"ჭაღარა შეერია, მეუბნება, შენი ბრალიაო, მე სააკაშვილს ვაბრალებ"

"ჭაღარა შეერია, მეუბნება, შენი ბრალიაო, მე სააკაშვილს ვაბრალებ"

ის დიდი ხანია საჯარო ფიგურაა, 2004-2009 წლებში სახალხო დამცველი იყო. ამ პოსტზე მისი საქმიანობა ნაყოფიერად იქნა შეფასებული. მერე პოლიტიკაში გადაინაცვლა, სახალხო დამცველის პოსტზე გიორგი ტუღუშმა შეცვალა. ახლახან კი თავად შეცვალა გიორგი ტუღუში, ოღონდ სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე. ჩემი რესპონდენტი სოზარ სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი გახლავთ. ის საკუთარ ოჯახს უფრო ახლოს გაგვაცნობს და მინისტრის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე, დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდზე, მინისტრის პატიმარ ძმაზე გულახდილად გველაპარაკება.

- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გააკეთა, სოზარ სუბარი მის გვერდით იდგა. ამ პერიოდს როგორ შეაფასებთ?

- ყველანაირად რთული პერიოდი იყო, პოლიტიკურ ასპარეზზე, ოჯახურ ურთიერთობებშიც... ერთგვარი გამოცდა იყო, ვინ იყო ჩვენი ოჯახის გულშემატკივარი და გვერდით მდგომი, კარგად გამოჩნდა. მოგეხსენებათ სოზარის ძმაც დაჭერილი იყო. მას ბრალად 5 ანგარიშფაქტურის გაყალბება წაუყენეს. ქვეყანას 365 ლარის ოდენობის ზიანი მიადგაო. მიუხედავად იმისა, რომ თავი დამნაშავედ არ ცნო, 5 წელი მიუსაჯეს. ეს სოზარის დასაშინებლად გააკეთეს, უნდოდათ პოლიტიკისთვის ჩამოეშორებინათ. ვახო (სოზარის ძმა) დამნაშავე არ იყო, არც საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, მაგრამ 2 წელი გლდანის ციხეში მკაცრ პირობებში გაატარა. დღის მანძილზე წამოწოლის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ, ფეხზე უნდა მდგარიყო. სოზარს საჯაროდ ამ პრობლემაზე არასდროს ულაპარაკია. არ უნდოდა, ვინმეს ჰგონებოდა, თითქოს პატიმარი ძმით პოლიტიკური ქულების დაწერას ფიქრობდა. სტრასბურგისთვის ყველა დოკუმენტი იყო შეგროვებული, მაგრამ ვახო რამდენიმე დღის წინ, სოზარის მინისტრად დანიშვნამდე (სხვა 120 პატიმართან ერთად), გაათავისუფლეს.

- პატიმრობის პერიოდში ძმას ხშირად ნახულობდა?

- საერთოდ არ უნახავს, სასამართლო პროცესზეც კი არ მისულა. არ უნდოდა ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა. არ უნდოდა, ვინმეს ეთქვა, მოსამართლეზე ზეწოლას ახდენსო. საქმეს მაქსიმალურად განერიდა. სოზარს მშობლები ნაადრევად გარდაეცვალა, დედმამიშვილებიდან უფროსია და და-ძმებზე ამაგი აქვს. იცოდნენ, ძმის დაჭერით გატეხდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ, პატიმრობის პერიოდი ვახომაც გმირულად აიტანა. სოზარმა ძმის მდგომარეობა ძალიან განიცადა, პირველ პერიოდში სრული შოკი ჰქონდა.

- საუბრის დასაწყისში მითხარით, გამოჩნდა, ვინ იყო ჩვენი ოჯახის ნამდვილი გულშემატკივარი და გვერდით მდგომიო. რას გულისხმობდით?

