რა პრინციპით აირჩია ბიძინა ივანიშვილმა მინისტრები, როგორ უნდა შეირჩეს კადრები და რომელი სტრუქტურების რეორგანიზაციაა აუცილებელი, ამ და სხვა თემებზე საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს, ყოფილ მთავარ სახელმწიფო ბრალმდებელს, კახა კახიშვილს ვესაუბრეთ:
- ბიძინა ივანიშვილის საკადრო გადაწყვეტილებებში მთავრობასა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ბალანსის დამყარების სურვილს ვხედავ. თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ალასანიას თანაგუნდელები ჭარბობენ, პარლამენტში საკვანძო თანამდებობებზე რესპუბლიკელები არიან. შს სამინისტრო, პროკურატურა, ეკონომიკა, ფინანსთა სამინისტრო და ენერგეტიკა კი ივანიშვილმა პირად კონტროლს დაუქვემდებარა.
- როდესაც კახი კალაძე ჯერ ინფრასტრუქტურის, შემდგომ კი ენერგეტიკის მინისტრად დასახელდა, ითქვა, რამდენად უნივერსალურია კალაძე, რომ ერთნაირი წარმატებით გაართმევს თავს ორ სრულიად განსხვავებულ დარგსო?
- კახი კალაძე ივანიშვილის ნდობით სარგებლობს. გამოჩნდა, რომ მას ივანიშვილი მოიაზრებდა იმ სამინისტროებში, სადაც დიდი ფული ტრიალებს. ჩანს, ივანიშვილის გათვლა ასეთია, - კალაძე მინისტრობის პერიოდში უზრუნველყოფს იმას, რომ მის სამინისტროში ფული არ მოიპაროს ვინმემ. შეიძლება ივანიშვილმა კალაძეს ისეთი მოადგილეები შეურჩიოს, რომელთაც იციან ენერგეტიკა და მათ წარმართონ საქმე, კალაძეს კი, ძირითადად, ფულის გაკონტროლება დაევალება. ნოდარ ხადურის დანიშვნა ფინანსთა მინისტრად, კალაძის - ენერგეტიკის მინისტრად, ირაკლი ღარიბაშვილის კი შს მინისტრად, ნიშნავს, რომ მთავრობაში საკონტროლო პაკეტები ივანიშვილმა დაიტოვა.
- განსჯის საგანი გახდა სპორტის მინისტრის წარდგენისას ივანიშვილის ნათქვამი, რომ ის დავით ყიფიანის შვილია და ესაა მისი მთავარი ღირსება.
- ვიღაცის შვილობა ან ოჯახის წევრობა არ უნდა იყოს თანამდებობაზე დანიშვნის კრიტერიუმი. ივანიშვილთან დაახლოებული ერთი ექსპერტის ინტერვიუში წავიკითხე, ივანიშვილს კადრების დეფიციტი აქვს და ამიტომ გაჭიანურდა მათი შერჩევაო. ჩემი აზრით, ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რომ "ქართული ოცნება" ასეთ გამარჯვებას არ ელოდა, თორემ კადრების დეფიციტი საქართველოში ნამდვილად არ არის. საჭიროა კადრების სწორად შერჩევა. ადამიანები პროფესიული ნიშნით უნდა ინიშნებოდნენ და არა პირადი ნაცნობობით ან იმის მიხედვით, ვინ რა როლი ითამაშა კონკრეტულ აქციაზე. პოლიტიკური მომენტის გათვალისწინება საჭიროა, მაგრამ ამისათვის არის საკანონმდებლო ხელისუფლება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი მთავარია კომპეტენცია და პროფესიონალიზმი. ბევრია პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი, რომლებიც შეიძლება პოლიტიკაში არ ერეოდნენ, მაგრამ თავიანთი საქმე იციან. ეს უნდა იყოს მთავარი და მერე ერთგულება. თუმცა ამჯერად დავინახეთ, რომ საკადრო გადაწყვეტილებებისას ერთგულების მომენტი იყო გადაჭარბებული.
- გარდამავალ ეტაპზე როგორ წარმოგიდგენიათ მთავრობის მუშაობა, სად შეიძლება იჩინოს თავი პრობლემებმა?
- ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ არ იქნება მასობრივი დათხოვნა სამსახურებიდან. აქედან გამომდინარე, სამინისტროებში დარჩებიან ისეთი პირებიც, რომლებიც შეეცდებიან, პრობლემები შექმნან, რომ შემდგომში საზოგადოებამ ამა თუ იმ მინისტრის არაეფექტურობაზე ილაპარაკოს. ამის გამო სირთულე ძალიან ბევრი იქნება, თანაც, დემოკრატიულად მართვა რთულია. მართვა ადვილი იყო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც წრე დახურული იყო და ვერსად იპოვიდი სიმართლეს, მაგრამ დღეს, როდესაც ლაპარაკია, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და სამართალდამცავი სისტემა მიუკერძოებელი, მინისტრს გაუჭირდება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება. სწორი მართვა უმნიშვნელოვანესია ახლა, როდესაც მოსალოდნელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მკაცრი ოპონირების რეჟიმში გადავა. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაიწყებს ხელოვნურ ოპონირებასა და პრობლემების შექმნას. ამ ხელისუფლებას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ მინისტრებმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ მართვა.