არჩევნებამდე ძალზე ოპტიმისტურად გვეჩვენებოდა პროგნოზი, რომ ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანო პირველი სხდომისთვის მშვიდად მოემზადებოდა და ძირითადი პრობლემა ქუთაისის პარლამენტის შენობის მდგომარეობა იქნებოდა. არჩევნებამდე ბევრი მიიჩნევდა, რომ პირველი სხდომა საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართებოდა. საბედნიეროდ, ქართველი საზოგადოების სიმტკიცისა და დასავლეთის მკვეთრი პოზიციის გამო, მოვლენები "ტრადიციული" სცენარით არ განვითარდა. 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს განსახილველი, თუმცა პირველ რიგში, ალბათ, საკანონმდებლო ორგანომ თავისი რეალური ფუნქცია უნდა დაიბრუნოს. ბოლო წლებში პარლამენტი ისე დაკნინდა, რომ მას მთავრობის ნოტარიუსს უწოდებდნენ, ერთ-ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს კი ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან კროსვორდებს უგზავნიდნენ.
საკანონმდებლო ორგანოში იყო შემთხვევებიც, როდესაც კანონპროექტის მესამე განხილვის წინ, ოპოზიციონერები აღმოაჩენდნენ, - უმრავლესობას დოკუმენტისთვის რამდენიმე მუხლი თვითნებურად დაუმატებია იმის იმედით, რომ გადაღლილ დეპუტატებს ეს "გამოეპარებოდათ". მოკლედ, საქართველოს პარლამენტიც, მთელი ქვეყნის არ იყოს, ისტორიის ახალ ეტაპს იწყებს. ამას ეთანხმება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ "მერვე მოწვევის საკანონმდებლო ორგანო ეფექტური იქნება".
- საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა ამის იმედს ნამდვილად იძლევა. ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტი შედგა. რაც მთავარია, ეს მოხდა მშვიდობიანად და ცივილიზებული გზით. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი დასავლეთს მიუძღვის. არჩევნებამდე დასავლეთიდან არაერთხელ მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ თუ საქართველოში პროცესები დემოკრატიულ იერს მიიღებდა, ევროპა და აშშ მხარს დაუჭერდნენ როგორც ქვეყანას მთლიანად, ისე მის პოლიტიკურ ლიდერებს. სწორედ დასავლეთის პოზიციის გამო, სააკაშვილმა სასწრაფოდ შეაჩერა "ზონდერბრიგადების" მზაობა და ყველა ის პროცესი, რაც "ნაციონალების" ხელისუფლებისთვის ბრძოლას გადაიყვანდა ძალისმიერ რელსებზე. საბოლოოდ, მშვიდობიანი ფინალი მივიღეთ.
- თქვენი აზრით, რამდენად მყარი იქნება ფრაქციებად დაყოფილი უმრავლესობა? ბლოკი "ქართული ოცნება" მაინც სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან შედგება. ასევე, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ დაშლა პირველ რიგში "ნაციონალურ" საპარლამენტო უმცირესობას ემუქრება.
- არ არის გამორიცხული, "ნაციონალური მოძრაობა" მართლაც დაიშალოს, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს პარლამენტში ყოფილი მმართველი ძალა, ჩემი აზრით, სწორედ დასავლეთის პოზიციის გამო, "ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე იქნება ძალიან დამყოლი და ხავერდოვანი. "ქართული ოცნება" კი მრავალფრაქციული იქნება, თუმცა მეეჭვება, ამან შიდა ნაპრალები გააჩინოს, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური ძალის, სიცოცხლისუნარიანობის გაქრობის პროცესი არ დასრულებულა. სანამ "ნაციონალური მოძრაობისა" და იმ დანაშაულებების თემა, რომელთა გამოძიებასაც მოსახლეობა მოითხოვს, აქტუალური იქნება, "ქართული ოცნების" ერთიანობას საფრთხე არ დაემუქრება.
- დანაშაულებებს პარლამენტის საგამოძიებო კომისია გამოიძიებს. ამ კომისიის მუშაობის დაწყების შემდეგ ხომ არ დასრულდება, როგორც თქვენ ბრძანეთ, "ნაციონალური მოძრაობის" ხავერდოვნებისა და დამყოლობის ეტაპი?