- ადამიანები ჩვენთან ურთიერთობას ერიდებოდნენ, ზოგი საერთოდ აღარ გვირეკავდა, ზოგი გვირეკავდა და შეშინებულები ლაპარაკობდნენ. სოზარის სახელს არ ახსენებდნენ, მეკითხებოდნენ, ის როგორ არის? ხალხის ასეთი დაბეჩავება ჩემზე ძალიან მძიმედ მოქმედებდა, მაგრამ პოლიტიკური შეფასებებისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი. ჩვენს შვილებს სწავლა 2 ოქტომბერს დაეწყოთ. ბავშვები დილით სკოლაში რომ წავიყვანე, მშობლები მოდიოდნენ და გილოცავო, მეუბნებოდნენ, მეც გილოცავთ სწავლის დაწყებას-მეთქი. რა სწავლის დაწყებას, გამარჯვებას გილოცავთო! ადამიანებმა, რომლებიც მანამდე ჩუმად იყვნენ და შიშისგან ვერაფერს ლაპარაკობდნენ, მეორე დღესვე საკუთარი აზრის გამოხატვა დაიწყეს. ბედნიერი ვიყავი.

ვახო რომ დაიჭირეს, იმ პერიოდში, სოზარს ზოგიერთმა ახლო მეგობარმაც კი არ დაურეკა და არ მოიკითხა. ეშინოდათ, რომ ეკითხათ, - ძმა რატომ გყავს დაჭერილი? იმედია ურთიერთობის აღდგენა ნელ-ნელა დაიწყება.

- ერთ დროს თუ თქვენს ოჯახთან ურთიერთობა "საშიში" იყო, დარწმუნებული ვარ, ახლა იმავე ადამიანებისთვის სასურველი გახდება. თქვენ მიიღებთ?

- ვნახოთ, ეს ყველაფერი როგორ იქნება.

- საქართველოში პოლიტიკური შეხედულებების გამო უცნობებს უმეგობრდებიან და მეგობრებს შორდებიან. სოზარი ბევრ მეგობარს დაშორდა?

- მეგობრების ნაწილი დაკარგა, მაგრამ მგონი უფრო მეტი შეიძინა.

- მიამბეთ, ოჯახში მას როგორ გულშემატკივრობდით?

- ძალიან დაკავებული იყო, შვილები შინ ვეღარ ნახულობდნენ და ენატრებოდათ. ოჯახური შეკრებები, სტუმრის მიღება აღარ ხდებოდა. ვინმე თუ მოვიდოდა, საქმიანი საუბარი ჰქონდათ. მე სამსახურში ძალზე დაკავებული ვიყავი. 2009 წლიდან "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში" მედიაპროექტებსა და განათლების პროგრამებზე ვმუშაობ. საარჩევნო პროექტიც გვქონდა და საარჩევნო პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართულები. ჩვენთან როგორც პროფესიონალი ჟურნალისტები, ასევე რიგითი ადამიანები თანამშრომლობდნენ. არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ გვატყობინებდნენ. ფოტო და ვიდეომასალას გვაწვდიდნენ. ხაშურის ინციდენტი პირველად ჩვენ გავავრცელეთ. სპეცრაზმის შესვლის შესახებ ბევრმა ხაშურელმა არ იცოდა.

- ამ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას მეუღლესაც აწვდიდით?

- არა, მასალას სოციალურ ქსელში ვავრცელებდით.

- სოზარი თქვენი საქმიანობით დაინტერესებულია?

- სახლში საქმეზე ნაკლებად ვსაუბრობთ, ზოგადად იცის ჩემი საქმიანობის შესახებ და მგულშემატკივრობს.

- მითხარით, 2009 წლიდან ვმუშაობო. ეს ის პერიოდია, როცა თქვენი მეუღლე უმუშევარი იყო, ოჯახს თქვენ არჩენდით?

