ქართული მართლმსაჯულების ფენომენი, ანუ არის თუ არა შავი და თეთრი განსხვავებული ფერები

ქართული მართლმსაჯულების ფენომენი, ანუ არის თუ არა შავი და თეთრი განსხვავებული ფერები

"არაერთი სასამართლო პროცესი მახსოვს, როცა მოსამართლე პირდაპირ მიმტკიცებდა შავზე, რომ თეთრი იყო. ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით კი არა, ნამდვილად, - ამოცნობის ოქმში წარმოდგენილი იყო ფოტოსურათი, სადაც სამ ფოტოსურათში ამოსაცნობ პირს ეცვა შავი, ერთს კი თეთრი პერანგი. დანაშაულში ეჭვმიტანილს თეთრი ეცვა და მოწმეებს მისი ამოცნობა არ გასჭირვებიათ, თუმცა როცა სასამართლო ამოცნობის კანონიერებაზე მსჯელობდა, მოსამართლემ განაცხადა, რომ თეთრი და შავი მკვეთრად განსხვავებული ფერები არ არის... მქონია შემთხვევა, როცა მოსამართლე მთელი პროცესის განმავლობაში თავდახრილი იჯდა, რადგან შეგნებულად უწევდა უსამართლო გადაწყვეტილების მიღება", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადვოკატი შალვა თადუმაძე, რომელიც მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზე, ადვოკატის შეზღუდულ უფლებებსა და პოლიტიზებულ სასამართლოზე საუბრობს.

- წლების განმავლობაში გვესმის, რომ ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელებაში შეზღუდულია. რა იყო ამის მიზეზი და რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს სიტუაციის გამოსასწორებლად?

- ყველაფერი უნდა დაიწყოს პროკურატურიდან. ეს სისტემა უნდა გახდეს სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ორგანო, რომელიც მოქმედებს კანონით და სამართლის ჰუმანურობიდან გამომდინარე. დღევანდელი შედეგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის პროკურორი, რომელსაც პოლიტიკური მითითება აქვს, თითქმის ყველა ეჭვმიტანილს სასჯელის სახით პატიმრობა უნდა მიესაჯოს. ამას ემატება სასამართლო, რომელიც ყოველგვარი გადახედვის გარეშე ეთანხმება პროკურორს. ამ ნაწილში, პატიმრობის ნაწილს ვგულისხმობ, პროკურორის შუამდგომლობას, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ პროკურორი აღმკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვს არასაპატიმრო ღონისძიებას და ამას ადვოკატიც დაეთანხმება, მაშინ მოსამართლეს აღარ რჩება კანონიერი საფუძველი, უარი თქვას. შესაბამისად, როცა მოსამართლე მეტ-ნაკლებად გაწონასწორებულია, პროკურორს შეუძლია, წვრილმან და მსუბუქ დანაშაულზე, დააყენოს შუამდგომლობა არასაპატიმრო სასჯელზე. დღეს ასეთი რამ რომ არ ხდება, იზრდება პატიმრების რაოდენობა და ასეთი დანაშაულის ჩამდენი ადამიანები ხვდებიან იმ წნეხში, რაც ქართულ ციხეებში ხდება. ცხადია, სასჯელის მოხდის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას ძალიან ცოტა უბრუნდება. არადა, პროკურორის ვალდებულებაა მოითხოვოს რაც შეიძლება ჰუმანური სასჯელი, მაშინ, როცა სისხლის სამართლის მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, არასაპატიმრო ღონისძიებას, პირობით მსჯავრს. თუმცა პროკურორი დღეს პირიქით იქცევა, მოსამართლე კი მას ექვემდებარება. ცხადია, არ ვლაპარაკობ რეციდივისტებზე ან მსგავს კატეგორიაზე. ასეთი ფაქტები მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება წლების განმავლობაში არაჰუმანურობის პრინციპით მოქმედებს.

- თქვენი აზრით, რა გახდა ასეთი მართლმსაჯულების შექმნის საფუძველი?

- შიში, ხელისუფლებას უნდოდა, საზოგადოებას ჰქონოდა შიში, რომ ყველას დაიჭერდნენ და ვისაც არ დაიჭერდნენ, იმას მუდმივად უნდა ჰქონოდა შიში, არიქა, არ დამიჭირონო... ეს დამოკიდებულება ყველა დეტალში გამოიხატება და ამის ნათელი მაგალითია სასჯელის შეკრებითობის პრინციპი. მყოლია არაერთი კლიენტი, რომელმაც სხვადასხვა ოდენობის თანხით, საერთო ჯამში 20 ათასი დოლარით რამდენიმე ადამიანი "გადააგდო" და 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამავდროულად, მეორე კლიენტს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ჩადენის გამო 9 წელი მიუსაჯეს. იყო სხვა შემთხვევაც, როცა განზრახ მკვლელობით გასამართლებულ ადამიანს 15 წელი ჰქონდა მისჯილი. მაშინ, როცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თაღლითი 21 წელს იხდიდა. გარდა ამისა, როცა 30 წლის ადამიანს 30 წელს მიუსჯი, ეს ნიშნავს, რომ მას ანადგურებ. ანუ, მთელი სისტემაა შესაცვლელი, რათა ნორმალურ სახელმწიფოს დავემსგავსოთ. პირველ რიგში, საჭიროა პროკურატურის ქმედებების პოლიტიკური ნების ჩამოყალიბება და პლუს სასამართლოს დამოუკიდებლობა.

