ფეხბურთის ბილეთი და დაუვიწყარი ჩექმებიანი კაცი...
ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში უთუოდ არსებობდა ადამიანი ან შემთხვევა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენზე და გვემახსოვრება მანამ, სანამ ცოცხლები ვართ. ვფიქრობ, ასეთი შთაბეჭდილების გაზიარება მკითხველისთვის საგულისხმო იქნება. ამიტომაც ვიწყებთ ახალ რუბიკას - "მემახსოვრება, სანამ ცოცხალი ვარ". შევეცდებით, საზოგადოებისთვის ცნობილი, საინტერესო წარსულის მქონე ადამიანების ცხოვრებას გადავავლოთ თვალი და დაუვიწყარი ეპიზოდები შემოგთავაზოთ. თუ ასეთი მოგონებების გაზიარებას მკითხველიც მოინდომებს, სიამოვნებით მოვუსმენთ.
სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის კარზე ზარს ვრეკავ. ხმა არ ისმის, ეტყობა, არ მუშაობს. ვაკაკუნებ. არავინ მეპასუხება. ფურცელზე ჩანიშნულ მისამართს კიდევ ერთხელ ვკითხულობ, ნამდვილად მესამე სართულია და თეთრი კარი მარცხნივ. რესპონდენტს ტელეფონით ვურეკავ, - თქვენს კართან ვდგავარ-მეთქი. "რას მეუბნები, არ გადამრიო, ჩემი საყვარელი "კვირის პალიტრიდან" ხართ?", - ნაცნობი ხმა ჯერ ტელეფონში მესმის, შემდეგ კი ნელ-ნელა კარს უახლოვდება. ეს კახი კავსაძეა - ჩვეული რიხითა და იუმორით.
სტალინის ჩიბუხი და ბაბუის დანატოვარი წერილი
"ძალიან პატარა ვიყავი, ბაბუაჩემი, ცნობილი ლოტბარი სანდრო კავსაძე რომ გარდაიცვალა. ოთხი წლის ვიქნებოდი, მშობლებმა მის სანახავად საავადმყოფოში წამიყვანეს. იწვა, ხელები გულზე ეწყო...
სანდრო კავსაძემ შექმნა პირველი პროფესიული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, სათავე დაუდო კავსაძეების დინასტიას ქართულ ხალხურ საგუნდო მუსიკასა და ზოგადად ქართულ ხელოვნებაში. ბაბუაჩემი გორის სასულიერო სემინარიაში დაეუფლა ქართულ სიმღერას, იქვე ჩამოაყალიბა ბავშვთა ანსამბლი, რომელშიც სოსო ჯუღაშვილიც მღეროდა. წლების შემდეგ სტალინმა ბაბუაჩემი კრემლში ვახშმად მიიწვია. სტუმრებთან ერთად თურმე სტალინიც მღეროდა.
ბაბუასთვის უთქვამს: სანდრო, ხომ იცი, მე დიდი კაცი ვარ და ბევრი რამე შემიძლია გაგიკეთო, რამე ხომ არ გინდაო. სხვა სტუმრებსაც შესთავაზა თურმე დახმარება. ზოგმა ბინა სთხოვა, ზოგმა მანქანა. ბაბუაჩემს კი უთქვამს: აი, ეგ ჩიბუხი მაჩუქე, ხელში რომ გიჭირავსო. სტალინს გაეღიმა თურმე, - შენ არ შეცვლილხარო. ჩადო ჩიბუხი ტყავის ბუდეში და ბაბუას მისცა.
ავად რომ იყო ბაბუა, სტალინმა წერილი გამოუგზავნა, რომელიც სპეციალურ, გერბიან ქაღალდზე მელნით არის ნაწერი: "ტოვარიშუ ალექსანდრუ კავსაძე, ოტ ი. სტალინა"
სანდროს გაუმარჯოს! გავიგე შემთხვევით ეგნატაშვილისგან, რომ საავადმყოფოში ყოფილხართ. ამბობენ თქვენზე, ჩქარა მოკეთდებაო. ეს კარგია. თუ საჭიროა რაიმეთი მოგეხმაროთ, მითხარით. მე მზად ვარ მოხმარებისთვის. იცოცხლეთ ათასი წელიწადი.
სალამი! თქვენი სოსო.
09. IX. 37 წელი"
დღეს ბაბუას ჩიბუხიცა და ეს წერილიც ჩემთან ინახება.
მამა აღარ დაბრუნდა...
ექვსი წლის ვიყავი, როცა მამა ომში წავიდა. სურათივით მახსოვს: ეზოში ვთამაშობდი, დედაჩემმა ამომიყვანა და ხელ-პირს მბანდა, მამაჩემი კი თავჩაქინდრული იჯდა მაგიდასთან. ვიკითხე: - დედა, რატომ არის მამა ასე მოწყენილი-მეთქი და - ომში მიდისო. მერე ეშინია-მეთქი? მამაჩემმა ამომხედა, დედაჩემი კი გამიჯავრდა: - არ არის შენი საქმეო და გამიყვანა ოთახიდან. მას შემდეგ მამა მხოლოდ ორჯერ ვნახე, "კა-გე-ბეში" და ორთაჭალის ციხეში.
აი, ეს სურათია, მამაჩემი დახვრეტას რომ გადაარჩინა. ქერჩთან ბრძოლაში მამა ტყვედ ჩავარდა. ერთ დღეს, გერმანელებმა ტყვეები დასახვრეტად გამოიყვანეს. მამას ჯიბეში ცოლ-შვილის სურათი უპოვეს და უკითხავთ, - ვინ არიანო? ჩემი ოჯახიაო - მიუგია. დიდხანს უყურა თურმე იარაღმომარჯვებულმა გერმანელმა ფოტოს, შემდეგ მიუბრუნდა თავისიანებს: ეს კომუნისტი არ არის, შეუძლებელია, კომუნისტს ასეთი ცოლ-შვილი ჰყავდესო. მეორედაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ტყვეთა ბანაკში ვიღაცამ გერმანელი ოფიცერი მოკლა. ტყვეებს გამოუცხადეს: გამოვიდეს და აღიაროს მკვლელმა, ან თქვით, ეს ვინ ჩაიდინა, თორემ ყოველ მეათეს დავხვრეტთო. არავინ ამოიღო ხმა. ტყვეები მწკრივში ჩააყენეს და დაიწყეს გერმანულად დათვლა, ავტომატის ჯერით მოცელილი ყოველი მეათე კი მიწაზე ეცემოდა. მამასთან ერთად ბანაკში მისი მეგობარი ვალოდია ხარბედია იყო - ეს ამბავი მან მოგვიყვა. მწკრივში მეცხრე ვალოდია ყოფილა, მეათე - მამაჩემი. მაგრამ მოხდა სასწაული, გერმანელი წამით შეჩერდა, მამაჩემს თვალი თვალში გაუყარა, - ათიო, მის გვერდით მდგომზე თქვა და ავტომატის ჯერი მიუშვა.