ახალი პარლამენტის პირველი სხდომა უკვე გაიმართა. ფაქტობრივად, დაკომპლექტებულია როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე - მინისტრთა კაბინეტი... მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
- ბატონო რამაზ, თუ არჩევნებამდე და მის შემდეგ პრეზიდენტის ქცევასა და განცხადებებს ერთმანეთს შევადარებთ, დიდ განსხვავებას დავინახავთ. დღეს მიხეილ სააკაშვილი მშვიდი და გაწონასწორებული ჩანს. თქვენი აზრით, ეს სახეცვლილება რით არის განპირობებული - ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა რეალობის აღიარება, თუ ახალი მანევრისა და "ჯადოქრობისთვის" ემზადება?
- გეთანხმებით, პრეზიდენტს ბოლო ხანს ნამდვილად მშვიდად და გაწონასწორებულად უჭირავს თავი, შესაბამისად, ჩნდება კითხვა: მისი ეს გაკეთილშობილება მანევრია, რეალობა თუ დათმობა? მე მაინც მგონია, რომ დათმობაა. ის სტილი, როგორც იქცეოდა ხელისუფლება არჩევნებამდე, საარჩევნოდ და მის შემდგომ, პროცესის ამგვარი განვითარების იმედს ნაკლებად იძლეოდა. ამა თუ იმ პუბლიკაციისა თუ ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ჩვენი ნაცნობებისგან უკვე თითქმის ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლება თავგამოდებით ემზადებოდა 2 ოქტომბრისთვის, ანუ პროტესტის შემთხვევაში ძალა უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ არჩევნებამდე ერთი თუ ორი კვირით ადრე ტოტალური გაყალბებისა და ძალის გამოყენების გეგმები დღის წესრიგიდან მოიხსნა, რაც დასავლეთის დიდი ძალისხმევის შედეგი მგონია.
- მაინც რა ბერკეტი შეიძლება გამოეყენებინა დასავლეთს ამისთვის?
- ეს კითხვა რთული საპასუხოა. თუმცა მაქვს ერთი ვერსია, რომელიც არ ვიცი, რამდენად ახლოსაა რეალობასთან: ვფიქრობ, დასავლეთმა, კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სააკაშვილს ისეთი ალტერნატივა დაანახვა, რომ ის იძულებული შეიქნა, განზრახვაზე ხელი აეღო. მაგალითად, შეიძლება სააკაშვილს გარკვევით უთხრეს, რომ მის მიერ ძალის გამოყენების შემთხვევაში, იმისთვის, რომ რუსეთი ამ საბაბით არ დახმარებოდა ოპოზიციას, დაახლოებით ისე, როგორც დასავლეთის ქვეყნები ეხმარებიან არაბული ქვეყნების ოპოზიციებს და რომ არ გამოეყენებინა ეს საქართველოს ინტერვენციისთვის, ამერიკელი საზღვაო-ქვეითთა შენაერთები ჩაერთვებოდნენ ქართული ოპოზიციის დაცვის პროცესში. გასათვალისწინებელია, რომ არჩევნებამდე საქართველოში ჩამოსული იყო ამერიკელ საზღვაო-ქვეითთა მაღალჩინოსნების ჯგუფი. ასეთ შემთხვევაში სააკაშვილს არც "იმედის" მოდელირებული "ქრონიკის" ვერსია და გმირის მანტიით ქვეყნის დატოვება გამოუვიდოდა და არც გაყალბებული შედეგები შერჩებოდა. სავარაუდოდ, მას მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტსაც შესთავაზებდნენ. ანუ, თუ საქართველოში პროცესები მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ ჩარჩოში წარიმართებოდა, სააკაშვილს დაუბრუნებდნენ "დემოკრატიის შუქურის" წოდებას და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ამ წოდებით ატარებდნენ აქეთ-იქით მსოფლიოში, მოკლედ, სააკაშვილმა მიიღო გარკვეული გარანტიები და რა გასაკვირია, რომ სწორედ მეორე აერჩია.
- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას მათი ცხრაწლიანი მმართველობის ლოგიკურ შედეგად აფასებენ, ეს თქვა სააკაშვილმაც პარლამენტში გამოსვლისას?
- ამიტომაც შევაფასე მისი გამოსვლა ცინიკურად, ვის ვის და, სააკაშვილს და მის გუნდს დემოკრატიის გაკვეთილების ჩატარების უფლება არ აქვთ. პრეზიდენტის ნათქვამი, რომ დემოკრატიამ განაპირობა მათი მარცხი, გაუგებარია. რომც დავეთანხმოთ სააკაშვილს, რომ თითქოს არჩევნები დემოკრატიული იყო, რაც ასე არ არის, სხვა არც ერთი პროცესი ქვეყანაში დემოკრატიული არ ყოფილა და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ხალხმა ზურგი შეაქცია "ნაციონალურ მოძრაობას".
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებს "ნაციონალური მოძრაობა" აიმედებს, ექვს თვეში ძალაუფლებას დავიბრუნებთო. სააკაშვილმაც პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ შესაძლებელია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში კვლავაც დაბრუნება. აქვს კი ამ ძალას ამის რეალური გეგმა და რესურსი?
