აკა ხარებაშვილს ფეხზე ტატუ აქვს - ფანჯრების მწმენდავი ახატია და პროფესიაც შესაბამისი აქვს - ფანჯრებს წმენდს. "მეგობრები ტატუს გამო მეხუმრებიან, - "პროფილაქტიკაში" რომ დაიწყო მუშაობა, ფეხზე "კლუჩები" უნდა დაიხატოო? ყველას ვერ ავუხსნი, რომ ეს ნახატი მთელი ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება და სამყაროა", - მითხრა საუბრისას, როცა მის ტატუზე გავამახვილე ყურადღება.
- ჩემი პროფესია საქართველოში დაახლოებით შვიდი წლის წინ გაჩნდა და უკვე 5 წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული. მომწონს და ჩემი საქმიანობით სიამოვნებას ვიღებ. ეჭვი მაქვს, სამომავლოდ ჩემი პროფესია ძალზე პოპულარული გახდება - შუშებიანი შენობები შენდება და ბევრი გვაქვს საწმენდი.
- შენ როგორ აღმოაჩინე ეს პროფესია?
- ერთ დღეს ჩემს მეგობარს, რომელიც დაცვაში მუშაობდა, შუშების მწმენდავი ახალგაზრდები მიადგნენ. ისე მოეწონა მათი საქმიანობა, მეც მიმიღეთო - სთხოვა. ჯერ მან დაიწყო მუშაობა, მერე კი მეც მიმიყვანა. გასაუბრებაზე მკითხეს, - სწავლობო? მაშინ ვსწავლობდი და დადებითი პასუხი გავეცი. - სწავლას და მუშაობას ვერ შეუთავსებო, - მითხრეს და არ მიმიღეს. ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს აკეთებდნენ, იმდენად მომწონდნენ, რომ მეორედ ისევ მივედი გასაუბრებაზე. ამჯერად სამსახურში ამიყვანეს. მათთან ერთად მუშაობა ისე მინდოდა, ხელფასის ოდენობა არც კი მიკითხავს. თანამშომლებთან ერთად ყოფნა და საქმის კეთება მეხალისებოდა. თვის ბოლოს კი ამ ყველაფერს ხელფასიც რომ ემატებოდა, სუპერსიხარულს განვიცდიდი.
- როგორც ვიცი, ხალისიან ადამიანებთან ერთად მუშაობდი...
- ნამდვილი გიჟები ვიყავით. გადარეულების ერთი ჯგუფი, რომლებიც ყველგან დავდიოდით. კიკინიანი, საყურიანი, თავისუფალი ადამიანების დიდი ჯგუფი იყო. ჩვენ შორის იყვნენ ექსტრემალები, კარგი მუსიკისა და მოგზაურობის მოყვარულები. ერთი "ნოლ დვა" გვყავდა, ობიექტზე რომ მივდიოდით, 15 კაცი ერთად ვსხდებოდით. მანქანიდან რომ გადმოვდიოდით, ხალხი თვალებს არ უჯერებდა. ეს მანქანა მეგობარივით გვიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ მეტისმეტად უცნაური იყო და ხალხის ყურადღებას იპყრობდა. სხვათა შორის, იმიტომაც გვყავდა ბევრი კლიენტი, რომ ჩვენი ხალისიანი გუნდი მოსწონდათ. აბა, წარმოიდგინეთ, ვიტრაჟების გასაწმენდად კლოუნის წითელცხვირიანი ბიჭი რომ მოგადგებათ... მოგვწონდა ის, რომ ადამიანებს მხიარულ განწყობას ვუქმნიდით. თან ყველას მოსწონდა ჩვენი ხუმრობები. ახლა იმ ჯგუფიდან მხოლოდ ორნი შემოვრჩით, მაგრამ ხუმრობას მაინც ვახერხებთ.
- მაღალი შენობების წმენდა თუ გიწევს?
