გიორგი გოგოლაშვილი: "უნივერსიტეტი ისევ ლომაიას რელსებზე დგას"

გიორგი გოგოლაშვილი: "უნივერსიტეტი ისევ ლომაიას რელსებზე დგას"

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი გოგოლაშვილმა "ყველა სიახლის" რედაქციას გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ავტორი განათლების სისტემაში, კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად შექმნილ ვითარებაზე გამოხატავს თვალსაზრისს:

უნივერსიტეტი ლომაიას დაგებულ რე­ლსებზე დგას და უფსკრულისკენ მიექანება. ეს რომ ასეა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ახლახან ჩატარებულმა კონკურსმა. "რეფორმირებულ" უნივერსიტეტში მესამედ ჩატარდა კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. ეს კონკურსი წინა კონკურსებისაგან (2006, 2009 წ.) პრინციპულად არაფრით განსხვავდებოდა; არაობიექტურობა, უსამართლობა, არაპრო­ფესიონალიზმი და "ხელისუფლებასთან დაახლოებულობა" წითელ ხაზად გასდევდა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს... ამ დღეებში არაერთი ასეთი ფაქტი გამოვლინდა და გახმაურდა; უნივერსიტეტი მშვიდად ისმენდა მხილებას... და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტობა აზვირთდა. მოითხოვდნენ, შეეწყვიტათ პოლიტიკური ნიშნით პროფესორების დევნა, ანგარიში გაეწიათ პროფესიონალიზმისათვის, უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტულად სტუდენტი და ლექტორი ქცეულიყო... სამწუხაროდ ჩვენდა, ჩვენს თავს დატეხილმა საზოგადოებრივმა უბედურებამ (საპატიმროს გახმაურებულმა ფაქტებმა) გადაფარა უნივერსიტეტის ამბები... ვიმედოვნებ, ჩვენი ახალგაზრდობა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს; იმის იმედიც მაქვს, რომ მათ უნივერსიტეტის ბედით დაინტერესებული უფროსობაც დაუდგება გვერდით...

ამჟამად უნივერსიტეტში მიმდინარე უსამართლობის, არაობიექტურობის, პოლიტიკური მოტივირებულობის ერთ ტიპურ მაგალითზე გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას. საზოგადოებას ახსოვს 2005-2006 წლების საუნივერსიტეტო მოძრაობა. იმჟამად ჩვენ, უნივერსიტეტის პროფესორებს, დაგვიპირისპირდა პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო (გაგვასამართლეს როგორც ხულიგნები), მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტიც კი... დამარცხებულებმა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ უნივერსიტეტი... უნივერსიტეტიდან ავადხსენებული გიორგი ხუბუას გაგდების შემდეგ ვიფიქრე, მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლება-მეთქი და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო კონკურსში. კენჭი ვიყარე ქართული ენის ინსტიტუტის ძველი ქართული ენის სრული პროფესორის თანამდებობაზე (2006 წლამდე ვიყავი ძველი ქართული ენის კათედრის გამგე). ეჭვი მქონდა, რომ ლომაია-ხუბუას ინტერესები ისევ ცოცხლობდა უნივერსიტეტში, ამის გამო შეიძლებოდა პრობლემები შემქმნოდა და "თადარიგისათვის" განცხადებით მივმართე უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს, ყოფილიყო გარანტი ობიექტური და სამართლიანი კონკურსისა (წესით, ამას შეხსენება არც უნდა დასჭირვებოდა), მაგრამ არ გაჭრა ჩემმა "წინდახედულობამ"... ჩემი კონკურენტი იყო ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე (ლომაია-ხუბუას გუნდის პრივილეგირებული წევრი). ჩემი ეჭვი გამართლდა - ამოქმედდა ლომაია-ხუბუას ინტერესი: მე არ უნდა გამემარჯვა კონკურსში. ასეც მოხდა. საქმის არსი კი ასეთია:

კონკურსის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო შესაბამისობა კონკურსანტის ფორმალურ მონაცემებსა და ვაკანსიის პროფილს შორის. ამ მონაცემთა შეუსაბამობის შემთხვევაში კონკურსანტი უნდა მოხსნილიყო კონკურსიდან. ჩვენს შემთხვევაში ვაკანსიის პროფილი არის ენათმეცნიერება - ქართული ენა (ძველი ქართული ენა და ტექსტოლოგიური კვლევები). დარეჯან თვალთვაძის განათლება (კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი), მეცნიერული კვალიფიკაცია (ლიტერატურისმცოდნე) და სანიმუშოდ წარდგენილი ნაშრომი (ეს არის ნაშრომი, რომელშიც ლიტერატურისმცოდნეობის სადისერტაციო საბჭომ მიანიჭა კანდიდატის ხარისხი) კი არ შეესაბამებოდა ვაკანსიის პროფილს. კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც სხვებთან ერთად შედიოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, იურიდიული, სამეცნიერო და ხარისხის მართვის სამსახურების ხელმძღვანელები, კონკურსში დარეჯან თვალთვაძეს გაამარჯვებინა.