- "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. ეს, მგონი, სააკაშვილმაც მშვენივრად იცის. ვგულისხმობ მის განცხადებას გამგებლების, მერებისა და გუბერნატორების არჩევითობაზე. გარდა ამისა, მეეჭვება, ძალაუფლების დაბრუნების გეგმის მქონე პარტიის წევრები ისე იქცეოდნენ, როგორც ახლა იქცევიან "ნაციონალები." ვგულისხმობ, ახლახან პარტიის გენერალურ მდივნად დანიშნული ვანო მერაბიშვილის ქვეყნიდან გაუჩინარებას, აგრეთვე, შაშკინის, ადეიშვილისა და ა.შ. გაქცევას. საეჭვოა, ეს პროცესები მიმდინარეობდეს იმ გუნდში, რომელსაც ხელისუფლებაში ხელახლა მოსვლის რამე გეგმა აქვს. რაც შეეხება რესურსს, ის პოლიტიკურ პარტიას აქვს მხარდამჭერთა ხარჯზე. ასეთი ძველი და ერთგული მხარდამჭერები თუ ქვეყნიდან გარბიან, რიგითი მხარდამჭერების მხრიდან, ალბათ, დიდი ერთგულების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ფინანსური რესურსი, ალბათ, აქვთ ბანკებში, მაგრამ მისი გამოყენების შანსი დაბალია, რადგან საეჭვოა, რომ ეს კანონიერი რესურსი იყოს.
- რას იტყვით თავდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებაზე, მან არჩევნებიდან მოკლე ხანში დატოვა ქვეყანა. "ჩემი საქმიანობის პერიოდში, 11 წელი საერთაშორისო ორგანიზაციაში და 4 წელი საჯარო სამსახურში, ხელს ვუწყობდი საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას. არ დამიხევია უკან ქვეყნის აღმშენებლობისა და რეფორმირების პროცესში. ვარ ამ ქვეყნის პატრიოტი და ჩემს შვილებსაც ვზრდი საქართველოს პატრიოტებად. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი გაუგონარი ამბავი" ჩემ შესახებ." - წერს შაშკინი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.
- ამ წერილიდანაც კარგად ჩანს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს თავიანთი შეცდომების დანახვა არ სურთ და არც არაფრის მონანიებას აპირებენ. თუ შაშკინი ყველაფერში მართალია და თან ასეთი დიდი რეფორმატორია, რატომღა გაიქცა ქვეყნიდან? ისე, მაგის "შესანიშნავ მუშაობაზე" გამახსენდა, სკოლის მასწავლებლებს რომ ემუქრებოდა, "თქვენს სისხლს დავლევო", ეგეც რეფორმის ერთ-ერთი ფორმა იყო, ეტყობა.
- სათბობ-ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახა კალაძე პატარა სკანდალში გაეხვია: როგორც აღმოჩნდა, სს "საქჰიდროენერგომშენის" აქციათა 45 პროცენტი ეკუთვნის ჰოლდინგ "კალა კაპიტალს", რომლის მფლობელიც კალაძეა და რომელიც თურმე ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც ახორციელებს. აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, კალაძეს ამის შესახებ მინისტრად წარდგენისას უნდა განეცხადებინა...
- კალაძეს უნდა სცოდნოდა, რომ ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვებოდა, მით უფრო მას შემდეგ, რაც მანამდე ამ მიზეზით ამირან გამყრელიძემ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე. ჩემი აზრით, კალაძეს ეს გამოუცდელობით მოუვიდა. კალაძემ ძალიან შთამბეჭდავი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა, საკმაოდ ვაჟკაცურად იბრძოდა და ამიტომაც ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია კალაძის ყოფნა მის გვერდით. მან საზოგადოებას სთხოვა, მიეცა მისთვის ამგვარი ექსპერიმენტის უფლება.
- რას იტყვით ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაზე?
- საქართველოში ყოველთვის იდგა საკადრო პოლიტიკის პრობლემა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მინისტრთა კაბინეტი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უფრო პროფესიული და აქამდე პატიოსანი შრომით მოსული ადამიანების ნაკრებია. ჯერჯერობით ის საქართველოს ისტორიაში შესულ ყველა მინისტრთა კაბინეტს სჯობია. ახლა ჯერი საქმის კეთებაზეა.
პარლამენტის პირველმა სხდომამ აჩვენა, რომ ახალი ხელისუფლება შეურიგებელი იქნება ძველი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ. ეს გამოჩნდა დავით უსუფაშვილის გამოსვლაში, როდესაც მან ირინა ენუქიძე გაიხსენა და იმაშიც, როდესაც უმრავლესობა პრეზიდენტს ფეხზე ადგომით არ შეხვდა. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ისინი იწყებენ უკვე არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ბრძოლას. ახალი ხელისუფლებისგან საზოგადოება ბევრს ელის, ეს გუნდი ჯერ საქმეში არ გვინახავს, თუმცა ბრძოლაში ვნახეთ. სახელმწიფოს პრობლემების გადაწყვეტის პროცესი საკმაოდ რთულია. ალბათ, იქნება იმედგაცრუებაც, ოღონდ ამ იმედგრაცრუებაზე საჭირო იქნება შესაბამისი პასუხი ხელისუფლებისგან. "ნაციონალურ მოძრაობას" სწორედ ეს პრობლემა ჰქონდა: როდესაც ვერ ახერხებდნენ პრობლემის გადაჭრას, საზოგადოებასთან ლაპარაკს წყვეტდნენ. მოსახლეობასთან კონტაქტი არ უნდა გაწყდეს, იმ უნდობლობამ, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით საზოგადოების ნაწილში აუცილებლად გაჩნდება, კრიზისი რომ არ წარმოშვას. ბიძინა ივანიშვილს ჯადოსნური ჯოხიც რომ ჰქონდეს, ყველას სურვილი ერთბაშად მაინც ვერ ახდება!
ინტერვიუ: "რა არჩევანის წინაშე შეიძლება დაეყენებინა დასავლეთს მიხეილ სააკაშვილი"
ნათია დოლიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)