საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში 3 ფრაქციის ფორმირება მოხდება. ყველაზე მრავალმანდატიანი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იქნება , რომელშიც პარტიული სიით გასული დეპუტატები და რამდენიმე მაჟორიტარი გაერთიანდება. მას გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს. უმცირესობის ფარგლებში შეიქმნება ასევე ორი მცირერიცხოვანი, მაჟორიტარებისგან შემდგარი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები" და "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები". პირველს სათავეში წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული აკაკი ბობოხიძე ჩაუდგება, მეორეს კი - ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, პარლამენტის სპიკერატში კი მათი კვოტით გიორგი ბარამიძეს წარადგენენ. ამასთან, უმცირესობას თავმჯდომარის მოადგილე ყველა საპარლამენტო კომიტეტში ეყოლება.
მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, ქუთაისში, 13:00 საათზე გაიხსნება.