რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ვლადიმერ კოლოკოლცევი რუსეთის პოლიციაში საქართველოს მსგავსი რეფორმის გატარებას გამორიცხავს. როგორც კოლოკოლცევმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, "ქართული საოცრება" რუსეთისთვის მაგალითად არ გამოდგება.
"არ შეიძლება პატარა საქართველო დიდ რუსეთს შევადაროთ. საქართველომ კონკრეტულ ეკონომიკურ-სოციალურ ვითარებაში შეძლო მაქსიმალურად მცირე ვადაში შეეცვალა პოლიციის თანამშრომლები, თუმცა რუსეთში მისი უზარმაზარი ტერიტორიების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან თითქმის ყველა პოლიციელის დათხოვა არარეალურია", -განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ერთბაშად ყველა თანამშრომლის დათხოვნის შემთხვევაში, ქუჩაში გასვლაც კი სახიფათო გახდება.
მინისტრი მიიჩნევს, რომ შესაბამისი სამუშაოები უნდა ჩატარდეს პოლიციაში დღეს დასაქმებულ ადამიანებთან.
"ამასთან, უნდა მოხდეს ახალი კადრების აღზრდა. ასევე შეიძლება რამდენიმეს გათავისუფლება", -განაცხადა კოლოკოლცევმა.
რამდენიმე ხნის წინ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მის უწყებაში რეფორების ახალი ტალღა იწყებოდა, რადგან რეფორმის წინა ეტაპებმა სისტემაში არსებული ძირითადი პრობლემები ვერ გადაჭრა.