ლევან ბერძენიშვილი - თუ დიმიტრი შაშკინს საქართველოს სამართლებრივი ვალი აქვს, ქვეყანა მას ყველგან იპოვის

 ლევან ბერძენიშვილი - თუ დიმიტრი შაშკინს საქართველოს სამართლებრივი ვალი აქვს, ქვეყანა მას ყველგან იპოვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოდან გაიქცა.

"ის გაიქცა, ამას ბევრი იწილო-ბიწილო არ უნდა. სამარცხვინოა მისი საქციელი, მაშინ როცა მისი გუნდის წევრები ჯერ კიდევ აქ არიან. გამოდის, რომ თანამდებობის გარეშე აღარ უყვარს საქართველო. ასეთი რამ მე არ გამიგია", - განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს".

მისივე აზრით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, იმის გამო მიიღო, რომ სამართლებრივი სისტემის შეეშინდა.

"როცა საუბარია დიმიტრი შაშკინზე, ადეიშვილზე, ახალაიებზე და იმაზე, რომ ისინი სამშობლოს ტოვებენ, ამის მოტივი არის არა ის, რომ მათ ვინმე პოლიტიკურ დევნას უპირებს, არამედ ის, რომ სამართლებრივი სისტემის ეშინიათ. მათ უკან, როგორც ჩანს, დგას დანაშაული. თუმცა თავს შევიკავებ სამართლებრივი შეფასებისგან, ამას გამოძიება დაადგენს", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, შაშკინმა უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს მიმართ რაიმე "სამართლებრივი ვალი" აქვს, ქვეყანა მას ყველგან იპოვის.

"შაშკინმა უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს მიმართ რაიმე სამართლებრივი ვალი დარჩა, საქართველო მას იპოვის ყველგან. სამგზის მინისტრი იყო და ცოტა ღირსეულად უნდა იქცეოდეს", - განმარტა ბერძენიშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქის" თავის ოფიციალურ გვერდზე ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების, ჯარისკაცების, მეგობრებისა და კოლეგებისადმი მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ის ტოვებს ქვეყანას იმ იმედით, რომ დაბრუნდება და კვლავ ექნება საშუალება, ემსახუროს ქვეყანას და ხალხს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა