გიორგი ბარათელი დუმილს არღვევს

გიორგი ბარათელი დუმილს არღვევს

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა 5 წლის შემდეგ დუმილი დაარღვია და ადვოკატი მოითხოვა. 22 ოქტომბერს მასთან ადვოკატი მამუკა ნოზაძე შევიდა, რომელსაც უამბო, როგორ აჰკიდეს სამართალდამცველებმა ჩა­უდენელი დანაშაული. 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ბარათელი სასჯელს N1 დაწესებულებაში, ე.წ. კრიტში იხდის.

მამუკა ნოზაძე: - ბარათელის მონათხრობიდან აშკარაა, რომ ის შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე იხდის სასჯელს. გიორგი ბარათელი დააკავეს არა ვერაზე, როგორც ოფიციალური ვერსიაა გავრცელებული, არამედ კოსტავას ქუჩაზე, ტელევიზიასთან. აიძულებდნენ, ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა მაშინ, როდესაც შარაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო - შარაძე საღამოს 9-ის ნახევარზე მოკლეს, გიორგი კი დღისით დაიჭირეს. ბარათელს იმ პოლიციელების ამოცნობა შეუძლია. ორი მათგანის სახელიც ახსოვს - გივი და ნოდარი. ჰყვება, მოვახერხე გაქცევა, მაგრამ დამჭრესო, რისი დამადასტურებელი ნაიარევი მარჯვენა მხარზე დღესაც ატყვია. შემდეგ მას ხელში მისცეს იარაღი და გაასროლინეს, იარაღი და ტყვიის მასრა კი, სავარაუდოდ, მკვლელობის ადგილზე დააგდეს ნივთმტკიცებად. ძველი თბილისის პოლიციაში მას სასტიკად სცემეს. "პროკურორმა პირდაპირ მითხრა, ჩემს თავზე ამეღო მკვლელობა, რომ გურამ შარაძე იყო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი და სიკვდილის ღირსი იყო" - ამბობს გიორგი. სამართალდამცველები ბარათელს აძლევდნენ გარანტიებს, რომ თუ იგი მათ ვერსიას დაჰყვებოდა, 3-4 წელიწადში გამოუშვებდნენ. თუმცა მიუსაჯეს საკმაოდ ხანგრძლივი პატიმრობა - 26,6 წელი.

- ბარათელის აღიარება საკმარისი იქნება საქმის ხელახალი ძიების დაწყებისთვის?

- რა თქმა უნდა, ეს გარემოება საკმარისია იმისათვის, რომ დაიწყოს ხელახალი გამოძიება. საზოგადოება თავიდანვე ეჭვობდა, რომ ბარათელი არ იყო მკვლელი და რომ გურამ შარაძის მკვლელობა სწორედ ხელისუფლების მიერ იყო შეკვეთილი, ამასვე ირწმუნებოდა აკადემიკოსის ქალიშვილი რუსუდან შარაძე. ბარათელის გადმოცემით, პროკურორ ჩივიაშვილს, რომელიც ამჟამად კახეთის საოლქო პროკურორია, მისთვის უთქვამს: ვიცი, რომ უდანაშაულო ხარ, მაგრამ ვერ გიშველი, რადგან ეს ზემოთ არის გადაწყვეტილიო. ბარათელის ჩვენების მიხედვით, უნდა დაიკითხონ პოლიციელები. არსებობს "ალდაგის" ფირები, რომელშიც გარეგნული ნიშნებითაც ჩანს, რომ ბარათელი არ არის მკვლელი და რომ იმ ტერიტორიაზე მას საერთოდ არ გაუვლია. დეტალურად უნდა მოხდეს საქმის შესწავლა და დაიწყოს ხელახალი გამოძიება, რისი იმედი და მოლოდინიც აქვს საზოგადოებას. პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა თქვა, რომ აუცილებლად გამოიძიებენ ამ საქმეს. აქვე აღვნიშნავ, რომ არ ვენდობი იმ პროკურორებს, რომლებიც წლების განმავლობაში დანაშაულს სჩადიოდნენ და იმედი მაქვს, ამ საქმეს კბილაშვილი დაავალებს ისეთ პროკურორს, რომელიც ობიექტურად და სამართლიანად ჩაატარებს გამოძიებას.

გიორგი ბარათელის წერილი ციხიდან

"2007 წლის მაისიდან ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში იმ დანაშაულისთვის, რაც არ ჩამიდენია, კერძოდ, ბატონ გურამ შარაძის მკვლელობისთვის. მე გახლავართ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი, რომელსაც შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე მისჯილი მაქვს ხანგრძლივი პატიმრობა. ჩემი დაკავებისას ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უკანონობას და მუქარას, რის შედეგადაც იძულებული გავხდი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად მეღიარებინა არჩადენილი დანაშაული".

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა