ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური განცხადება გავაკეთე და დღეს დასრულდა პირველი ეტაპი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს აიღეს მათ ხელისუფლება ხელში.
"მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გუნდთან ერთად მოვედი ხელისუფლებაში. პარლამენტიც საინტერესო წევრებით დაკომპლექტდა, უმრავლესობა მყავს მხედველობაში. ახლა იწყება დაპირებების შესრულების დრო. ძალიან მძიმე ტვირთი გვაწევს, ბევრი დაპირებები გავეცით, მაგრამ ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ გავაკეთებთ უფრო მეტს და უფრო სწრაფად იგრძნობთ იმას, რასაც ჩვენ გპირდებოდით", - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველ რიგში აღდგება სამართალიანობის განცდა.
"უახლოეს რამდენიმე წელიწადში უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩავაყენოთ მოწინავე ევროპული ქვეყნების რიგში", - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა წელიწადნახევარში პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ საკუთარ განცხადებას და აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან მიდის, თუმცა პასუხისმგებლობას იტოვებს იმ გუნდზე, რომელსაც დატოვებს.
"წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ შევქმნით ისეთ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტ განვითარებას შეუწყობს ხელს. მე მოვახერხებ დავტოვო ისეთი გუნდი, რომელზეც დავიტოვებ პასუხისმგებლობას. ეს იქნება ძალიან ქმედითუნარიანი და ძალიან სახალხო მთავრობა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განმარტებით, იმიტომ მიდის სამოქალაქო საზოგადოებაში, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება განვითარდეს.
ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარებას საკუთარ სახსრებს, ჯანღონეს და სიცოცხლესაც მოახმარს.