ვინ არის ახალი მოწმე ვაზაგაშვილის საქმეში?!

ვინ არის ახალი მოწმე ვაზაგაშვილის საქმეში?!

"ჩემი შვილი მაშინვე არ მომკვდარა, ის საკონტროლო ტყვიით მოკლეს", - ამბობს ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი. როგორც "საიაში" გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. აქედან გამომდინარე, "საია" მთავარ პროკურორს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

"როგორც ცნობილია, დაცხრილულ ავტომობილში მსხდომ პირთაგან მხოლოდ ბონდო (ბუბა) ფუთურიძე გადარჩა, რომელთანაც, მოგვიანებით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. დღემდე ცნობილი იყო, რომ ფუთურიძემ წარდგენილი ბრალდება აღიარა. სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციელთა მხრიდან ცეცხლის გახსნა მოხდა. დღეს ფუთურიძე აცხადებს, რომ სასამართლოსთვის მიცემული აღიარებითი ჩვენება მან ზეწოლის შედეგად მისცა. მისივე განმარტებით, ის და მისი მეგობრები არც საყაჩაღოდ მიდიოდნენ და არც იარაღი ჰქონიათ", - განაცხადა მოსიაშვილმა.

"ჩვენ პროკურატურას წარვუდგენთ დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე შსს-ს ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგოს ადასტურებენ და პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებზე მიუთითებენ", - განაცხადა მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ავტომობილში ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ჩაცხრილეს.

"ალია" კომენტარისთვის დაუკავშირდა ზურაბ ვაზაგაშვილის მამას, იური ვაზაგაშვილს:

- ფუთურიძესთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი დეტალია კიდევ საინტერესო. კერძოდ, ფუთურიძე ადასტურებს, რომ დაჯახების შემდეგ მას მოხვდა 15 ტყვია ქვედა კიდურებში და ამოსაღები აქვს და არის კიდევ სასწრაფოდ საოპერაციო. ოპერაციას არ უკეთებდნენ, სანამ იმ ჩვენებას არ მისცემდა, რაც მას მიუთითეს და თან ემუქრებოდნენ, რომ მისცემდნენ 30 წელს. ფუთურიძემ საინტერესო კიდევ ის თქვა, რომ როცა სროლა შეწყდა, ხუბულოვი ნამდვილად გარდაცვლილი იყო, ხოლო ზურა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ამ დროს პოლიცია ამტკიცებდა, რომ შეჯახების შემდეგ წვიმასავით მოდიოდა ტყვიები მანქანიდან. კიდევ ვამბობ: ამ დროს ზურა ცოცხალი ყოფილა და ის საკონტროლო გასროლით არის მოკლული. ამას ამტკიცებს ფუთურიძე. ასევე გამოჩნდა პოლიციის თანამშრომელი, რომელიც იძლევა ჩვენებას, რომ ის ცილისწამება, თითქოს მანქანიდან იყო სროლა, ამ მოწმემ უარყო და განაცხადა, რომ მანქანაში მსხდომებს არავითარი იარაღი არ ჰქონიათ და სროლა საიდან იქნებოდა?

- ვინ არის ეს პოლიციელი?

- სამინისტროს თანამშრომელია. ის იმ დროს იქ მუშაობდა და, რაც მთავარია, საკუთარი თვალით უყურა მთელ ამ უბედურებას. მას თავისი თვალით აქვს ნანახი, სამინისტროს ეზოში პოლიციამ მანქანა როგორ დააყენა და ექსპერტი როგორ მიიყვანეს და ეს იყო აქუაშვილი ზაზა. იმან ლაზერით დაუმიზნა და იმის მიხედვით, როგორც იყო მანქანების განლაგება კორტებთან (თვითონ მანქანის უკანა საქარე მინა ხომ მაგათ ამოამტვრიეს და თითქოს იქიდან ესროლეს პოლიციის მანქანას და ეს ტყვიები მოხვდა საქარე მინას), მოკლედ, ლაზერით დაუმიზნეს და ისროლა ირაკლი ფირცხალავამ.

- ეს პოლიციის თანამშრომელი ახლა გამოჩნდა მოწმედ?

- უნდა გითხრათ ის, რაც ჯერ არსად მითქვამს: ამ პოლიციელის ჩვენება მე დიდი ხანია ვიცი და ასევე მე მყავს სხვა პოლიციელებიც მოწმედ, მაგრამ ადრე მათ ერიდებოდათ სიმართლის თქმა, რადგანაც მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა და ახლა ალაპარაკდნენ. ველოდებით, როდის დაიწყება გამოძიება და ისინიც იტყვიან სიმართლეს.

- რა იყო სინამდვილეში?

- იყო ჩასაფრება, რაშიც ძალიან სერიოზული მონაწილეობა აქვს მიღებული მთაწმინდის პოლიციას, რადგანაც 22-მდე პოლიციელი იყო მაშინ მარტო ამ რაიონიდან გაგზავნილი და ყველაფერი მაგათ თვალწინ ხდებოდა. ამით სრულიად გამოიკვეთა ის სურათი, რაც აქამდე მხოლოდ ვიცოდი ზოგადად. ეს იყო განზრახ მკვლელობა.

- ეს არის ის დეტალები, რაზეც თქვენმა ადვოკატმა განაცხადა?

- კი, კიდევ გვაქვს სხვა დეტალებიც, რომელსაც უშუალოდ გამოძიების დროს გავაცნობთ საზოგადოებას. წარმოგიდგენიათ, რომ ამ პოლიციელებს კიდევ ეშინიათ?

- წარმომიდგენია.

- ეშინიათ და სულ ელოდებიან, როგორ დალაგდება თვითონ სამინისტრო, დამიჯერეთ, ყველაფერი ითქმება არა მარტო ვაზაგაშვილზე და ხუბულოვზე კი არა, ყველა დანარჩენზეც.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა