ქიბარ ხალვაშის სახელთან დაკავშირებული კომპანიები - "არტი", "პრიზა", "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი" და "ლივო გრუპი" ქონების დაბრუნების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავენ.
როგორც ხალვაშის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პაატა სალიამ "ინტერპრესნიუსის" ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების იმედი მათ 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა გაუჩინა.
მისივე განმარტებით, ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებული დავები მას შემდეგ დაიწყება, რაც შემუშავდება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
"ქიბარ ხალვაშის სახელთან დაკავშირებული კომპანიები - "არტი", "პრიზა", "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი", "ლივო გრუპი" სამართლებრივი გზებით ბრძოლას განაგრძობენ. ამ ეტაპზე ამ კომპანიების განცხადებები იხილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, თუმცა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. დაუსრულებელია სისხლის სამართლის საქმეები ქიბარ ხალვაშისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ 2007 წელს აღიძრა. 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა შექმნა ახალი რეალობა, რომელშიც შესაძლებელი იქნება სამართლიანი სასამართლოს პირობებში გადაიხედოს პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს სასამართლოებმა მიიღეს და რომელთა საფუძველზეც წარმატებულ კომპანიებს სრულად ჩამოერთვათ ქონება და აღარ მიეცათ ბიზნესსაქმიანობის გაგრძელების საშუალება. ახლად არჩეული პარლამენტის უმრავლესობის ლიდერთა განცხადებით, უახლოეს მომავალში შემუშავდება საკანონმდებლო ბაზა, რაც უზრუნველყოფს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული კომპანიები, პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონების მიღებისთანავე, მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვენ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას", - განაცხადა პაატა სალიამ.
მისივე განმარტებით, დაგეგმილია საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მიმართვა ქიბარ ხალვაშისა და მისი პარტნიორების, აგრეთვე მათი კომპანიების წინააღმდეგ კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ქმედებების დეტალური აღწერით და დასაბუთებით.
რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სა და "მზის" წილებს, პაატა სალიას განმარტებით, ამ საკითხზე კომენტარს თავად ქიბარ ხალვაში გააკეთებს.
"მე შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ტელეკომპანიების წილებში თავის დროზე ქიბარ ხალვაშმა შესაბამისი ფასები გადაიხადა", - აღნიშნა სალიამ.
"ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი"-ს დირექტორმა მალხაზ ოსაძემ კი კომპანიის და მასთან ერთად "5 ათასი სამუშაო ადგილის განადგურებაში" ბაჩო ახალაია და დავით კეზერაშვილი დაადანაშაულა.
მისი განმარტებით, "არტის" შენობა ბაჩო ახალაიას უშუალო ბრძანებით დაიწვა.
"არტის" დაწვამდე ორი დღით ადრე ბაჩო ახალაიამ მომთხოვა, ქიბარ ხალვაში საქართველოში ჩამოსვლის აუცილებლობაში დამერწმუნებინა, თორემ საკუთარ ძალას მაჩვენებდა. მე ამაზე უარი ვუთხარი, რის შემდეგაც ორ დღეში "არტი" დაიწვა", - განაცხადა ოსაძემ და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა დამნაშავე პირებმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგონ.