თუ გგონიათ, რომ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება დადუმებას და პოლიტიკურ სასაფლაოზე წასვლას ნიშნავს, ცდებით, - ამ სიტყვებით ოპონენტებს საპარლამენტო ტრიბუნიდან უმცირესობის ვიცე სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ მიმართა.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მხარი ამომრჩევლის 40%-ზე მეტმა დაუჭირა და ისინი პარლამენტში სწორედ მათ ინტერესებს წარმოადგენენ.
"ოპონირება სწორედ იმას ნიშნავს, რომ არ დაგეთანხმოთ რაშიც არ გეთანხმებით და გვერდით დაგიდგეთ, რაშიც შეეცდებით, რომ საქმე სწორად წაიყვანოთ. საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა - გზები თავისთავად არ აშენებულა, კრიმინალი პოლიცია ხალხის პატივსაცემ პოლიციად თავისით არ გადაქცეულა, შიშველი ჯარი ერთ-ერთ მოწინავედ თავისთავად არ გადაკეთებულა. იუსტიციის სახლები თავისთავად არ აშენებულა. ქართულმა საზოგადოებამ ეს არასაკმარისად ჩათვალა და თქვენ მოგცათ ხმა, მაგრამ კონკრეტული დაპირებებისთვის", - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, ესმის, რომ სამთავრობო პროგრამაში კონკრეტული ვადების გაწერა ვერ მოხერხდებოდა ისე, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 4-წლიანი კალენდრის სახით გააკეთა, თუმცა ვადები გამარჯვებულ კოალიციას მაინც უნდა დაეფიქსირებინა.
"ჩვენზე უკეთესი თუ არა ჩვენნაირი კალენდარი მაინც გააკეთეთ და უთხარით ხალხს, როდის იქნება უფასო განათლება, ჯანდაცვა, ხვნა-თესვა, შემცირებული ტარიფები დენზე, გაზზე, ფასები საწვავზე და ა.შ, როდის აუხდება ხალხს ის ოცნებები, რომელთან დაკავშირებითაც ხმა მოგცეს. თუ ამას გააკეთებთ, მათ იმედებს გაამართლებთ", - აღნიშნა ბარამიძემ.