იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, გიორგი ჟვანიას გუშინდელი განცხადება საკმარისი საფუძველია იმისა, რომ პროკურატურამ მოკვლევა თავიდან დაიწყოს.
ამის შესახებ ვახტანგ ხმალაძემ "ინტერპრესნიუსს" გოგლა ჟვანიას მიერ გუშინ გადაცემა "პოლიტმეტრში" გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
"როცა ოჯახის წევრი ასეთ განცხადებას აკეთებს, უკვე საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ პროკურატურამ მოკვლევა დაიწყოს. არა მარტო ოჯახის წევრის, ზოგადად მე თქვენ რაღაც რომ გითხრათ და გაზეთში დაბეჭდოთ, პროკურატურა ვალდებულია, იმ ვერსიით დაინტერესდეს", - განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.
გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, დეპუტატმა გიორგი ჟვანიამ "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებად მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი დაასახელა.
"იმ ბინაში მიიტანეს საკვები, ბორჯომი, კონიაკი, როცა უბედური შემთხვევის სცენა დადგეს. ამას უშუალოდ ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი და მასში მონაწილეობდა ბარამიძე. ბუნებრივია, მას მოუწევს პროკურატურასთან ამაზე საუბარი. ვინ დაგეგმა ეს, ამას გამოძიება დაადგენს. არის კვალის წაშლის მცდელობა, დადგება პრობლემა მოწმეებთან დაკავშირებით და გაუჩინარდება ზოგიერთი ადამიანი, მაგრამ სიმართლეს მაინც დავადგენთ. მომხდარის უბედურ შემთხვევად გაფორმებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი და ბარამიძე. სხვები არ ვიცი", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ.