იფეთქებს და ამას მხარდაჭერა არ აქვს, კითხვის ნიშნებს ბადებს.

- რას გულისხმობ, ე.ი. მე და შენ არჩევნებზე რომ მივედით და სამოქალაქო აქტივობა დავაფიქსირეთ, არაფერი შეგვიცვლია?

- არა, ეს აქტივობა იყო სწორედ გადამწყვეტი ფაქტორი. უბრალოდ, ამერიკა დაგვეხმარა იმაში, რომ ეს ჩვენი აქტივობა არ გაყალბებულიყო. სასიხარულოა ის, რომ ცვლილებები უსისხლოდ მოხდა და ტრაგედია არ დატრიალდა. ამის ნამდვილად მეშინოდა. მიხარია, რომ მომავალში საზღვარგარეთ რომ წავალ, იმ ქვეყნის მოქალაქედ დავფიქსირდები, სადაც არჩევნების გზით იცვლება ხელისუფლება.

- ეს ხელისუფლების კეთილი ნება იყო?

- არა, ეს ხალხის კეთილი ნება იყო. ხელისუფლებას, რასაკვირველია, შეეძლო ძალიან ცუდად მოქცეულიყო, მაგრამ საბედნიეროდ, მიხვდა, რომ ეს ისევ მას დააზარალებდა. ეს იყო სტიქია, კარგი გაგებით, რომელსაც ვეღარ გააჩერებ. "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან".

- მამაცი რომელია, პრეზიდენტი?

- არავინ, ეს, ისე, სიტყვამ მოიტანა... ხალხი მოითხოვს ცვლილებებს. ერთსა და იმავე საჭმელს ყოველთვის ხომ ვერ შეჭამ. ერთი და იმავე სახის ყურებაც გბეზრდება, თუნდაც პოზიტიური ადამიანი იყოს.

- ლექსო, შენ მიერ ნახსენები შოუბიზნესური კლანების წარმომადგენლები საკმაოდ რეიტინგული გადაცემის "ახალი ხმის" ჟიურის წევრები არიან.

- მე ვიცოდი, რომ იხურება ეგ გადაცემა. სამარცხვინოა. არიან კარგი ადამიანები მაგ გადაცემაში, მაგრამ თითიდან გამოწოვილია ამ გადაცემის სპეციფიკა. იფიქრეს, რა გავაკეთოთო და მოიფიქრეს, რომ ზურგით დასხდნენ კონკურსანტისკენ (იცინის). ეს არის მწვალებლობა იმ ხალხის, ვინც მათ წინაშე გამოდის. ვინც ელის, რომ ვარსკვლავი გახდება და მერე იმედგაცრუებული რჩება. რამდენი ერთი ვნახეთ ასეთი ნახევარფაბრიკატი "ვარსკვლავი", რომელსაც ფსევდოკარიერა შეუქმნეს და მერე უცბად გამოაცალეს ფეხიდან ყველაფერი. ეს, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია. ასე ადამიანებს ღუპავენ.

- რატომ, ასეთი გადაცემები პოპულარულს ხდის შემსრულებელს, კარიერა თავად უნდა აიწყოს მომღერალმა, ხელი თუ არ გაანძრია, რა გამოვა?

- ვერ გაანძრევს, იმიტომ, რომ გასაქანს არ მისცემენ. ისეთ კონტრაქტებს უფორმებენ, რომ მათ გარდა არსად არ უნდა გამოვიდეს, არავის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე არ უნდა იმღეროს. ასე ის შემოსავალს ვერასდროს იშოვის და ხალხსაც მიავიწყდება.

- შენთვის არც ერთ მსგავს გადაცემაში ჟიურის წევრობა არ შემოუთავაზებიათ?

- არა, იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, უარს ვიტყოდი.

- რატომ?

- როცა მსგავს გადაცემაში მონაწილეობ, შენი პოზიტიური აზრის გატარებას ეცდები. იქ ისეთი ხალხია, პოზიტიური აზრების მიღება უჭირთ, ამიტომ წონადი ფიგურის მიღება თავიანთ გარშემო არ ევასებათ.

- ლექსო, როგორ გგონია, დადგება იმის საშიშროება დღის წესრიგში, რომ ხვალ ის მომღერლები დაიბლოკონ, ვინც შენ გბლოკავდა?

- ისინი უნდა დაიბლოკონ, რა თქმა უნდა (იცინის), ეს ხუმრობით. იმედია, ეს ადამიანები თვითონ მიხვდებიან, რომ მათი ადგილი აღარ არის.

- შენ მათ ადგილზე როგორ მოიქცეოდი?

- აქ უკვე სინდისის როლი შემოდის. სინდისი რომ ჰქონოდათ, ასე არ მოიქცეოდნენ. მათ ადგილას ალბათ ქუდს დავიხურავდი და წავიდოდი. მეც, ფაქტობრივად, ასე მოვიქეცი. ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო და დავასწარი. რა წამსაც წამოვედი შოუბიზნესიდან, გამოეცალა კიდეც საძირკველი, სადღა იყო ეს ბიზნესი. მე პაუზას ავიღებდი მათ ადგილზე, რაღაცებს შევცვლიდი, ბოდიშს მოვიხდიდი. მაგათ იმდენი აქვთ ნაშოვნი, ათი კაცის საქმეს აკეთებდნენ და შესაბამისად, ათი ადამიანის შემოსავალი რჩებოდათ. ამიტომ აიღონ პაუზა, ეს მათ არ დააზარალებთ, დაფიქრდნენ თავიანთ საქციელზე. მე მქონდა შეხება იმ ადამიანებთან, რომლებსაც გაძვირებული დენის ტარიფი მოსწონდათ. თან არც მათ ჰქონდათ კარგი ფინანსური მდგომარეობა. სისტემის ბრმა ტყვეები იყვნენ. ასეთი ადამიანები არ უნდა დაისაჯონ. მკვლელი, მწამებელი და კანონდამრღვევი, რასაკვირველია, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ისინი სასამართლო სისტემამ უნდა გაასამართლოს და არა ჩვენ. ახალმა მინისტრმა ძველი მინისტრი პასუხისგებაში მისცეს, ეს მიუღებელია ჩემთვის.

