მამუკა ონაშვილი - "სიყვარულს შეუძლია, ყველაფერი გაგაკეთებინოს..."

მამუკა ონაშვილი -  "სიყვარულს შეუძლია, ყველაფერი გაგაკეთებინოს..."

ბოლო დროს ტელეეკრანზე აქტიურად აღარ ჩანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომღერალი, მსახიობი და ჩინებული თამადა - მამუკა ონაშვილი თავის საქმეს ჩამოშორდა. "ბავშვური აურის" მქონე შემოქმედმა პატარებთან საერთო ენის გამონახვისა და 500-კაციანი სუფრის წინამძღოლობის საიდუმლო გაგვანდო.

- მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ხართ...

- ასეა. როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ბევრი ჯილდო მაქვს მიღებული. ახლაც გავიდოდი რომელიმე კონკურსზე, მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევენ; მეუბნებიან, - წლოვანებაში აღარ ეტევიო (იცინის)...

- როგორ ფიქრობთ, მომღერალი უფრო ხართ თუ იუმორისტი?

- უპირველესად, მომღერალი ვარ. თუმცა, დროთა განმავლობაში მსახიობი, პაროდისტი, წამყვანი გავხდი. ძალიან ხშირად მთხოვენ კორპორაციული საღამოს, იუბილეს და ა.შ. წამყვანობას. ვცდილობ, ქორწილებსაც შოუს სახე მივცე...

- სცენაზე ყოფნისას სიმღერის ან მონოლოგის ტექსტი თუ დაგვიწყებიათ?

- ერთხელ ვასრულებდი სიმღერას - "ის სხვა". ეს სიმღერა ხალხმა ლამის ზეპირად იცის, მე კი იმ დღეს ტვინში რაღაც "გადამეკეტა" და ერთი და იგივე ტექსტი სამჯერ ვიმღერე... მომღერლისთვის და მსახიობისთვის მთავარია, ასეთ დროს არ დაიბნეს და სიტუაციიდან როგორმე გამოძვრეს...

- ბავშვობა გაიხსენეთ...

- უზრუნველი ბავშვობა მქონდა. ლამაზ, თბილ და გემრიელ იტალიურ ეზოში ვიზრდებოდი. ვთამაშობდით ფეხბურთს და "ასფალტის ჰოკეის"... ბავშვობის მეგობრებთან დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.

- "იუმორინაში" როგორ აღმოჩნდით?

- ბატონი ჯემალ ბაღაშვილის კონცერტებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვადევნებდი თვალყურს. ერთხელ ბესო ბერულაშვილმა და ნინაკა გელაშვილმა დამირეკეს: სუფრასთან რომ მაგარი ხარ, წამოდი და ჯემალს მოაწონე თავი, იქნებ რამე როლზე დაგაკავოსო. მართალია, მაშინ მომღერლად უფრო აღვიქვამდი საკუთარ თავს, მაგრამ "სინჯებზე" მაინც წავედი. გარდა სიმღერისა, ბატონმა ჯემალმა პაროდიის თეატრის წევრობაც დამავალა და მას შემდეგ, აგერ უკვე 11 წელია, ერთი დიდი ოჯახივით ვართ შეკრული. მართალია, დღესდღეობით "იუმორინას" მცირე პაუზა აქვს, მაგრამ მალე მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარვდგებით.

- გადაცემის - "მხიარული ოჯახი" წამყვანი იყავით. პატარებთან ურთიერთობის დასამყარებლად განსაკუთრებული ნიჭია საჭირო?

- ხშირად ამბობენ, რომ პატარებთან ურთიერთობა რთულია. ჩემი აზრით, თუ ბავშვთან საუბრისას თავადაც ბავშვი არ გახდები, მასთან კონტაქტში ვერაფრით შეხვალ; თუ პატარას ჭკუის დარიგება და ზემოდან ყურება დაუწყე, ჯინში ჩაგიდგება და შეიძლება, დაუნდობელიც კი გახდეს; თუ დაინახა, რომ მის წინაშე "ბავშვი" დგას, აბსოლუტურად მორჩილი ხდება - უკვე იცის, რომ "მისიანი" ხარ და გენდობა. როგორი უცნაური ბავშვიც უნდა გამაცნონ, უცებ გადმომყავს ჩემს ჭკუაზე ან მე გადავდივარ მის ჭკუაზე (იცინის)...

- ოდესმე, სიყვარულის სახელით, რაიმე სისულელე თუ ჩაგიდენიათ?

- როგორ არა! საყვარელი ადამიანის გამო ბევრი სისულელე ჩამიდენია, მაგრამ იმ ამბების გახსენებას ნუ მთხოვ. ისე, სიყვარული დიდი ძალაა. მას შეუძლია, ტვინი "გადარაზოს" და ყველაფერი გაგაკეთებინოს...

- როგორ შეაფასებთ ადამიანს, რომელსაც იუმორის გრძნობა არ აქვს? ასეთ ადამიანთან ურთიერთობა რთულია?

- აღმოვჩენილვარ სიტუაციაში, როცა ხალხი სიცილისგან ლამის, იგუდებოდა, მათ შორის კი იყო ადამიანი, რომელსაც არც მონაყოლზე და არც სხვების სიცილზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ასეთ ადამიანს შეიძლება, ისეთ რამეზე გაეცინოს, რაზეც მე არასოდეს გამეცინება. მე მხოლოდ კარგი, ცხელ-ცხელი, ნაღდი იუმორი მიყვარს. მაღიზიანებს ე.წ. შავი იუმორი.

- ცნობილია, რომ ჩინებული თამადა ხართ. როგორ ფიქრობთ, სუფრის წინამძღოლი აუცილებლად განათლებული ადამიანი უნდა იყოს?

- თუ თამადა განათლებული ადამიანია, ამას რა სჯობია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სუფრის წინამძღოლობისთვის მხოლოდ წიგნიერება არ არის საკმარისი. თამადა "პურის უფალი", სუფრის მმართველია; მას ეს ნიჭი უფლისგან უნდა ჰქონდეს მიმადლებული. ადვილი არ არის 300 ან 500-კაციანი სუფრის გაძღოლა. პირადად მე, "მოძრავი თამადა" ვარ - ანუ ერთ ადგილას არ ვზივარ და მხოლოდ განკარგულებებს არ გავცემ. თამადა წესით, შოუმენიც უნდა იყოს. ჩემი სათქმელი, "ფაილები" გულში მაქვს ჩაკეცილი... და კიდევ, თამადა აუცილებლად კეთილი კაცი უნდა იყოს და ეს სიკეთე დაუნანებლად ამოიღოს გულიდან, სუფრის წევრებს გაუნაწილოს.

- როგორ ფიქრობთ, სცენიდან მომღერლის პიროვნული თვისებები ჩანს?

- აუცილებლად! სცენაზე თავიდან ბოლომდე იშიფრები. რა ემოციასაც გასცემ, ზუსტად იგივე დაგიბრუნდება. მე ქედს ვიხრი ჩემი მაყურებლის წინაშე, რადგან მათ გარეშე არაფერი ვიქნებოდი...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"