ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატების დასახელება ძველი ანეკდოტით დაიწყო - მაღაროში რაღაცას აფეთქებენ და იქვე გზად ქალი მიდის. ერთ-ერთი მუშა უყვირის - შედი ქალო, "ბუტკაშიო". არ ვარ იმნაირიო, - პასუხობს ქალი. რანაირიც გინდა იყავი, შედი ქალო, "ბუტკაში", თორემ აფეთქება მოხდება და დაიღუპებიო...
"ქართული ოცნების" ლიდერს არ დაუკონკრეტებია, რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ამ ანეკდოტს. "ქართული ოცნების" ლიდერის ამ ჟესტის გაშიფრვას ვერც ექსპერტებს მოვთხოვთ - ლამის ყველა მათგანი ივანიშვილმა მთავრობაში წაიყვანა. ფინანსთა სამინისტროს ნოდარ ხადური უხელმძღვანელებს, გიორგი მარგველაშვილი განათლების სამინისტროს, დავით ნარმანია კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება. კიდევ კარგი, (ჟურნალისტებისთვის, რა თქმა უნდა) გია ხუხაშვილმა დროზე "გამოასწრო" "ქართული ოცნებიდან".
მოხდა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში უნიკალური ფაქტიც - გაგიკვირდებათ და ადამიანმა მინისტრობაზე უარი განაცხადა. ასეთი ამირან გამყრელიძე იყო, რომელმაც ინტერესთა კონფლიქტის გამო, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე უარი თქვა. სამაგიეროდ, გამყრელიძის შემცვლელმა, საჩხერის სამედიცინო ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით სერგენკომ ბუნდოვანი გახადა ნამდვილი ქართული ოცნების ასრულება - არაფერი აკეთო და ფული ამაში გიხადონ. სერგენკომ განაცხადა, რომ გამყრელიძის მიერ დაანონსებულ უმუშევართა კომპენსაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევიაო.
ისე, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი მთავრობის ახალმა შემადგენლობამ ყოფილ მთავრობაში გამოიწვია. უფრო ზუსტად, ყოფილებმა ქილიკი დაიწყეს იმაზე, თუ რა კავშირია ქართულ ენერგეტიკასა და კახი კალაძეს შორის. მათგან ყოფილი განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი გამოირჩა, რომელმაც "ფეისბუქზე" დაწერა, რომ კალაძე მოსახლეობას დენს კი არ მიაწვდის, არამედ ჩააწვდისო. მანვე შეთხზა ტერმინი "ავტოდენი".
საკამათო არ არის, კალაძის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნა ალბათ, ბევრს მოეჩვენა უცნაურად. თუმცა ნათქვამია - ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო. როდესაც ეკონომიკის მინისტრად ვერა ქობალია გყავს, გარემოს კი გოგა ხაჩიძე იცავს, ალბათ, ხმა აღარ უნდა ამოიღო. უფრო შორს აღარ წავალთ და არ გავიხსენებთ, თუ როგორ ეძებდა ერთ-ერთი გუბერნატორი (ამჟამადაც მოქმედია) "იუნესკოს" რუკაზე.
თუმცა ფაქტია, რომ კალაძემ ურთულესი სფერო ჩაიბარა. წინამორბედ ვახტანგ ბალავაძისგან მას განახლებული კაბინეტი და ავტოპარკი დახვდება. როგორც ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები ამბობენ, ბალავაძე ხანმოკლე მინისტრობისას ძირითადად, ახალი მანქანებისა და რამდენიმე ათას დოლარად ღირებული სავარძლების შეძენით იყო დაკავებული.
"ნაციონალებს" განსახლების მინისტრობის კანდიდატ დავით დარახველიძესთანაც აქვთ შენიშვნა - საქართველოში ჩინელებისა და ინდოელების მომრავლება აღელვებსო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქართველ დევნილთა დიდი ნაწილი, რომელთა პრობლემის მოგვარება დარახველიძეს მოუწევს, უფრო ცუდად ცხოვრობენ საქართველოში, ვიდრე იგივე ჩინელები და იაპონელები.
ახალი მთავრობა მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს. როგორც ამბობენ, ივანიშვილთან მუშაობა საკმაოდ რთულია და ვინც მოვალეობას თავს ვერ გაართმევს, "აფეთქების" მოლოდინში "ბუტკისთვის" თავის შეფარება ნამდვილად მოუწევს.
ასევე იხილეთ: "შედი, ქალო, ბუტკაში" - მინისტრობის კანდიდატების წარდგენა ანეკდოტით
- ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა
გიორგი კვიტაშვილი