- სოზარი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრია, მიზერული ხელფასი ჰქონდა. ოჯახს მე ვარჩენდი და ამაზე თავადაც ხუმრობდა, კომუნალური გადასახადები "მიიბაო".

- მის მინისტრად დანიშვნას რამდენად ელოდით?

- კოალიციის შიგნით მოლაპარაკებებზე სოზარს ლაპარაკი არ უყვარს. თავადაც არ ვეკითხები. თავიდან გავრცელდა ხმა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნიშნავდნენ. მისთვის არც დამირეკავს, მივხვდი, ჭორი იყო. ვფიქრობდი, თავდაცვის სფეროში მისი გუნდიდან სხვა ადამიანებს უფრო დიდი გამოცდილება აქვთ და სოზარი მათ წინ არ დადგება, შეიძლება, სასჯელაღსრულების სამინისტრო ჩააბარონ-მეთქი. შინ რომ მოვიდა, ვკითხე, ეს ხმა გავრცელდა და ხომ ჭორია-მეთქი? - შენ როგორ გგონიაო? ჩემი აზრიც გავუზიარე. ჩაიცინა, მაგრამ არაფერი მითხრა. მისი მინისტრის კანდიდატად წარდგენის ამბავი ტელევიზიიდან გავიგე.

- თქვენს ცხოვრებაში სოზარის გამინისტრებამ რა შეცვალა?

- არც არაფერი, რა უნდა შეეცვალა? რაც მას ვიცნობ, სულ საჯარო ფიგურაა, მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მისი მისამართით ქებაც მესმის და კრიტიკაც, მიჩვეული ვარ. მეტი თმენის ვალდებულება გვმართებს.

- თქვენ გარეუბანში ცხოვრობთ, ბინის გამოცვლას აპირებთ?

- 7 წლის წინ ერთ-ერთ მშენებარე სახლში გარკვეული თანხა შევიტანეთ. სხვათა შორის, ეს სახლიც გარეუბანშია, მაგრამ აშენება არ იქნა და აღარ ეღირსა. ახალი ხელისუფლება ამბობს, დაკონსერვებულ მშენებლობებს მივხედავთო და (იცინის)...

- იმედი გაქვთ?

- რა თქმა უნდა.

- საჯარო ინფორმაციაა, ამიტომ გკითხავთ, რამდენია მინისტრის ხელფასი?

- ზუსტი ციფრი არ ვიცი, 3.500 ლარის ფარგლებშია.

- შვილებზე მიამბეთ.

- უფროსი გოგონა ნინი 8 წლისაა, შემდეგ მოდის 7 წლის ლუკა, რომელსაც დაბადების დღე 22 ოქტომბერს ჰქონდა. მამამისი ქუთაისში იყო და ლამის დაავიწყდა. დილიდან რამდენჯერმე მელაპარაკა და ბავშვის დაბადების დღე არ მომილოცა. მივხვდი, არ ახსოვდა, მეც შეგნებულად აღარ შევახსენე. ბავშვები სკოლიდან რომ გამომყავდა, მაშინ დამირეკა, ლუკას დამალაპარაკეო. როგორც ჩანს, ვიღაცამ მისალოცად დაურეკა და შეახსენა, რომ შვილის დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ ამას ცოცხალი თავით არ აღიარებს. ჩვენი მესამე შვილი, - მათე 4 წლის არის. სოზარს რომ დაინახავს, აუცილებლად ხელში უნდა აიყვანოს, მაგრამ ეს ხელში აყვანა ერთი ცერემონიაა. მე, ნინის, მამიდამისს, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, გვეძახის. ყველამ ერთმანეთს ხელი უნდა გადავხვიოთ, ჩავეხუტოთ და მერე მამამისმა უნდა აიყვანოს.

- სოზარი როგორი მამაა?

- ძალიან თბილი და მეგობრულია. შვილებს შენიშვნებს იშვიათად აძლევს. მკაცრი მამა ნამდვილად არ არის. ცდილობს, ბავშვებს საკუთარი აზრის გამოხატვა ასწავლოს. არ ზღუდავს, თავისუფლად ზრდის.

