რატომ გამოიფატრა მუცელი პატიმარმა

რატომ გამოიფატრა მუცელი პატიმარმა

10 ოქტომბერს ორგანიზაცია "თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა" პოლიტპატიმართა 167-კაციანი სია გამოაქვეყნა, მათ შორის არის 12 ადამიანი, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილები. ჩამონათვალში მოხვდნენ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირები: 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 9 აპრილისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას, აგრეთვე, ე.წ. მუხროვანის ამბოხისა და ყინწვისის სპეცოპერაციისას დაკავებული პირები. "თბილისის ჰელსინკის ჯგუფი" სიას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცემს პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესის დასაწყებად.

ლალი აფციაური, "თბილისის ჰელსინკის ჯგუფის" თავმჯდომარე, ადვოკატი: - პოლიტიკური ნიშნით დევნა განსაკუთრებით "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გაძლიერდა. დღეს იმიტომ გახდა აქტუალური ამ სიის გამოქვეყნება, რომ ევროპარლამენტმა უკვე განსაზღვრა კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა, დადგენილიყო, ვინ შეიძლებოდა მოხვედრილიყო ამ ნიშნით სიაში.

- ამბობენ, რომ იგეგმება ფართომასშტაბიანი ამნისტია. როდის მოხდება ეს და რა კატეგორიის პატიმრებს შეეხება ის?

- მეც მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება ამნისტია. მაგრამ ამნისტიის შესახებ კანონს სჭირდება მომზადება და ვიდრე ახალი მთავრობა ოფიციალურად არ შეუდგება საქმიანობას, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა, სავარაუდოდ, ახალი მთავრობის უპირველესი ამოცანა იქნება ამ კანონის მომზადება, ვინაიდან ჩვენ უამრავი უკანონო პატიმარი გვყავს, ციხეები გადატვირთულია და, პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. ჩემი ვარაუდით, საქართველოში 45 ათასამდე პატიმარია და ველოდები, რა ციფრებს გამოაქვეყნებს ბატონი სოზარ სუბარი. ჩვენ ხომ ბოლო წლებში კრიმინალ ერად მოვინათლეთ. ჩემი აზრით, სოზარ სუბარმა, პირველ რიგში, ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას - რამდენი პატიმარი და პრობაციონერია დღეს და რამდენი ნასამართლევი პირია 2004 წლიდან დღემდე საქართველოში - ამ ციფრებსაც ველოდები.

- თქვენი აზრით, რა კატეგორიის პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ უპირობოდ, ანუ საქმეების გადასინჯვის გარეშე?

- ვფიქრობ, უნდა გათავისუფლდეს ყველა ის პატიმარი, ვინც სასჯელს იხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო.

- ქალბატონო ლალი, რა ხდება ქსნის N15 დაწესებულებაში? გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმარმა ლაშა იმედაძემ მუცელი გამოიფატრა. რა იყო ამის მიზეზი?

- ლაშა იმედაძე არასდროს შეგუებია რეჟიმს და ყოველთვის, ყველა დარღვევაზე წერდა საჩივარს, რის გამოც რეგულარულად ისჯებოდა. 25 სექტემბერს, ლაშა ტელეფონით ჩაერთო ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში და შეეცადა, პირადად მიეწოდებინა საზოგადოებისათვის ინფორმაცია ციხეებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე. ამის შემდეგ მასზე დაიწყო ზემოქმედება, რასაც მოჰყვა მორიგი პროტესტი იმედაძის მხრიდან - თავი დაიზიანა, გამოიფატრა მუცელი. იმედაძეს მაშინვე არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რის შედეგადაც ჭრილობა დაუჩირქდა. ის 9 ოქტომბრამდე ითხოვდა ექიმის მისვლას და მედიკამენტებს. მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ არ ჰყავთ ექიმი და არ აქვთ მედიკამენტები. მე ვიმყოფებოდი ამ დაწესებულებაში და გავარკვიე, რომ ქსნის მე-15 დაწესებულების ე.წ. კრიტს ექიმი არ ჰყავს.

- რატომ არ ჰყავს დაწესებულებას ექიმი?

- ქსნის N15 დაწესებულებაში ჰყავდათ ექიმი, რომელიც წავიდა და არავინ მიდის იქ სამუშაოდ, რადგან ყველამ იცის, რა საშინელი პირობებია. 9 ოქტომბერს იმედაძემ ხელმეორედ გადაიჭრა მუცელი და უკვე ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა. ხუთი საათის განმავლობაში პატიმარი იყო უექიმოდ, ღია ჭრილობებით, მან ბევრი სისხლი დაკარგა. ლაშა არ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, თუმცა შემდეგ მასთან შეიყვანეს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულების ექიმი, რომელმაც იქვე ამოუკერა ჭრილობები. 11 ოქტომბერს ლაშა იმედაძე მოინახულეს ოჯახის წევრებმა და სწორედ მათ გაავრცელეს ეს ინფორმაცია.

- როგორც ამბობენ, ციხეებში კვლავ გაუსაძლისი მდგომარეობაა, რა პრობლემები აქვთ დღეს პატიმრებს?

- დღეს ქსანშიც და სასჯელაღსრულების ყველა სხვა დაწესებულებაში ერთნაირი მდგომარეობაა. მართალია, არჩევნების შემდეგ ძველებური წნეხი აღარ არის, მაგრამ თვითონ ქსნის ციხეში პირობები გაუსაძლისია. პატიმრები ყველაზე მეტად უჩივიან ადმინისტრაციისგან უყურადღებობას. ასევე, მითხრეს, რომ ახალი ხელმძღვანელობა ბლოკავს პატიმრების საჩივრებს - ისინი წერენ გაუსაძლის პირობებზე, მაგრამ საჩივრები არ მიდის ადრესატამდე და ისევ ადმინისტრაციაში რჩება.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