"იმედიდან" "იმედამდე"

"იმედიდან" "იმედამდე"

ბადრი პატარკაციშვილი ტელეკომპანია "იმედს" ჰუმანიტარულ პროექტს უწოდებდა. არა იმიტომ, რომ ამ ტელეკომპანია მას შემოსავალს არ აძლევდა, არამედ როგორც ბიზნესმენი აცხადებდა, საქართველოს მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია სწორედ ჰუმანიტარულ დახმარებასავით სჭირდებოდა.

"იმედი" ეთერში 2003 წლის 15 მარტს გავიდა და არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა. შესაბამისად, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება "იმედს" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ნაკლებად მწვავედ გაშუქებაში ადანაშაულებდა. ხელისუფლება კი მიიჩნევდა, რომ "იმედი" ოპოზიციის წისქვილზე ასხამდა წყალს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, "იმედი" მაშინდელი "რუსთავი 2"-ის ფონზე, რომლის ეთერშიც "დარდუბალა" და "60 წუთი" გადიოდა, მართლაც ზომიერად მოჩანდა.

მალე "იმედში" პარლამენტიდან წასული გიორგი თარგამაძე მივიდა. მისი ხელი ტელეკომპანიას ნამდვილად დაეტყო - პირველ რიგში, საინფორმაციო სამსახურს. გარდა ამისა, გადაცემა "დროება" ნამდვილად იყო ქართული ჟურნალისტიკის პროფესიონალიზმის ნიმუში. თუმცა ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა ბადრი პატარკაციშვილი. მაგალითად, მაშინდელი "დროების" ბიუჯეტი მართლაც სარეკორდო იყო. გარდა ამისა, ბიზნესმენი ცდილობდა, ნაკლებად ჩარეულიყო სარედაქციო პოლიტიკაში.

თუმცა რა გასაკვირია, ასეთებიც ხდებოდა. მაყურებელმა ეს ერთხელ პირდაპირი ეთერითაც გაიგო - კერძოდ, გიორგი თარგამაძემ ერთ-ერთ "დროებაში" განაცხადა, რომ ერთ-ერთი სიუჟეტი უკვე მზად იყო გასაშვებად, თუმცა დამფუძნებლის დაჟინებული მოთხოვნით ეთერში ვერ გავიდა. თუმცა ამ განცხადებამ უკვალოდ ჩაიარა როგორც თარგამაძისთვის, ისე "დროების" ყველა ჟურნალისტისთვის - პატარკაციშვილს ეს რაღაც დიდ ტრაგედიად არ აღუქვამს.

შემდეგ მოხდა "ვარდების რევოლუცია". "იმედი", ისევე როგორც "რუსთავი 2" თუ სხვა ტელეკომპანიები, 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

ახალი ხელისუფლების საქმიანობის პირველ თვეებში "იმედს", ისევე როგორც მაშინდელი მედიის დიდ ნაწილს, ნეიტრალური, ზოგჯერ კეთილგანწყობილი ტონიც ჰქონდა. პარალელურად, ტელეკომპანია გაძლიერდა და "გამდიდრდა" რამდენიმე მაღალრეიტინგული თოქ-შოუთი.

შემდეგ კი იყო 2006 წლის 12 თებერვალი, რამაც ბიძგი მისცა მოვლენათა შემდგომ განვითარებას არა მხოლოდ კონკრეტულად "იმედთან", არამედ ზოგადპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც. 12 თებერვალს "დროებაში" სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ სიუჟეტი გავიდა, რამაც ქვეყანაში ქარიშხალი გამოიწვია.

თუ რა ხდებოდა მომდევნო თვეების განმავლობაში "იმედის" გარშემო, ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილმა ბიზნესმენთა ფედერაციაში გაკეთებულ ცნობილ განცხადებაში ისაუბრა, როდესაც პირველად გაემიჯნა ხელისუფლებას.

"ძალოვანი და საფინანსო სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ ჩემს კომპანიებს, რათა შექმნან მოტივაცია, რომ განვახორციელო ზეწოლა "იმედის" ჟურნალისტებზე და ხელი შევუწყო ხელისუფლებისათვის სასურველი სურათის შექმნას", - განაცხადა ბადრი პატარკაციშვილმა 2006 წლის 29 მარტს.

შემდეგ "იმედის" გარშემო წრის შეკვრა დაიწყო. ნელ-ნელა ტელეარხის თოქ-შოუებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

2007 წლის 2 ნოემბერს საქართველოში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელზეც სიტყვით ბადრი პატარკაციშვილიც გამოვიდა. აქციები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ოპოზიციას ტრიბუნა ეთმობოდა, რაც ხელისუფლებას სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა.

