გიორგი ლორია - "ახლა არც იქით ვარ, არც - აქეთ, თავისუფალი გახლავართ"

გიორგი ლორია - "ახლა არც იქით ვარ, არც - აქეთ, თავისუფალი გახლავართ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ლორია სიმაღლეში 1 მეტრი და 97 სანტიმეტრი გახლავთ. მან გულშემატკივარს თავი საქართველო-ესპანეთის თამაშიდან დაამახსოვრა: მაშინ ხომ ქართველი მეკარის თითოეულ მოძრაობას რამდენიმე ათასი მაყურებელი აკვირდებოდა; ფეხბურთელი ძლიერი მეტოქის შემოტევას ღირსეულად უმკლავდებოდა, მაგრამ ბოლოს, სერიოზული ტრავმა მიიღო. საბედნიეროდ, 26 წლის მეკარე ახლა თავს კარგად გრძნობს და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველ გულშემატკივარს კიდევ ბევრჯერ გაახარებს.

- უკვე 2 კვირაა, ვვარჯიშობ. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა. სრულ მზადყოფნაში ვარ და 27 ოქტომბერს "ზესტაფონი"-"დინამოს" თამაშზე მოედანს დავუბრუნდი. მკურნალობის დროს ერთი სული მქონდა, თამაში დამეწყო. ერთი ჭია უკვე მოვიკალი და ვარჯიში დავიწყე, ახლა თამაშსაც შევძლებ.

- ფეხბურთს ბავშვობიდან თამაშობ?

- სპორტის ეს სახეობა ყოველთვის ძალიან მომწონდა. 8 წლისა მამამ გუნდში - "ავაზა" მიმიყვანა.

- როგორც ვიცი, მამაშენიც თამაშობდა ფეხბურთს...

- ნუგზარი უნივერსიტეტში თამაშობდა ფეხბურთს. ამბობს, - ძალიან მაგარი ვიყავიო; მერე ავარიაში მოყვა და ტრავმის გამო თამაში ვეღარ გააგრძელა. მამას არც ერთი ჩემი ვარჯიში არ გაუცდენია, დღემდე ყველას ესწრება, თამაშებზე ხომ ყველგან თან დამყვება; მატჩის მერე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლებოდა ამა თუ იმ მომენტის უკეთესად გამოყენება. მამასგან რჩევებს ვიღებ. მისი და ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რაღაცას რომ მივაღწიე. რაც შეეხება დედას, ის ძალიან ემოციურია და თამაშების ყურება ძალიან უჭირს, ამიტომ მხოლოდ კომენტატორის ხმას უსმენს ხოლმე.

- ესპანელ ფეხბურთელებთან თამაშის დროს მაყურებელი განსაკუთრებულად მოიხიბლა შენით...

- იმ დღეს ყველამ განსაკუთრებულად ვითამაშეთ და მაყურებელსაც ამიტომ დაამახსოვრდა ის მატჩი. 84-ე წუთამდე კარში გოლს რომ არ გაუშვებ, თანაც მაშინ, როცა ეს გუნდი სხვებს 15 წუთში რამდენიმე გოლს უტანს, კარგი თამაშია, აბა, რა არის?! შეიძლება ითქვას, ძლივს მოგვიგეს. პირადად ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ძლიერ გუნდს ვეთამაშები თუ სუსტს, ყველა თამაშისთვის ერთნაირად ვემზადები. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მატჩის წინ განსაკუთრებული მომზადებაც არ არის საჭირო, თორემ შეიძლება "გადაიწვა" და საერთოდ ვერ ითამაშო.

- თამაშისთვის ფსიქოლოგიურად თუ ემზადები?

- ჩემთვის ფსიქოლოგიური მომზადება ის გახლავთ, როცა თამაშზე ბევრს არ ვფიქრობ; რაც მეტს იფიქრებ, - თამაში როგორ წარიმართება, გასამარჯვებლად რა და როგორ უნდა გავაკეთოო, "დაიგრუზები" და მოედანზე გასულს არაფერი გამოგივა...

- როგორც ვიცი, იყო დრო, როცა წინა პოზიციაზე თამაშობდი...

- კი, ასეთი დროც იყო. მაშინ ასაკით პატარა ვიყავი, მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი და ერთი გოლიც გავიტანე (იცინის)... მაგრამ ფიზიკურად ძალზე სუსტი ვიყავი, სირბილი მიჭირდა და ამიტომაც, კარში ჩადგომა ვარჩიე. ახლა მინიფეხბურთს ყოველთვის წინა პოზიციაზე ვთამაშობ, რადგანაც გოლების გატანა მიყვარს. მაგარი შეგრძნებაა, როცა შენ მიერ გატყორცნილი ბურთი მეტოქის კარში შეგორდება.

- შენზე ამბობენ, - მფრინავი მეკარეაო...

