სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი კაბინეტში არავის სურათის ჩამოკიდებას არ აპირებს. ახლად დანიშნული მინისტრი დღეს სასჯელაღსრულებლის დაწესებულებაში მივიდა და მინისტრის რანგში სამინისტროს თანამშრომლებს პირველად შეხვდა. იგი ასევე შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს. მინისტრს სასჯელაღსრულების პრობაციისა და სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი დახვდა.
საკუთარ კაბინეტში შესვლისას სუბარმა კედლიდან საქართველოს პრეზიდენტის სურათი ჩამოხსნა. როგორც სუბარმა განმარტა, ამით მას სურს გაიტანოს ყველა ის სიმბოლო, რომელიც წარსულთან ასოცირდება. იგი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა შექმნა მახინჯი სისტემა, რომელთანაც ბრძოლა უწევთ.
"სააკაშვილმა საქართველო ერთ დიდ საპატიმროდ გადააქცია, სადაც ყველას უსმენდნენ, ყველას აკონტროლებდნენ, სადაც ყველას ეშინოდა, სადაც თავისუფლად სუნთქვა იყო შეუძლებელი. საპატიმროები იყო ამ სისტემის ნაწილი. ეს მახინჯი სისტემა უნდა ამოვშანთოთ ჩვენი ტვინებიდან. მართლა უკვე ყველას გონებაში აქვს. ადამიანებს ქუჩაში უხარიათ, რომ თავისუფლები ვართ. თითქოს ტვირთი მოეხსნათ მხრებიდან. ეს ტვირთი უნდა მოვიხსნათ ჩვენ და ეს სიმბოლოებიც გავიტანოთ გარეთ", - დასძინა სუბარმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ან პრემიერის სურათის ჩამოკიდება მიზანშეწონილი არ არის და არ აპირებს ვინმეს სურათის ჩამოკიდებას, თუ იგი განსაკუთრებული ადამიანი არ არის წარსულიდან.
"ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უზარმაზარი საქმე. კიდევ უფრო მეტ საქმეს გააკეთებს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იგი არ გამოიხატება სურათების ჩამოკიდებაში", - აღნიშნა სუბარმა.
ახალმა სასჯელაღსრულების მინისტრმა პირველი თათბირი უკვე გამართა. გაეცნო დეპარტამენტებსა და კონკრეტულ დოკუმენტებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ, მისი მოადგილეები იქნებიან: გიგა გიორგაძე და სოფო ჯაფარიძე, რომლებიც სახალხო დამცველის ოფისში მასთან ერთად მუშაობდნენ.
სუბარი ასევე გეგმავს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონახულებას და იმ ადამიანების პასუხისგების საკითხის დასმას, რომელთა გამოც სისტემაში წესრიგი არ არის. იგი ასევე სტრუქტურული ცვლილებებსაც არ გამორიცხავს.