- განტვირთვას როგორ ახერხებს?

- რაც წინასაარჩევნო მარათონში ჩაება, მხოლოდ ერთი დღე მახსენდება, როცა ქალაქგარეთ გასვლა მოინდომა. დამირეკა და მითხრა, მოემზადე, გუდაურში უნდა წავიდეთო. მარტი იყო, თოვლი დნებოდა, მაგრამ თხილამურებით სრიალი მაინც მოახერხა. თხილამურები ძალიან უყვარს. ბოლო ჩამოსრიალებისას წაიქცა და ცერა თითი მოიტეხა. მის მოტეხილ თითს მერე ათასი ჭორი მოჰყვა. ამტკიცებდნენ, სოზარმა იჩხუბაო.

- იმასაც ამბობდნენ, ამომრჩევლებთან შეხვედრისას რამდენჯერმე ნასვამი იყოო.

- ამბობდნენ, ადრე არ სვამდა და ახლა გალოთდაო (იცინის). ეს სისულელეა. "აიტივის" მიერ გავრცელებული სიუჟეტი მახსენდება. გორში წინასაარჩევნო შეხვედრისას, რაღაც გადაიღეს და მერე დაამონტაჟეს. შეხვედრა ბაზარში, დილის 9 საათზე იყო და ნასვამი როგორ უნდა ყოფილიყო? მეც რომ ვნახე, დავეჭვდი, კადრი სპეციალურად იყო შენელებული, სოზარის გარშემო რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი და მათზე ხელი ჰქონდა გადახვეული.

- მახსოვს, სიუჟეტი, როცა ჟურნალისტები ეუბნებიან, თანაგუნდელებმა თქვენზე ცუდი თქვესო...

- და სოზარს ჰკითხეს, ამაზე რა კომენტარს გააკეთებთო? სოზარი ურთიერთობაში ძალიან უშუალოა. სტანდარტული, გაზეპირებული ფრაზებით არ ლაპარაკობს. როგორი კითხვაც დაუსვეს, ისეთივე არასერიოზული პასუხი გასცა.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება აქვს? უპირატესობას რომელ სასმელს ანიჭებს?

- სოზარს ტრადიციული სუფრები არ უყვარს, 1 საათზე მეტხანს ვერ გააჩერებ. ეს ყველა მეგობარმა იცის. შეიძლება, რამდენიმე ჭიქა ღვინო დალიოს. სახლში ყოველთვის გვაქვს კარგი ვისკი. ყურძნის დაწურვა და ღვინის დაყენებაც არ იცის.

- რჩევებს გეკითხებათ?

- იშვიათად. მე შენიშვნებს უფრო ვაძლევ. საზოგადოების ხმას ვაწვდენ. თავადაც არ არის ჩაკეტილი ადამიანი. ხალხთან ურთიერთობა უყვარს.

- "ქართული ოცნების" ლიდერების მეუღლეებს იცნობთ?

- ნოდარ ხადურის მეუღლეს ძალიან კარგად ვიცნობ. ჩემი ნინი და კოტე სურგულაძის შვილი კლასელები არიან, შესაბამისად, კოტეს მეუღლესაც კარგად ვიცნობ. თურმე ბავშვები ხუმრობენ, კლასში 2 მინისტრის შვილი გვყავსო.

- პრემიერის მეუღლეს იცნობთ?