რა მოხდა? რამდენიმე მომენტი: დარეჯან თვალთვაძე არის დეკანი (ადმინისტრაციული მუშაკი); მან თავად შეადგინა კომისია ერთგულებისა და მორჩილების პრინციპით (კომისიის 9 წევრი იყო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი) და წარუდგინა დასამტკიცებლად რექტორს. კონკურსანტების ბედი წყდებოდა ღია კენჭისყრით (?), დეკანი - კონკურსანტი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მუშაობდა გვერდით ოთახში... მოგეხსენებათ, ეს ნებისმიერი საარჩევნო პროცესის სერიოზული დარღვევაა დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში. ამას თანამდებობის ბოროტად გამოყენება ჰქვია...

კომისიის თავმჯდომარე ლაპარაკობდა, რომ დარეჯან თვალთვაძე "ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და უნდა გაიმარჯვოს"... გაიმარჯვა კიდეც. და შედეგი ასეთია: კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი, ლიტერატურისმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი დარეჯან თვალთვაძე იკავებს ძველი ქართული ენის სრული პროფესორის ადგილს. ხოლო ენათმეცნიერი, ქართული ენის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მრავალი მონოგრაფიის ავტორი დამარცხდა.

ხაზგასმით აღვნიშნავ: კონკურსის მიმდინარეობის საქმის კურსში იყო რექტორი. საბუთების შეტანის დასრულებისთანავე, 12 ივლისს, მას მივმართე განცხადებით, ყოფილიყო კონკურსის ობიექტურად ჩატარების გარანტი; კონკურსის დასრულებისთანავე, 10 აგვისტოს, ასევე მივმართე განცხადებით რექტორს, არ დაემტკიცებინა უსამართლო გადაწყვეტილება. პირადი შეხვედრაც მოვინდომე, მაგრამ ვერ შევძელი - რექტორმა "ვერ მოიცალა"... და ერთი თვის შემდეგ, 10 სექტემბერს, მაღირსა პასუხი... სამარცხვინოა, რომ რექტორისადმი გაგზავნილ განცხადებაზე უნივერსიტეტიდან ასეთი ცინიკური პასუხი მივიღე: "თქვენი განცხადება გადაეგზავნა იმ საკონკურსო კომისიას, რომლის არაობიექტურობასაც ხაზს უსვამდით, რაზეც გამოხატავდით უკმაყოფილებას".კომისიამ, ცხადია, თავისი მუშაობა დადებითად შეაფასა და დამანამუსა, შენი პრეტენზია "სიმართლეს არ შეესაბამებაო" (ეს ამბავი განათლების სამინისტროსაც ვაცნობე სექტემბერშივე და... ველი პასუხს).

აქ დღევანდელი უნივერსიტეტის ერთი უბედურებაცაა - ეს არის არაპროფესიონალიზმის წაქეზება და მხარდაჭერა: ქართული ენის სრული პროფესორის თანამდებობაზე აირჩიეს ენის არასპეციალისტი... და ამ "სპეციალისტმა" უნდა წაიკითხოს ძველი ქართული ენისა და ქართული ენის ისტორიის კურსები მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში (?!) უნდა უხელმძღვანელოს მაგისტრებსა და დოქტორანტებს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა; სავალალო ვითარებაა ამ მხრივ ფიზიკოსებთან; სერიოზული პრობლემები გვაქვს ჰუმანიტარებთანაც. ერთ კურიოზულ მაგალითს მოვიყვან: მითხრეს, აკადემიური წერის კურსს (ლინგვისტური საგანია) ისტორიკოსები კითხულობენო. არ დავიჯერე, დეკანთან, დარეჯან თვალთვაძესთან, დავაზუსტე; დეკანმა ამიხსნა: ისტორიკოსებს საათები არ ყოფნით და "წერით" შევუვსეთ დატვირთვაო(?!) ამ თემაზე ბევრის თქმა შეიძლება... არაპროფესიონალიზმი ყვავის უნივერსიტეტში!

2009 წელს ვწერდი: "ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ხუბუას დაწესებულებად გადაკეთდა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტსა და ხუბუას დაწესებულებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც დიდ ივანე ჯავახიშვილსა და გიორგი ხუბუას შორის-მეთქი"... სამწუხაროდ, ხუბუას დაწესებულებას ჯერჯერობით რაიმე სასიკეთო პერსპექტივა არ უჩანს; ამ ფორმულაში სხვა გვარის ჩასმაც შეიძლება! ვითარება არ შეიცვლება...

არადა, ვითარება უნდა შეიცვალოს!... "ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!"

P.S. "ყველა სიახლის" რედაქცია მზად არის, ბატონი გიორგი გოგოლაშვილის წერილში აღწერილ საკითხებზე პოლემიკა განაგრძოს და დაინტერესებულ პირებს პოზიციის გამოხატვის საშუალება მისცეს.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"