- ეს უკანასკნელი საქართველოში წლების განმავლობაში მოუგვარებელ საკითხად რჩება, რასაც ნაცნობობის ინსტიტუტით ხსნიან...

- დიახ, არადა, ძალიან მარტივია, არ უნდა დაურეკონ მოსამართლეს. მან უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახის წევრს ნარკოტიკს არ ჩაუდებენ, სამსახურიდან არ გაათავისუფლებენ. ანუ მას გარანტიები უნდა ჰქონდეს, რომ მასაც არ დაიჭერენ...

- თქვენ ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ყოფილი პატიმრის თამაზ თამაზაშვილის ადვოკატი ხართ. მისი დაკავების ოფიციალურ ვერსიად იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდება გავრცელდა. რაც, ცხადია, არადამაჯერებელია. რა მოხდა სინამდვილეში?

- სინამდვილეში მისი დაკავების მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც "ქართული ოცნების" აქტიური წევრი გახლავთ. მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობა კარგს არაფერს მოუტანდა და მისგან წასულიყო. მასზე ზემოქმედების ერთ-ერთ ღონისძიებად კი სიმამრის დაკავება გამოიყენეს. როცა თამაზ თამაზაშვილი დააკავეს, ისევ დაუკავშირდნენ ირაკლის და უთხრეს, - ხომ გითხარით, რომ პრობლემები შეგექმნებოდა და შეგისრულეთ კიდეც, ახლა თუ გინდა ეს მოგვარდეს, უარი თქვი ბიძინასთან თანამშრომლობაზე და გამოვუშვებთო. მან თავიდანვე თქვა უარი ხელისუფლების შეთავაზებაზე და საქმის კურსში ჩააყენა პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილი, შეუთვალა, რომ ასეთი შეთავაზება მიიღო, რაზეც პატიმარმა უპასუხა, - ნუ გეშინია, მე აქ როგორღაც გავძლებ, შენ იქ იდექი, სადაც სიმართლეა და სადაც საჭიროდ მიგაჩნიაო. ამ დროს ის უკვე ჩემი დაცვის ქვეშ იყო. პირველივე დღიდან თამაზაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირად პატიმრად ითვლებოდა და ამ ხნის განმავლობაში მასზე მუდმივად ხორციელდებოდა ზეწოლა.

- რა ტიპის ზეწოლა?

- ფსიქოლოგიური. ამბობდნენ, რომ ის ნარკოტიკებით ვაჭრობდა და ამით დიდი ფული იშოვა შსს-ში მუშაობის დროს. არადა, ასეთი "დანაშაულებრივი წარსულის" მქონე ადამიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო დააკავეს. ანუ ბრალდებები, რომელსაც უყენებდნენ, იურიდიულად ვერ შეფუთეს. როცა გლდანის ციხეში გადაღებული საზარელი კადრები გავრცელდა, სახელმწიფო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, ეს დანაშაული ვინმესთვის უნდა გადაებრალებინათ, თუმცა სიჩქარეში ძალიან არადამაჯერებლად გამოუვიდათ, - პატიმრებს თურმე იმიტომ აწამებდნენ, რომ ამას თამაზ თამაზაშვილი უკვეთდა. ის რომ არა, ციხეში ყველაფერი დემოკრატიულად ყოფილა. როცა ის კადრები გავრცელდა, რომლითაც ცხადი გახდა, რომ იმ საშინელებაში ციხის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობა მონაწილეობდა, თამაზაშვილის ხსენება შეწყვიტეს და სხვა მიმართულება მისცეს, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ.

- იმ კადრების გავრცელების დღე­ებში თქვენი დაცვის ქვეშ მყოფთან ურთიერთობის საშუალება თუ გქონდათ?

- დიახ, მორალურად მართლაც ცუდად იყო, როცა რადიოში უსმენდა, რომ ადამიანების გატაცებასა და ნარკოტიკების ვაჭრობაში მისი გვარი ფიგურირებდა, რომ თურმე ციხის მომსახურე პერსონალს ფულს უხდიდა პატიმრების წამებაში. არადა, წლების განმავლობაში ის საკმაოდ წარმატებულად ებრძოდა კრიმინალსა და "მხედრიონს", იმ რეგიონში, სადაც მუშაობდა... მთავარმა პროკურორმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში რიხიანად მოგვახსენა, რომ ყველაფერში დამნაშავე თურმე თამაზაშვილი ყოფილა, მაგრამ მასთან საკანშიც კი არავინ შესულა და სიმბოლურადაც არ უკითხავთ, როგორ მოახერხა ამხელა თანხის მიღება ციხეში და შემდგომ ციხის თანამშრომლების მოსყიდვა.

