საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დავით ცინარიძე უხელმძღვანელებს. ცინარიძე თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის ამოსავალი ღირებულებები კანონიერება, სამართლიანობა და ჰუმანიზმი უნდა იყოს.
"დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციაში ერთ-ერთ ცენტრალურ როლს ასრულებდა. ამ სამსახურის შექმნის საქმეში მას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის და დარწმუნებული ვარ, გააზრებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც თანამდებობა აკისრებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პირველი დავალება ცინარიძესა და საპატრულო პოლიციის შემადგენლობას ღარიბაშვილმა საჯაროდ მისცა.
"დარჩნენ შეურიგებელი ყოველგვარი უკანონობის გამოვლინებასთან, დაიცვან ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება. ქვეყანა უნდა ჩადგეს სტაბილური განვითარების კალაპოტში, უნდა დასრულდეს ის გამარჯვების ეიფორია, რომელიც არსებობდა. ვიცი, რომ იყო გარკვეული დემორალიზება და მოშვებულობა, მაგრამ ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს და პატრულმა უნდა გააგრძელოს ხალხის სამსახურში ყოფნა. არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე ტიპის გართულებას ჰქონდეს ადგილი", - განაცხადა შს მინისტრმა და აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციას ყოველთვის ჰქონდა და ექნება მისი მხარდაჭერა.
ცინარიძე 1997 წლიდან მუშაობდა გამომძიებლად, გარდა ამისა, იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის კონსულტანტი.