- თუ დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კონტრშეტევისთვის მოემზადება, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამას რესურსები სჭირდება. ადამიანური რესურსები კი "ნაციონალურ მოძრაობას" სულ უფრო უმცირდება. ამდენი გაქცეული მინისტრი, მგონი, საქართველოს უახლოეს ისტორიას არ ახსოვს. როცა მინისტრები გარბიან, დაბალ საფეხურზე მყოფი ადამიანები უფრო ენერგიულად შველიან თავს გაქცევით. ასე რომ, თუ "ნაციონალურ მოძრაობას" კონტრშეტევა მოუნდა, მას საამისოდ, ელემენტარულად, ჯარისკაცები არ ეყოლება.
- გასულ კვირას მთავრობის სრული შემადგენლობა გახდა ცნობილი. ვინ არის ოპტიმალური კადრი და ვის გაუჭირდება დაკისრებული მოვალეობის შესრულება? შეგახსენებთ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ენერგეტიკის მინისტრად კახი კალაძის წარდგენას აჟიოტაჟი მოჰყვა. ასევე, არასამთავრობოების ნაწილს შენიშვნები აქვთ განსახლების მინისტრად წარდგენილ დავით დარახველიძესთანაც, რომელსაც ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ.
- "ქართულ ოცნებაში" ბევრი იურისტი და ეკონომისტია, რაც მისასალმებელია, რადგან თუ გავიხსენებთ სხვა პარტიებს, მათთან ბევრი მოლაპარაკე იყო, მაგრამ შესაბამისი დარგების ცოტა პროფესიონალი. არადა, სახელმწიფო ეფუძნება სწორედ ეკონომისტებისა და იურისტების გამართულ მუშაობას. დღეს ამ მხრივ კარგი მდგომარეობაა და ეს აისახა კიდეც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე. შესანიშნავი კანდიდატებია ეკონომიკურ და იურიდიულ ბლოკებში. თუმცა სხვა სფეროების მიმართ ჩნდება კითხვის ნიშნები.
რაც შეეხება კალაძის საკითხს - გავიხსენოთ, რა ეტაპზე გამოხატა კალაძემ პროტესტი, გავიხსენოთ ისიც, რომ მან პროტესტი გამოხატა არა პირად საკითხზე, როგორც ყველაზე ხშირად ხდება, არამედ მეგობრის გამო. მას შემდეგ კალაძის პოზიციას სიმყარე არ მოჰკლებია, აზრი არ შეუცვლია, რაც, სხვათა შორის, ბევრმა ვერ მოახერხა. ასეთი პიროვნული თვისებების ფონზე ძნელია, რომ კონკრეტულ სფეროში კალაძის პროფესიონალიზმის საკითხი წინა პლანზე წამოვწიოთ. ბიძინა ივანიშვილმა ითხოვა კიდეც, კალაძე არ არის პროფესიონალი, მაგრამ მჯერა, რომ ის მოახერხებს, საქმეს კარგად გაუძღვეს და მომეცით უფლება, ეს ნაბიჯი გადავდგაო. "ქართული ოცნების" ლიდერი ცდილობს, გზა გაუხსნას კალაძეს და მის პოლიტიკურ პროფესიონალიზმს მეტი შესძინოს. ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე ამ ოცი წლის განმავლობაში და ახლაც, პრაქტიკულად, საქართველოს ისტორია შემოატრიალა. ამიტომ, მოდით, კალაძე მას "ვაპატიოთ". რაც შეეხება დარახველიძეს, ალბათ, გაირკვევა ყველა გაუგებრობა.
- ტელერადიოკომპანია "იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, რაც საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო. უცნობია, რა პროცესები უძღოდა ამას წინ. ერთი ვერსიით, ეს საკითხი ივანიშვილ-სააკაშვილის შეხვედრაზე გადაწყდა, მეორე ვერსიით კი, გადამწყვეტი როლი ისევ საერთაშორისო ჩარევამ ითამაშა.
- მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ არსებული განწყობილებებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ეს ორი ადამიანი რაიმეზე შეთანხმდა. მე მაინც მგონია, რომ "იმედის" მეპატრონისთვის დაბრუნების საკითხში საერთაშორისო განწყობილებებმა ითამაშეს დიდი როლი. საერთაშორისო საზოგადოებას არ დავიწყებია 2007 წლის ნოემბერში "იმედის" დარბევა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადადგომამ მოუწია. საბოლოოდ საერთაშორისო საზოგადოების პოზიციამ თავისი როლი შეასრულა და არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ალბათ, ჯერ კიდევ მოქმედმა ხელისუფლებამ ამ პოზიციას წინააღმდეგობა ვერ გაუწია.