- ჩვეულებრივ საკანში ჰყავდათ თუ ცალკე?..

- ჩვეულებრივ საკანში იყო. როგორც გითხარით, იმ დღეებში მის მიმართ არათუ ძალადობა არ განხორციელებულა ვითომ გამოსატეხად, საკანშიც არავინ შესულა, რადგან ამ განცხადების გამკეთებელმა იცოდა, ეს ყველაფერი იმიტომ უნდა ეთქვა, რომ პოლიტიკას სჭირდებოდა ასე.

როცა თამაზაშვილი მორიგ შეთხზულ ზღაპარს რადიოდან ისმენდა, მორალურად საკმაოდ მძიმედ გრძნობდა თავს, რადგან კრიმინალებთან ბრძოლისას არაერთხელ დაჭრილა და სახელმწიფოსგან ჯილდოც მიუღია. იყო შემთხვევები, როცა კრიმინალურ ჯგუფებს მის გასანადგურებლად ფულადი ჯილო ჰქონდათ დაწესებული... ასეთ ადამიანს, ცხადია, არ ჰქონდა პატიმრობისას იმის საშუალება, რომ საზოგადოებისთვის თავისი სათქმელი ეთქვა. ასეთ დროს ადვოკატი პატიმრის პირადი მეგობარიც ხდება და მე ბედნიერი ვარ, რომ თამაზ თამაზაშვილთან კარგი მეგობრული ურთიერთობა მაქვს. პატიმრობისას ის მუდმივად უსმენდა რადიოს და იქიდან მიღებული ინფორმაციებით იგებდა, რომ მეგობრები სულ მის გვერდით იყვნენ... მაგალითად, როცა ეროვნული ტელეპროექტ "ეტალონის" ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, მან ციხის კადრების "ავტორად" წარმოდგენილ თამაზაშვილზე საჯაროდ განაცხადა, რომ მისი მეგობარია და შეუძლებელია თამაზ თამაზაშვილი იყოს კრიმინალებთან შეკრული. ამ დროს საზოგადოება ჯერ კიდევ ციხის კადრებით იყო შოკში... ასეთ დროს პატიმრისთვის, განსაკუთრებით კი უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანისთვის მეგობრებისა და ახლობლების თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. თამაზაშვილი საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა, როგორც ფიზიკურად, ისე შინაგანად, მაგრამ მაინც ძნელია, როცა ჩაკეტილი ხარ და შენ გარშემო რაღაცებს უნიჭოდ, მაგრამ მაინც ხლართავენ.

- გლდანის ციხის ამბებზეც გკითხავთ. იმ შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგ რამდენიმე პატიმარს სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მათი უსაფრთხოება შემდეგაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა?

- პატიმრების მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ასე იყო წლების განმავლობაში და ეს ერთ დღეში ვერ შეიცვლება. თუმცა მათ მიმართ დამოკიდებულება, მოპყრობის თვალსაზრისით, შედარებით გამოსწორდა. მე არაერთი პატიმრის ადვოკატი ვიყავი, ვინც კარანტინის დაშლაში მოჰყვა და ის ძალადობა, დუბინკებით შეიარაღებული ბადრაგის კორიდორში გავლა და შემდგომში სხვა დამცირება საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრებიდან გამომდინარე, ამის შესახებ განცხადების გაკეთება არ უნდოდათ. შესაბამისად, მეც კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდი და მათი ვინაობა ვერ დავაკონკრეტე, თუმცა კი ციხეში არსებულ ძალადობაზე მუდმივად ვსაუბრობდი. თითქმის ყველა ჩემი კლიენტი, ვინც კარანტინის დაშლაში ხვდებოდა, ნაცემი იყო და მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული. რადგან უფრო ხშირად სწორედ გლდანის საპყრობილეში მყოფ პატიმრებთან მქონდა ურთიერთობა, მათ შესახებ ვიცი. თუმცა ისიც ვიცი, რა მდგომარეობაში იყვნენ ე.წ. ზონაში გადაყვანილი პატიმრები. ამბობენ, რომ გლდანთან შედარებით იქ სამოთხე იყო. დეტალურად არ ვიცი, რა ხდებოდა სხვა ციხეებში, მაგრამ პატიმრებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ კარანტინის დაშლის ტრადიციის თანახმად, თითქმის ყველა ციხეში პატიმრებს ძალადობის კორიდორი უნდა გაევლოთ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