რაზე ესაუბრა გიორგი დემეტრაძე ციხეში შესულ ფეხბურთელებს?!

რაზე ესაუბრა გიორგი დემეტრაძე ციხეში შესულ ფეხბურთელებს?!

კვირას, 21 ოქტომბერს, რუსთავის №17 კოლონიაში გიორგი დემეტრაძესთან ფეხბურთელები შევიდნენ და მინი ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს. ეს ინფორმაცია "ქრონიკას" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. როგორც "ქრონიკას" უთხრეს, საფეხბურთო მატჩი დემეტრაძის მეგობრის, ფეხბურთელ ლადო ბურდულის ინიციატივით შედგა. სხვათა შორის, ისიც გვითხრეს, რომ ამ შეხვედრის ჩატარებას ფეხბურთის ფედერაცია ყველა გზით ხელს უშლიდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც დათანხმდაო. ასეა თუ ისეა, კვირას შეხვედრა შედგა, სტუმრად მისულმა ფეხბურთელებმა და პატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების სტადიონზე ორი შეხვედრა გამართეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, "ქრონიკა" ფეხბურთელ ლადო ბურდულს დაუკავშირდა:

- საიდან გაიგეთ?! ძალიან ვიწრო წრემ ვიცოდით, ეს მეგობრული მატჩი იყო და არ ვაპირებდით მედიით გახმაურებას...

- ანუ გვიდასტურებთ, რომ შეხვედრა შედგა?

- უკვე გცოდნიათ და დამალვას რა აზრი აქვს? მინი ფეხბურთში ეს მატჩი ჩემი ინიციატივით შედგა. მე დემესთან დიდი ხანია ვმეგობრობ და ამის გაკეთება დიდი ხანია მინდოდა. რამდენიმე წლის წინათაც შევედით და ვითამაშეთ ფეხბურთი პატიმრებთან, მერე დემე რომ დაიჭირეს, მქონდა მცდელობა, მაგრამ უარი მითხრეს. ახლაც ვცადე და სასჯელსაღსრულების სამინისტროდან შაბათს დაგვირეკეს, კვირას ორ საათზე გელოდებითო. შევკრიბე 8-კაციანი გუნდი, შევედით და ვითამაშეთ...

- კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები შეხვედით?

- მე, ლევან ცქიტიშვილი, ზვიად სტურუა, მიხეილ ბობოხიძე, დავით გოგოლაძე, დავით დათვაძე, კოკა მიკუჩაძე და გიორგი ელიაური. დემეტრაძის გუნდში თვითონ დემე იყო, ყოფილი ფეხბურთელი მერაბ რატიანი და სხვა პატიმარი ახალგაზრდები. საინტერესო თამაში გამოვიდა. სამი ახალგაზრდა დამამახსოვრდა, შესანიშნავად ითამაშეს. მეკარე, 19 წლის ბიჭი, ნამდვილად პერსპექტიული ფეხბურთელია. არ მეგონა, ასეთი რთული თამაში თუ გვექნებოდა, მაგრამ დაძაბული მატჩები გაიმართა. პირველი 7-6 მოგვიგეს, მომდევნო კი ფრედ 4-4 დამთავრდა... შეხვედრას პატიმრებიც ესწრებოდნენ, ალბათ, 1000 კაცზე მეტი კი იყო. ბევრი ნაცნობი და მეგობარი ვნახეთ. ძალიან ემოციური დღე გამოვიდა...

- დემეტრაძე თავს როგორ გრძნობს?

- დემე ისე არის, მე მგონი, როცა ეროვნულ ნაკრებში ბოლო წლებში თამაშობდა, ისეთ ფორმაში არ იყო, როგორშიც ახლაა. საფეხბურთო კარიერაზე არ ფიქრობს, მაგრამ ფეხბურთში, ალბათ, დარჩება...

- განთავისუფლებას მალე ელოდება?

- დღეებს ითვლის და იმედი აქვს, რომ ძალიან მალე გამოვა. დავგეგმეთ, რომ ერთი ან ორი თვის შემდეგ ანალოგიური შეხვედრა კიდევ ჩავატაროთ, ოღონდ დემე ჩვენთან ერთად შევიდეს, სტუმრის სტატუსით.

- დაბოლოს, როგორც ჩვენ გავიგეთ, ამ მატჩის ჩატარებას ფეხბურთის ფედერაცია ეწინააღმდეგებოდა...

- აი, ეს კი ვერ უთქვამთ სიმართლე. ჩვენ ეს მატჩი ფეხბურთის ფედერაციის წერილის საფუძველზე გავმართეთ. პირადად შევხვდი ზვიად სიჭინავას, რეზო არველაძეს, გამიკეთეს შეამდგომლობა და ამის საფუძველზე სასჯელაღსრულების სამინისტრომ ნება დაგვრთო, ამხანაგური შეხვედრა გაგვემართა.

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"