- კი. თოკებითაც დავშვებულვართ, შენობა გარედან რომ გაგვეწმინდა. მახსოვს, თავიდან ცოტა დავფრთხი, დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლეზე გვიწევდა მუშაობა. ერთი-ერთი სასტუმროს ვიტრინები საკმაოდ მაღლაა და გარედან გადავედი გასაწმენდად. კედლის შვერილზე თითის წვერებზე ვიდექი ათი მეტრის სიმაღლეზე და ერთი თოკი მიჭერდა, რომლის ბოლოც ჩემს მეგობარს ეჭირა. ამ დროს ერთი სული გაქვს, დროზე გაწმინდო და მიწაზე მყარად დადგე. ერთხელ გამოგვიძახეს შენობაში, რომელსაც ძალიან მაღალი ჭერი ჰქონდა. დაახლოებით 15 მეტრამდე იქნებოდა. გვთხოვეს, - იქნებ ჭაღზე ნათურა გამოგვიცვალოთო... ათმეტრიანი კიბე კი გვქონდა, მაგრამ გუმბათოვანი შენობა იყო და ვერსად მივაყუდეთ... მოულოდნელად, გონება გაგვინათდა, - კიბე ფეხზე დავაყენეთ, ორი კაცი ერთი მხრიდან იჭერდა, ორი - მეორე მხრიდან, ორი ბიჭი კი ამ კიბეზე აძვრა და ნათურა გამოცვალა. ეს იყო სუპერექსტრემალური გადაწყვეტილება, რომელიც ოდესმე მიგვიღია. ამ დროს ხელში 2 ადამიანის სიცოცხლე ან მინიმუმ ჯანმრთელობა გიჭირავს... იმ ადამიანების სახეები არ დამავიწყდება, რომლებმაც დახმარება გვთხოვეს. გაოცებულები იყვნენ, - რას აკეთებენ, გიჟები არიანო, - ამბობდნენ. ერთხელ მახსოვს, შუშების გაწმენდის საფასურად მთელი დღის განმავლობაში კარტინგის ცენტრში "ვკატაობდით" (იცინის). უფროსიც ჩვენნაირი მხიარული ადამიანი გვყავდა და ვერთობოდით.
- რა არის შენს პროფესიაში მნიშვნელოვანი?
- ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ვიცი, როცა მივალ, კეთილგანწყობილი ადამიანები გაღიმებული სახით დამხვდებიან. საკმარისია, მათ სახეზე ღიმილი შევნიშნო, რომ ჩემს საქმეს დიდი ხალისით ვასრულებ და მათაც ვამხიარულებ. ჩვენით უკმაყოფილოები ძირითადად დამლაგებლები არიან, საქმე ემატებათ და სულ გვებუზღუნებიან. ვცდილობთ, გავუღიმოთ, ვიხუმროთ და ამ ჩხუბ-ჩხუბში ეცინებათ ხოლმე. - ოჰ, თქვენ ვინ ხართო - გვეუბნებიან. ასე ღიმილ-ღიმილით უარყოფითად განწყობილ ადამიანებსაც კი კარგად განვაწყობთ ჩვენ მიმართ. საკმაოდ დიდი ხანია, ამ პროფესიით ვმუშაობ და ერთ-ერთ საუკეთესოდ მივიჩნევი ფირმაში. მახსოვს, ამას წინათ ობიექტზე მივედი და ჩემი საქმე როგორც ჩანს, მათი აზრით, დროზე ადრე შევასრულე. გამყიდველმა მისაყვედურა, საქმეს ზერელედ აკეთებო. - მაშინ ნაკლი უნახეთ ჩემს შესრულებულ სამუშაოს-მეთქი - ვთხოვე. უყურა, უყურა, გაწმენდილ შუშას და - კარგი, კარგიო, - ხელი ჩაიქნია. ჩემს საქმეს სწრაფად თუ ვასრულებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უხარისხოდ ვაკეთებ ან უგულოდ ვუდგები. მიყვარს, რასაც ვაკეთებ. არ არის აუცილებელი, ყველა კაბინეტში იჯდეს. ჩემმა პროფესიამ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა. სანამ მუშაობას დავიწყებდი, ისიც კი არ ვიცოდი, რა მინდოდა. არ მქონდა მიზანი... ახლა უკვე ვიცი, რისი გაკეთება მსურს. დღეს საქართველოში სტუდენტების უმრავლესობა უნივერსიტეტში კი აბარებს, მაგრამ მათგან ბევრმა არ იცის, რა უნდა. მათი თვითმიზანი მხოლოდ დიპლომია... მე კი კაბინეტში ჯდომას მირჩევნია, შუშები ვრეცხო და ჩემთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ადამიანებთან ვიურთიერთო; იმ ადამიანებთან, რომლებიც ვიცი, რომ პატივს მცემენ და ვუყვარვარ.
