შს მინისტრმა მოადგილეები წარადგინა

შს მინისტრმა მოადგილეები წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი მოადგილეები წარადგინა. როგორც სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, მისი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი იქნება.

"ბატონი ლაშა 1990 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1999 წლიდან 2001 წლამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, 2001-2003 წლამდე უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, გახლდათ ორგზის პარლამენტის წევრი. ის არის მაღალი პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დამეხმარება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება დანარჩენ 4 მოადგილეს, ამ თანამდებობებს ლევან იზორია, გელა ხვედელიძე, ალეკო ტაბატაძე და ალექსი ბატიაშვილი დაიკავებენ. "ლევან იზორია 2002 წელს გერმანიაში სამართლის დოქტორი გახდა. 2004-2006 წლებში პოლიციის აკადემიის რექტორი იყო და მის სახელს უკავშირდება საპატრულო პოლიციის წარმატებული პროექტი. გელა ხვედელიძე 1993 წლიდან 2004 წლამდე უშიშროების სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე, ასევე შსს-ში, სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა. იყო პარლამენტის წევრიც. ალეკო ტაბატაძე 1991 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა ჩვენს სამინისტროში, არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, დარწმუნებული ვარ, ის წარმატებულად გაუძღვება ამ საქმეს. მე-5 მოადგილე ალექსი ბატიაშვილს კი, 1995 წლიდან 2004 წლამდე უშიშროების სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. იყო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი. ისიც მაღალი პროფესიონალი და წესიერი ადამიანია", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შს მინისტრი დარწმუნებულია, რომ წარმოდგენილი გუნდი ეფექტური იქნება და შედეგს საზოგადოება მალე ნახავს. "ჩვენ ვართ ძალიან კარგი და შეკრული გუნდი და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ვიმუშავო ასეთ პროფესიონალებთან. უახლოეს მომავალში ჩვენ დაგიმტკიცებთ ქმედებით, როგორი ეფექტური მუშაობა შეგვიძლია", - განაცხადა შს მინისტრმა.

რაც შეეხება საპატრულო პოლიციის ახალ ხემძღვანელს, მას ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ წარადგენს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა