ერთ-ერთი მინისტრის მოადგილეს ერთგული თანაშემწე ჰყავდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზემოხსენებული მაღალჩინოსანი გაერიდა "ხელისუფლების გადაბარების პროცესს" და საზღვარგარეთ გაემგზავრა ისე, რომ სამინისტროში არავინ გაუფრთხილებია.
თანაშემწე შეშფოთდა. მოახერხა და პირადი კონტაქტებით გაიგო მინისტრის ადგილსამყოფელი და ამსტერდამში ჩააკითხა. შენ სადღა გარბოდი, სულ ორი თვეა რაც მუშაობ, არაფერი გემუქრებაო, - გაუკვირდა მინისტრის მოადგილეს. რა ვიცი, ყველანი წახვედით და მეც წავედიო, - უპასუხა თანაშემწემ. დაახლოებით ისე გამოვიდა, ფილმში "джентльмени удачи" რომ ამბობს ერთ-ერთი პერსონაჟი - " все побежали и я побежал."
კომიკურად განვითარდა მოვლენები მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებითაც. სარწმუნო წყაროს ცნობით, ზოდელავა უკვე მზად იყო საზღვარგარეთ გასამგზავრებლად და მის ჯიბრზე, მაინცდამაინც მაშინ განაცხადა თეა წულუკიანმა - ჩემი ინფორმაციით, ზოდელავა გაიქცაო. ავლაბრის რეზიდენციაში შეშფოთდნენ და ჩემოდანჩალაგებული ზოდელავა აიძულეს, რამდენიმე დღე კაბინეტში ეყურყუტა, რათა მედიისთვის ოფიციალურად განეცხადებინათ - მთავარი პროკურორი ჩვეულ რეჟიმში მუშაობსო.
თუმცა "გაქცეულებს" შორის "პირველი მერცხალი" ზოდელავას უშუალო უფროსი, ზურაბ ადეიშვილი იყო. იუსტიციის მინისტრმა 5 ოქტომბერს აიღო შვებულება (ოფიციალური ინფორმაციით) და რა თქმა უნდა, "დასასვენებლად" საზღვარგარეთ გაემგზავრა. ბოლოს ის ფრანკფურტში ათი დღის წინ ნახეს.
დაახლოებით ამავე პერიოდში სარფის გავლით ქვეყანა და მამა "მიატოვეს" ძმებმა ახალაიებმა თავის "მასტერასთან" ერთად.
"არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ", - ეს თავდაცვის სამინისტროს ახალი დევიზია, რომელიც შაშკინმა შეიმუშავა. თუმცა თავად მინისტრმა თავის მოადგილესთან ერთად (დათა ახალაიაზე ზემოთ მოგახსენეთ) მშვიდობიანობის დროს მიატოვა უწყება და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. გამოდის, რომ ხუთშაბათამდე, სანამ ახალი მთავრობა დამტკიცდება, მტერი რომ თავს დაგვესხას, კოკა სეფერთელაძის იმედად უნდა ვიყოთ, თუ რა თქმა უნდა, ის საქართველოში იმყოფება.
შაშკინმა, სხვათა შორის, უცხოეთიდან უზარმაზარი მიმართვა გამოუგზავნა ჯარისკაცებს და კოლეგებს, რომელშიც დეტალურად აღწერა, თუ როგორ "ააღორძინა" ციხეები, ჯარი და განათლების სისტემა. ალბათ, რომ სცოდნოდა, რა გამოხმაურება მოჰყვებოდა სოციალურ ქსელებში მის უსტარს, "დუმილის უფლებას" აირჩევდა.
სხვები თუ საზღვარგარეთ ფარულად გაიქცნენ, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და "ნაცმოძრაობის" ახალი გენმდივანი ვანო მერაბიშვილი იქ ოფიციალური ვიზიტით "გაიპარა". საინტერესოა, რომელიმე ქვეყანაში თუ ხდება, რომ მთავრობის პრესსამსახური პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და არ უთითებს, კონკრეტულად რომელ ქვეყანაში ხორციელდება ის. როდის დაბრუნდება მერაბიშვილი უცნობია (თუ დაბრუნდება საერთოდ) - ალბათ, მაშინ, როდესაც უცხოეთში "ბუდის" მოწყობასთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებს.
კიდევ რამდენ მაღალჩინოსანს უჭირავს თვალი უცხოეთისკენ, უცნობია. თუმცა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის გადაბარების კი არა, მთავრობის გაქრობის პროცესი მიმდინარეობს.
სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა - შესაძლოა, "ნაციონალები" ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდნენო. თუმცა მანამდე ყოფილი მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურები უცხოეთიდან უნდა დაბრუნდნენ და არ გაემიგრანტდნენ.
თორემ თუ ასე გაგრძელდა, პრეზიდენტს მალე პოლიტიკური დასაყრდენი კი არა, ხმის გამცემი აღარ ეყოლება.
გიორგი კვიტაშვილი