- იმედგაცრუების არ გეშინია?

- მეშინია. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე ამ ხნის განმავლობაში და მივხვდი, რომ ბრმად არავის უნდა ენდო. როცა ადამიანები სხვა საფეხურზე გადადიან, ძალაუფლების გემოს იგებენ, სხვაგვარად იქცევიან. ამას წინათ მეგობარს ვურეკავდი, რომელიც "ქართულ ოცნებაში" იყო და ტელეფონს აღარ პასუხობდა.

- შენ რატომ არ იდექი იქ, სადაც შენი მეგობარი იდგა?

- პირველმა მე დავაფიქსირე უკმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ ახლა შეგნებულად დავდექი გვერდზე. ორივე მხარეს ჩემი ძალიან ახლო მეგობრები იდგნენ, ერთ მხარეს - ბავშვობის და მეორე მხარეს - შემდეგ შეძენილი მეგობრები. მივხვდი, რომ უჩემოდაც კარგად გადაწყდებოდა ყველაფერი. არ მინდოდა, ვინმესთვის მეწყენინებინა. გაცილებით ადრე ვიცოდი, ფინალი ბიძინასი რომ იქნებოდა. იმდენად ადრე, ეს მაშინ ვინმესთვის რომ მეთქვა, დამცინებდნენ, არავინ დაიჯერებდა.

- ქურდული მენტალიტეტის გააქტიურების არ გეშინია?

- ეს მარაზმი მგონია. დღეს ვუსმინე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს და დადებითად განვეწყე მის მიმართ. ეს ფიზიკურად გამორიცხულია. ხალხის მენტალიტეტი შეიცვალა, იმ რეჟიმს საზოგადოება აღარ მიიღებს. ამ კოალიციის გარემოცვას ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და ჰყავს დღემდე, მაგრამ მე განსაკუთრებით სამ ადამიანს ვენდობი. ესენი არიან: ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე. ჩემი აზრით, ძალიან სწორად შერჩეული კანდიდატები არიან შესაბამისი სამინისტროების პოსტებზე. რაც შეეხება იმედგაცრუებას, თუ ამის ნიშნები გაჩნდება, რისი ალბათობაც არის, პირველი გამოვალ და პირველი დავაფიქსირებ ჩემს აზრს. ხომ გეუბნებით, გამოცდილება მივიღე-მეთქი. მაშინ ბრმა იმედი მქონდა, რომ რადგან კარგად იწყებდნენ, კარგად დაამთავრებდნენ. ეს პრობლემა აქვს ქართულ მენტალიტეტს. დღეს გაცილებით რთულ მდგომარეობაშია ეს კოალიცია. ხალხი უფრო მეტს და უფრო სწრაფად ელოდება, ვიდრე მაშინ რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლებისგან ელოდა. მეორე დღიდან ელოდება ხალხი კეთილდღეობას თავიანთ ოჯახებში.

- შენ რას ელოდები მეორე დღიდან?

- ტრანსპორტის, საწვავის, მედიკამენტების გაიაფებას, პირველ რიგში. დენისა და ნაგვის გადასახადების გამიჯვნას, კომუნალური გადასახადების გაიაფებას და თითოეულ ოჯახში ფართო შემოსავლის გზას.

- ლექსო, არაერთი არაპოლიტიკოსი მოვიდა დღეს პოლიტიკაში. შენ თუ გქონია შეთავაზება წინასაარჩევნოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან? მაჟორიტარი კანდიდატობა ხომ არ შემოგთავაზა ვინმემ?

- ბიძინას ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომ ყველა ადამიანისთვის მისი კარი ღია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პოზიციას ხმამაღლა ვაფიქსირებდი, რომ ეს ის ძალა იყო, რომელიც ქართულ პოლიტიკას სჭირდებოდა, პოლიტიკაში მოსვლის ინიციატივა არასდროს გამომიჩენია. მე მაინც, ალბათ, უფრო ჩემი საქმე მიყვარს, თუმცა პოლიტიკა ხელს არ შემიშლის. ასე მგონია, პარალელურად მივხედავდი მუსიკასაც. უბრალოდ, არ გამოვიჩინე ინიციატივა და შესაბამისად, შემოთავაზებაც არ ყოფილა. ყველაფერი წინ არის, ვნახოთ.

- ე.ი. შესაძლებელია, მომავალი ინტერვიუ პოლიტიკოსის რანგში ჩამოგართვა?

- არაფერს გამოვრიცხავ. თუკი პოლიტიკოსი შეიძლება იყოს კარგი ბიზნესმენი, რატომ არ შეიძლება, ბიზნესმენი ან მუსიკოსი იყოს კარგი პოლიტიკოსი?

- მუსიკალური სიახლეები თუ გაქვს?

- დღეს უკვე ბენდთან ერთად ვმუშაობ. მე, ბიგ თიკომ, მისმა მეუღლემ, დამწყებმა რეპერმა, პეპემ და მინდოზამ ჩავწერეთ ახალი სიმღერა, რომელსაც ჰქვია "ნამდვილი ჰიპ-ჰოპი". სიმღერები მზად გვაქვს, მალე ალბომსაც გამოვუშვებთ. ვიდეორგოლები გადავიღე კიდევ, რომლებსაც მალე გამოვამზეურებ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"