- აკა, სამუშოდ მარტო დადიხარ?
- 2-2 ადამიანი დავდივართ, გვაქვს ხელშეკრულებით აღებული რამდენიმე ობიექტი, რომელთაც ყოველკვირეულად ვემსახურებით. ცოტა ერთფეროვანი საქმეა, მაგრამ ვცდილობ, გავამრავალფეროვნო და არ მომბეზრდეს. ხალხის გასამხიარულებლად ცალ-ცალი, ყვითელი და მწვანე კედით, თუთიყუშის ფერებში გამოწყობილი დავდიოდი. ეს ადამიანების განწყობაზე დადებითად მოქმედებდა. თუ შენიშნავდნენ, - ცალ-ცალი რატომ გაცვიაო? დავიხედავდი და - უი, შემშლია-მეთქი,
- შევიცხადებდი.
- ვიცი, რომ ბევრი გატაცება გაქვს, უკრავ ბენდშიც...
- კი, მე და ჩემმა მეგობრებმა ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვაყალიბეთ ბენდი. "მეტალს" ვუკრავთ, ცოტა ხმაურიანი ხალხი ვართ (იღიმის). ჩვენს ჯგუფს სცრატცჰ ტჰე ფლოორ ჰქვია. ჯგუფისთვის მეტი დრო რომ დამეთმო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობას თავი დავანებე. ალბომზე ვიმუშავეთ, რომელიც უკვე მზადაა და 19 სექტემბერს მისი პრეზენტაცია გავმართეთ. ყველაფერი ჩვენი ძალებით გავაკეთეთ, შეიძლება ითქვას, ამ ალბომს თავი დავაკალით. საჭირო თანხების გამოძებნაში მეგობრები და მშობლები დაგვეხმარნენ. უახლოეს მომავალში ბაქოში გამგზავრებას ვაპირებთ, სადაც კონცერტზე დავუკრავთ. ეს ფაქტი ორმაგად მახარებს, რადგან მოგზაურობა ძალიან მიყვარს. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მაშინვე ზურგჩანთას ვალაგებ და მთაში მივდივარ, - იქ, სადაც სიმშვიდე და ცოტა ხალხია. მეგობრებიც ჩემნაირი გადარეულები მყავს, ყველას უყვარს წანწალი. ხშირად ყოფილა შემთხვევა, სახლში დაძინება დაგვზარებია, საღამოს ჩანთა ჩაგვილაგებია და ქალაქგარეთ წავსულვართ. რა თქმა უნდა, ტრანსპორტში ფულს არ ვხარჯავთ, დავდივართ ავტოსტოპით და ასე გზადაგზა იმდენი კარგი ადამიანი გავიცანით, რომ საქართველოს ყველა კუთხეში გვყავს მეგობრები. ავტოსტოპით მოგზაურობისას ცუდ ხალხს ვერასოდეს გაიცნობ, რადგან ცუდი ადამიანები მანქანას არ გაგიჩერებენ.
ელენე ბასილიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)