ბიძინა ივანიშვილი უმუშევრობის მხრივ გარდატეხას 3-4 წელიწადში ვარაუდობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც ზურაბ მელიქიშვილი დაინტერესდა, რა რაოდენობის სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს იგი მომდევნო 2-3 წელიწადში.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დროის გამოკვეთას თავს არიდებს, რადგან ეს დამოკიდებულია ინვესტიციებზე.
"არ გამოვრიცხავ, ძალიან სწრაფად დაიწყოს ინვესტიციების განხორციელება საქართველოში. თუმცა ჯერ კითხვები არსებობს ჩვენს ეკონომიკურ სტაბილურობასთან, კონსტიტუციასთან, ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით - როგორც მოვახერხებთ ოპოზიციასა და პრეზიდენტთან კომუნიკაციას. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ინვესტორები, რომ საქართველო იქნება პოლიტიკურად სტაბილური. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რათა ის ელიტური კორუფცია, რომელიც ყვაოდა ხელისუფლებაში, ამოვკვეთოთ. ვერც ერთმა ჩინოვნიკმა ვერ უნდა შეძლოს კერძო საკუთრებაში უკანონოდ ჩარევა. არ ვფიქრობ, რომ ეკონომიკურ კანონებს დიდი ცვლილება დასჭირდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში კორექტირებას არ გამოვრიცხავთ. დავიცავთ კანონებს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს საიმედო კერძო საკუთრებისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უჭირს თქმა, რა დრო დასჭირდება ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში.
"ინვესტორებს შევუქმნით მაქსიმალურ პირობებს, რომ საქართველოში ეკონომიკური აღორძინება დაიწყოს. ეს იქნება ჩვენი ყველა დაპირების შესრულების საფუძველი. სამუშაო ადგილი ყველა ოჯახს დასაწყისშივე ვერ ექნება, მაგრამ შეიქმნება პირობები, რომ მოსახლეობას მიეცეს საშუალება, საკუთარი ოჯახი არჩინოს. იმედი მაქვს 3-4 წელიწადში პრინციპული გარდატეხა მოხდება და მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებული იქნება, ასევე მოხდება ემიგრანტების დაბრუნება. სამუშაო ადგილების შექმნა ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. იმედი მაქვს, ტემპები საინტერესო და სწრაფი იქნება", - აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კახელებს ზარალი მთლიანად აუნაზღაურდებათ მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის მდგომარეობის ანალიზი მოხდება.
"ბიუჯეტის მდგომარეობის ანალიზის შემდეგ თუ აღმოჩნდა, რომ არ იყო საკმარისი თანხები მათთვის დასახმარებლად, მოვნახავთ სხვა გზებს - ეს შეიძლება იყოს საქველმოქმედო ფონდი ან სხვა რამ, მაგრამ იქნება კანონიერი გზა და შესატყვისი ჩვენს კანონიერებასთან. ჩვენ სრულად ავანაზღაურებთ დანაკლისს. ზოგს მოუწევს 50 000, ზოგს - ნაკლები. მე დავპირდი კახელებს სრულად ანაზღაურებას და ზუსტად ასეც გავაკეთებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მარიკა ვერულაშვილი ასევე დაინტერესდა თუ როდის აღდგება ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლისა და ბაღები, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ ფაქტებს პირადად არ იცნობს და განხილვის შემდეგ, შეძლებისდაგვარად მოხდება მათი აღდგენა.