სამი ვერსია - რატომ დატოვა საქართველო დიმიტრი შაშკინმა

სამი ვერსია - რატომ დატოვა საქართველო დიმიტრი შაშკინმა

ბოლო პერიოდში საქართველო ბევრმა სახელმწიფო მოხელემ დატოვა - ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები, დიმიტრი შაშკინი, მეგის ქარდავა... საკმაოდ გრძელ და მოცულობით სიაში ყველაზე მეტი შეკითხვა შაშკინის გაუჩინარებასთან დაკავშირებით დაისვა. ის არ იყო შემჩნეული კორუფციულ სკანდალებში, არ გამოირჩეოდა სადიზმსა თუ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. მიუხედავად იმისა, რომ შაშკინი სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა, საზოგადოება მის მიმართ აგრესიას არ გამოხატავდა.

მაშ რატომ დატოვა შაშკინმა საქართველო და რატომ დაემშვიდობა თავის მეგობრებსა და კოლეგებს უკვე საზღვარგარეთიდან იმ დაპირებით, რომ დაბრუნდება? აქამდე ვრცელდებოდა ვერსია, რომ მას და ბაჩო ახალაიას შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა და შაშკინმა საქართველო სწორედ ამის შემდეგ დატოვა, რაც არ დადასტურდა. არსებობს კიდევ რამდენიმე ვერსია. რომელია სწორი? - ამას მომავალი გვაჩვენებს. მაშ ასე, სამი ვერსია.

პირველი: შაშკინი ადეიშვილის უახლოესი მეგობარი იყო და მისი სრული ნდობით სარგებლობდა.

ადეიშვილმა შაშკინს წასვლამდე გადასცა საიდუმლო ინფორმაციები და კომპრომატები, რომელსაც ის ფლობდა, იმისათვის, რომ ქვეყანა უპრობლემოდ დაეტოვებინა. ადეიშვილის საქართველოდან გასვლის შემდეგ უკვე შაშკინი რომ არ ყოფილიყო ორმაგი დარტყმის ქვეშ, სამშობლო მანაც დატოვა. შაშკინი თავის გამოსამშვიდობებელ წერილში ადეიშვილს ძალიან თბილად მოიხსენიებს და თავის მასწავლებელს ეძახის. ადეიშვილი ყოველთვის ზურგს უმაგრებდა შაშკინს და პროკურატურის ძალით უპირისპირდებოდა მის მოწინააღმდეგეებს შიდა კლანურ ბრძოლაში.

გავიხსენოთ რამდენი ადამიანი დაიჭირეს განათლების სამინისტროში შაშკინის იქ მისვლის შემდეგ. განათლებაში ყვებიან, რომ შაშკინის დანიშვნიდან ზუსტად 2 კვირაში სამინისტროში შემოვიდა 20-კაციანი პროკურორების ჯგუფი. დაიჭირეს ძირითადად კახა ლომაიასა და გია ნოდიას კადრები. ამბობენ, რომ კომპრომატები დადეს ლომაიაზეც, მაგრამ ის ბოკერიამ დაიცვა. სად არის ეს კომპრომატები არავინ იცის, გარდა პროკურატურისა. შაშკინს ყოველთვის ეხმარებოდა მერაბიშვილიც. მისი მხარდაჭერის გარეშე, მანდატურების ინსტიტუტის შექმნა არ იქნებოდა შესაძლებელი. ამის გათვალისწინებით, სავსებით რეალურია, რომ ზუსტად შაშკინს ანდობდენ კომპრომატების შენახვასა და ქვეყნიდან გატანას...

მეორე: როგორც შაშკინის მეზობლები ყვებიან, მის სახლთან 3 ოქტომბერს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ”ქართული ოცნების” მაისურებით აქციას მართავდა, როდესაც შაშკინის უმცროსი შვილი მამასთან ერთად სახლში შედიოდა. რა მოხდა ზუსტად, რთულია თქმა, მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ ბავშვს სახეში გაარტყა. ატყდა ჩხუბი. შაშკინის დაცვამ იარაღი ამოიღო. მას იცავდნენ სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცრები, რომლებიც მის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდნენ. მეზობლები ყვებიან, რომ შაშკინმა სისხლისღვრა ყვირილით და შუაში ჩადგომით გააჩერა. იმავე ღამით, მან ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა. მისი დაცვის მანქანა აეროპორტში იმ ღამეს დაფიქსირდა, თუმცა შაშკინი ან მისი ოჯახის წევრები იქ არავის უნახავს...

მესამე: შაშკინი საქართველოს მთავრობაში ყოველთვის ამერიკელების კადრად და აშშ-ის გავლენის წყაროდ მოიაზრებოდა. როდესაც 2009 წელს ის მინისტრად ინიშნებოდა, ოპოზიცია მაშინაც ამბობდა, რომ შაშკინი საქართველოში ამერიკული რეაქციული ძალების წარმომადგენელია. არსებობს ვერსია, რომ ამერიკელებმა შაშკინი, როგორც თავისი კაცი, ქვეყნიდან სასწრაფოდ გაიყვანეს, ვიდრე ის რუსების ხელში აღმოჩნდებოდა. შაშკინმა ბევრი, ძალიან ბევრი, იცის. ის საქართველოს მთავრობაში სამ სამინისტროში ყველაზე რთულ პერიოდში მუშაობდა და მას წვდომა ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან.

შაშკინი სააკაშვილის უახლოესი გარემოცვიდან იყო. პრეზიდენტი არასოდეს იშურებდა ქება-დიდებას მის მიმართ. გარდა ამისა, ძმაკაცობდა ადეიშვილთან და მერაბიშვილთან - ყველაზე გავლენიან მინისტრებთან, ანუ, ინფორმაცია რომელიც შაშკინის ხელშია აკუმულირებული, ძალიან საინტერესოა როგორც ახალი მთავრობისთვის, ასევე რუსებისთვისაც...

სამივე ვერსია ლოგიკური და რეალობასთან დაახლოებულია. მხოლოდ შაშკინს აქვს შესაძლებლობა, ეს უარყოს ან დაადასტუროს, მაგრამ ის კონტაქტზე არ გამოდის. ამბობენ, რომ შაშკინი ამერიკაშია და რთულია დაიჯერო, რომ ის იქ ამერიკული მთავრობის დახმარების გარეშე შევიდა. თუ ეს ასეა, მაშინ ყველაფერი უფრო ნათელი ხდება.

საინტერესოა ისიც, რომ შაშკინის გუნდის წევრები თავის პოსტზე დარჩნენ და ხელისუფლების გადაბარების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. სამინისტროში ამბობენ, რომ მან წასვლამდე თავისი უახლოესი გარემოცვა - დაახლოებით, ოცი კაცი შეკრიბა და ყველას სთხოვა, გადაბარებამდე განცხადებები არ დაეწერათ. სავარაუდოდ, შაშკინმა ეს იმისთვის გააკეთა, რომ რაც მის მოსვლამდე თავდაცვაში ხდებოდა, მისთვის არ დაებრალებინათ.

ძალიან სამწუხაროა, რომ შაშკინმა შეძლო ქვეყნის დატოვება. არადა, მისგან მიღებული ინფორმაცია ბევრ ბურუსით მოცულ დეტალს ნათელს მოჰფენდა...

ლელა ტატიშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა