ტარიფებთან დაკავშირებით გურამ ჩალაგაშვილის პოზიცია გასაგებია, თუმცა ამის მიუხედავად, ტარიფების თემას კიდევ ერთხელ შევისწავლით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
"გურამ ჩალაგაშვილის პოზიცია გასაგებია. ამის მიუხედავად ჩვენ ამ საკითხს კიდევ ერთხელ შევისწავლით, რადგან ვფიქრობთ, რომ ტარიფების ცვლილება შესაძლებელია. კარგად არის ჩასახედი იმ ანალიტიკურ მასალაში, რაც დადგენილ ტარიფებს დაედო საფუძვლად. უფრო კონკრეტული საუბარი ამის შემდეგ შეგვეძლება", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა გუშინ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფები მაქსიმალური სიზუსტით არის დათვლილი და ამ ეტაპზე მათში რაიმე სახის ცვლილება შეუძლებელია.
"დადგენილი ტარიფები მთლიანად კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, დათვლილია მაქსიმალური სიზუსტით და შეუძლებელია ამ ეტაპზე რაიმე სახის ცვლილება მოხდეს. ტარიფების დაკლება თუ მომატება დამოკიდებულია კომპანიების მიერ შესასყიდ ღირებულებაზე. კომპანიას ნებისმიერ დროს შეუძლია, ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მოგვმართოს, მაგრამ ამის საშუალება რომ ყოფილიყო, ტარიფები აქამდეც დაიწევდა. გარდა ამისა, თუ გადახედავთ ევროკავშირის ქვეყნებს, მათთან შედარებით საქართველოში ყველაზე დაბალი ტარიფებია", - აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა.
ამასთან, მანამდე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მოსახლეობა ტარიფებთან დაკავშირებულ შეღავათს უკვე ზამთარში იგრძნობს.