- არა. იმედია, მომავალში გავიცნობ. ქალბატონი ეკას მამას კარგად იცნობდა მამაჩემი. ნინის ძალიან უნდა ბერას გაცნობა. "ქართული ოცნების" აქციებზე ყოველთვის დავდიოდი. ისე ემთხვეოდა, სოზარი ვერ ესწრებოდა, ქვეყნის გარეთ იყო გასული. მეუბნებოდა, გავაფრთხილებ და ტრიბუნასთან შეგიშვებენ, იქ ლიდერების ოჯახის წევრები დგანანო, მაგრამ პრივილეგიით არ ვსარგებლობდი. ჩემს ნათესავებთან და ხალხთან დგომა მერჩია. ბოლო აქციაზე ლუკა დამეკარგა. სამივე გაფრთხილებული მყავდა, თუ დამშორდებით, სცენასთან მიდით, სახელი და გვარი თქვით, გამოგაცხადებენ და გიპოვით-მეთქი. ლუკა სცენასთან მისულა და ტირილი დაუწყია. სახელი და გვარი მკითხეს, მაგრამ ჯერ სხვა ბავშვებს აცხადებდნენო. ჩემს ნათესავს დაუნახავს და მომიყვანა. მერე იცინოდა, მამამისს ეუბნებოდა, აქციაზე დავიკარგეო.

- სოზარი რამდენად ყურადღებიანი მეუღლეა? სიურპრიზებით, საჩუქრებით განებივრებთ?

- ნორმის ფარგლებში. როცა საზღვარგარეთ არის, საჩუქრები შეძლებისდაგვარად ჩამოაქვს.

- თქვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაში იგრძნობა?

- 21 წლის რომ გავხდი, 1 კვირაში ცოლად გავყევი, თავად 37 წლის იყო. მაშინ ასაკი არ ეტყობოდა. არც ახლა ეტყობა. მხოლოდ ეგაა, ცოტა ჭაღარა შეერია. მეუბნება, შენი ბრალიაო. მე სააკაშვილს ვაბრალებ. სოზარს რომ მივყვებოდი, გიგა ბოკერია ხუმრობდა, - სრულწლოვანია და შეგიძლია მოიყვანოო.

- ბოკერიასთან მეგობრობდა?

- იმ პერიოდში ბევრ ვინმესთან მეგობრობდა.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ. სასწავლებელს რომ ვამთავრებდი, იმ წლებში სოზარი ჟურნალისტურ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული. საგამოძიებო ჟურნალისტიკის ტრენინგზე დავდიოდი და გავიცანი. მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვქონდა, მერე აკაკი გოგიჩაიშვილთან "60 წუთის" სკოლაში ჩავაბარე. იქაც სოზართან მიწევდა შეხვედრები და ჩვენი საქმიანი ურთიერთობა მალე სიყვარულში გადაიზარდა.

- შვილის ყოლას კიდევ აპირებთ?

- მე 1 ძმა მყავს. სოზარი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. ვხედავ, ბავშვები ერთად უფრო თბილები და მზრუნველები იზრდებიან. თუ უფლის ნება იქნება, შვილზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით. მიყვარს, როცა ბავშვს დედა ზრდის და არა - ძიძა.

- ძიძა არ გყავთ?

- სანამ მესამე შვილი დაიბადებოდა, ავიყვანეთ, მაგრამ მათეს მხოლოდ მე ვზრდიდი. ის უფროსებს აქცევდა ყურადღებას. მინდა შვილები სკოლაში, დაბადების დღის ცენტრში და ყველგან მე წავიყვანო, პედაგოგებთან და მშობლებთან ურთიერთობა მქონდეს.

- დაცვა უკვე გყავთ?

- ჯერჯერობით არა. ეს სოზარის სურვილის მიხედვით თუ იქნება, ალბათ უარს იტყვის. ამ ყველაფერზე ცოტა სხვა შეხედულებები აქვს. დილით ბავშვები სკოლაში რომ მიჰყავს, ეზოში რამდენიმე ადამიანი ხვდება. ელაპარაკებიან, დახმარებას სთხოვენ. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დალაგდება და ქვეყანაში უსამართლობა აღარ იქნება.

- მადლობა ინტერვიუსთვის. ბატონ სოზარს კი წარმატებებს ვუსურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"