7 ნოემბერს, აქციის დარბევის შემდეგ სპეცრაზმი "იმედში" შეიჭრა, ტელეკომპანია დაარბია, თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დალეწა აპარატურა. "იმედი" ეთერში რომ ყოფილიყო, ყველაფერს დავკარგავდით", - განუცხადა მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუს ჟურნალისტს იულია ლატინინას.

სწორედ 7 ნოემბერს "მოკვდა" ძველი "იმედი". ჯერ ერთი, აღნიშნული მოვლენების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა და სურდა თუ არა, მისი ტელეკომპანია მხარე გამოდიოდა. თუმცა მთავარი ის არის, რომ "იმედმა" 7 ნოემბრის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე წესიერად ვერც შეძლო ეთერში გასვლა.

2007 წლის 25 დეკემბერს "იმედის" თანამშრომლებს ბოლოჯერ მიმართა ბადრი პატარკაციშვილმა:"ჩემი რეკომენდაცია იქნება: იყავით ისეთივე ლაღები, როგორიც იყავით და ნურავითარ შემთხვევაში ნუ შეიზღუდებით, ნუ შეგაშინებთ ეს ხელისუფლება. ამ დროს უკვე აგორებული იყო "კოდუა-პატარკაციშვილის" სკანდალი. 2007 წლის 26 დეკემბერს "იმედი" "დროების" წამყვანმა ჟურნალისტებმა დატოვეს. "სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი არხის დამფუძნებელი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მთავარი მოქმედი პირია, ჩვენთვის მიუღებელია ტელეკომპანია "იმედში" დარჩენა, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური თავისუფლებაც კი არასწორად იქნას გამოყენებული", - აღნიშნული იყო ჟურნალისტების განცხადებაში.

ძველი "იმედი" საბოლოოდ ალბათ, ბადრი პატარკაციშვილთან ერთად გარდაიცვალა. ბიზნესმენი 2008 წლის თებერვალში დაიღუპა. იმავე წლის მარტში კი, სასამართლომ ტელეკომპანია სასწრაფოდ პატარკაციშვილის თვითგამოცხადებულ "მემკვიდრე" ჯოზეფ ქეიზე გადააფორმა.

დავამ, საზოგადოების პროტესტმა, პატარკაციშვილის ოჯახის საჩივრებმა შედეგი არ გამოიღო. "იმედმა" "რუსთავი 2"-თან და "საზმაუწყებელთან" ერთად ტელეტყუპი შექმნა, რომელიც მოსახლეობას "ნაციონალურ" ალტერნატიულ რეალობას აჩვენებდა.

ერთადერთი, რითიც "იმედი" ბოლო წლების განმავლობაში გამოირჩა თანამოძმებისგან, 2010 წლის 13 მარტის მოდელირებული "ქრონიკა" და მოსახლეობის დაზაფვრა იყო. თუმცა ზოგჯერ "ობიექტურობით" "რუსთავი 2"-სა და "საზმაუწყებელს" უსწრებდა კიდეც. პარალელურად, ტელეკომპანიას ახალ-ახალ მეპატრონეებს უნიშნავდნენ - ჯოზეფ ქეის შემდეგ "იმედს" "რაკიინი" ფლობდა. დღევანდელი მდგომარეობით, ტელეკომპანიის 100%-იან წილს "ჯორჯიან მედია ფრადაქშენ გრუპი" ფლობს, რომლის ხელმძღვანელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძე იყო.

2011 წლის ივლისში პატარკაციშვილის ოჯახმა "იმედთან" დაკავშირებით დავა ოფიციალურად შეწყვიტა (თუ შეაწყვეტინეს).

თუმცა 1-ელ ოქტომბერს ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და უკუპროცესები დაიწყო ყველა მიმართულებით. საპარლამენტო არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ, 16 ოქტომბერს ოფიციალურად გაცხადდა, რომ "იმედი" პატარკაციშვილებს უბრუნდება.

"ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ "იმედი" იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური ტელეკომპანია", - ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრების განცხადებაში.

ვნახოთ, "გაცოცხლდება" თუ არა ძველი "იმედი" და შეძლებს თუ არა ტელეკომპანია იმ მაყურებლის დაბრუნებას, რომელიც 2008-2012 წლებში დაკარგა.

გიორგი კვიტაშვილი

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

- "იმედიდან" "იმედამდე" - ტელეკომპანიის ხმაურიანი ცხრა წელი

- შეწყვეტილი პირდაპირი ეთერი და სპეცრაზმი "იმედში" - 2007 წლის 7 ნოემბრის კადრები

- როგორ გამოჰყავთ სპეცრაზმელებს "იმედის" თანამშრომლები - 2007 წლის 7 ნოემბერი

- "მოდელირებული ქრონიკა" - 2010 წლის 13 მარტი

- სანდრო გირგვლიანის მკვლელობა - "დროების" სიუჟეტი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა