"ქართული ოცნების" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ადვოკატი ვარლამ ხათრიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ 9 თვის ბარბარეს მკვლელობის გამოძიება არაკანონიერად ტარდებოდა. ხათრიძის თქმით, ეკატერინე ზღულაძის მიერ გაგზავნილი ჯგუფი, რომელიც გურჯაანში საქმის გამოსაძიებლად ჩავიდა, დაზარალებულებსა და მოწმეებზე ზეწოლას ცდილობდა. ისინი მოწმეებს ემუქრებოდნენ და მათ მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ.
"ეს ადამიანები ბარბარეს დედას და დეიდას საკუთარ ვერსიებს სთავაზობდნენ. ისინი უყვიროდნენ ბავშვის დედას, მაგიდაზე მუშტებს ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ, როგორც ჩვენ გეტყვით, ისე უნდა მოიქცეო. აქცენტს აკეთებდნენ თათიას დაზე, თითქოს მისი ჩადენილი იყო ეს საშინელი მკვლელობა. როდესაც დაზარალებულმა განუცხადა, რომ ის ღრმად იყო დარწმუნებული მისი დის უდანაშაულობაში, ის დაკითხვის ოთახში დააბრუნეს. ამის შემდეგ, დალი მექერიშვილი აიყვანეს იმ ოთახში, სადაც ზღულაძის მივლინებული დეტექტივები იმყოფებოდნენ და მასზე დაიწყეს ზეწოლა. ეუბნებოდნენ, ნამდვილი ჩვენება მოგვეცი და შეგიმსუბუქებთ ბრალსო", - აცხადებს "გურია ნიუთან" ვარლამ ხათრიძე.
ადვოკატის ინფორმეციით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ჩვილის სიკვდილის მიზეზი დახრჩობაა.
"ბავშვი ქვევრში ცოცხალია ჩაგდებული და ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ბავშვი შემთხვევით გაეგუდათ და შემდეგ გადამალეს. მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც გავეცანი ნამდვილად შოკისმომგვრელია. ყოველგვარი მოსაზრებებისა და ვარაუდების გარეშე აქვს ექსპერტს სიკვდილის მიზეზები დადგენილი. ბარბარე ლაფარიანცის სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრით", - აცხადებს ხათრიძე.