ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ მოადგილეები წარადგინა. როგორც კალაძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას გია ქავთარაძე დაიკავებს. მისივე თქმით, ქავთარაძე 2002-2004 წლებში იყო აშშ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის მონაწილე.
"მან შეიმუშავა კანონპროექტი დაგროვილი ვალების რესტრუქტურიზაციისა. 2000 წელს იყო იუსტიციის საბჭოს მდივანი და 2005 წელს ცესკო-ს თავმჯდომარე, 2005-2007 წლებში იუსტიციის მინისტრი და იუსტიციის სახლის ავტორი. არის პატიოსანი ადამიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - განაცხადა კალაძემ.
მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა მარიამ ვალიშვილი, რომელიც დღემდე მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
"მას ენერგეტიკულ სფეროში მოღვაწეობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს, მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, ათასწელეულის გამოწვევის ფონდში ენერგეტიკული მიმართულებებით. 2008 წლიდან დღემდე მინისტრის პირველი მოადგილე იყო", - აღნიშნა კალაძემ.
მინისტრის მესამე მოადგილე იქნება ილია ელოშვილი, რომელიც კახი კალაძემ ასევე გამოცდილ კადრად დაახასიათა.
"სხვადასხვას დროს იყო ხელმძღვანელ თანამდებობებზე გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიაში, იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ამერიკული ჯგუფ "ტეტრატეკის" დირექტორის მოადგილე. ეს ადამიანები ჩემთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა კალაძემ.