დამარწმუნეს, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ევროპაში უნდა შედგეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა ევროკომისარ შტეფან ფულესა და ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო მისი მეორე შეხვედრა შტეფან ფულესთან, რომელზეც საინტერესო საუბარი წარიმართა. "მივიღეთ ბევრი რჩევა და მიპატიჟება. დამარწმუნეს, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ევროპაში უნდა შედგეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შტეფან ფულესთან შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გაიმართა და მასზე საუბარი საქართველო-ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს შეეხო. ევროკომისარმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.