- მსგავსი "ფრენები" ადრეც მქონია, მაგალითად, სლოვენიის, ხორვატიის ნაკრებთან თამაშის დროს... მოკლედ, საქართველოს ნაკრებთან ერთად არაერთი კარგი თამაში მქონია, მაგრამ ჩემი მისამართით ასეთ ეპითეტებს ესპანეთის გუნდთან შეხვედრის შემდეგ ამბობენ. ფრენის რა მოგახსენო, მაგრამ თუ ადამიანი ეცდება, ყველაფერი გამოუვა! ეს შვიდმეტრიანი კარი ისეა გაკეთებული, რომ ბურთის აღება ადამიანის შესაძლებლობებს არ აღემატება; დროულად თუ ახტები და სწორად გადახტები, ბურთს კარში არ გაუშვებ! ქართველმა ფეხბურთელებმა ძალ-ღონე არ დავიშურეთ, რომ გულშემატკივარი გაგვეხარებინა, მაგრამ ბოლოს მაინც წავაგეთ.

- მაგრამ ღირსეულად...

- ჰო, ასეც შეიძლება ითქვას, მაგრამ ჩემთვის წაგება წაგებაა. საწყენია, ასე რომ მოხდა...

- ამ შეხვედრის შემდეგ ამბობდი, - იმ დღეს ცხოვრებაში პირველად ვიტირეო.

- ცრემლები გადმომცვივდა, რადგან ბოლომდე ვერ ვითამაშე, ნაკრებს ვერ დავეხმარე; ტკივილი და წყენა ერთად მახრჩობდა. ამასთან ერთად მესმოდა, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი ჩემს სახელს გაჰყვიროდა, ჰოდა, ამ ყველაფერმა ჩემზე იმოქმედა; ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია... იმ დღეს სტადიონი გადაჭედილი იყო და ქართველ ფეხბურთელებს ამანაც დიდი სტიმული მოგვცა. როცა იცი, რომ უამრავი ადამიანი გგულშემატკივრობს, ძალაუნებურად გიჩნდება სურვილი, რაც შეიძლება კარგად ითამაშო, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო; ხანდახან იმაზე მეტსაც კი აკეთებ, ვიდრე შეგიძლია.

- ალბათ, ამ თამაშის შემდეგ ქუჩაში უცხო ადამიანები გაჩერებენ, გესალმებიან...

- ჰო, რა ვიცი (იღიმის)... სოციალურ ქსელში ძალიან ბევრ წერილს ვიღებ. ხალხი ჩემ მიმართ დიდ სითბოს გამოხატავს.

- განსაკუთრებით გოგონები აქტიურობენ, არა?

- (იცინის) მესიჯები ყოველდღე მხვდება. ისინი სითბოს გამოხატავენ, მამხნევებენ, ხანდახან - სიყვარულსაც მიხსნიან.

- მათი მოგერიება ხომ არ გიჭირს?

- არა, რას ამბობ, რატომ უნდა მოვიგერიო?! პირიქით - მათი ყურადღება სასიამოვნოა. მე მხოლოდ ბურთს ვიგერიებ. როცა ადამიანებს უყვარხარ და შენ მიმართ სითბოს გამოხატავენ, ამას რა სჯობს?!

- გიო, პირად ცხოვრებაზე რას მეტყვი?

- მყავს შვილი - სალი ლორია, რომელიც ორი წლის და ოთხი თვისაა. მეუღლე არ მყავს. ჩვეულებრივი მამა ვარ. შვილი ძალიან მიყვარს და მისთვის ყველაფერს ვაკეთებ. მინდა, კარგი მომავალი ჰქონდეს.

- თუ გგავს?

- ხან მგავს, ხან - არა. სალი ყოველდღე იცვლება. იცის, რომ მამა ფეხბურთელია. რიგი მიზეზების გამო, სტადიონზე ჯერ არ არის ნამყოფი, მაგრამ აუცილებლად წავიყვან. როცა ტელევიზორში მხედავს, თურმე მეძახის: ლაშა მამა, ლაშა მამაო. გაგიკვირდა, არა? - ოფიციალურად გიორგი ვარ, მაგრამ შინაურები ლაშას მეძახიან.

- ამჟამად თუ ხარ შეყვარებული?

- ახლა არც იქით ვარ, არც - აქეთ; თავისუფალი გახლავართ.

- ამბობენ, რომ რამდენიმე წამყვანი კლუბი დაინტერესდა შენით...

- (მაწყვეტინებს) პირადად ჩემთან არც "რეალის" მწვრთნელს დაურეკავს და არც - "არსენალისას". მე მყავს მენეჯერი, რომელთანაც მოლაპარაკებას არაერთი კლუბი აწარმოებს. ველოდები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, როცა კონკრეტულ შემოთავაზებებს მივიღებ. იმედია, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად წარიმართება.

- რომელი ქვეყნის გუნდში ითამაშებდი სიამოვნებით?

- პროფესიონალური განვითარებისთვის მირჩევნია, ევროპის რომელიმე წამყვანი ქვეყნის კარგ გუნდში ჩავირიცხო, სადაც სტაბილურად მომიწევს თამაში.

- როგორ ფიქრობ, ქართულ ფეხბურთს აქვს პოტენციალი, რომ საერთაშორისო დონეზე იასპარეზოს?

- ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ მთავარია, მისი სწორად გამოყენება ვისწავლოთ. ქართველ ფეხბურთელებს გვაქვს იმედი, რომ ერთ დღეს ჩვენც გავიხარებთ და ქართველი გულშემატკივარიც.

- დაბოლოს, თამაშის მოგებას როგორ აღნიშნავ ხოლმე?

- გამარჯვებას კათხა ლუდით აღვნიშნავ ხოლმე. ღვინო და არაყი არ მიყვარს. კარგია, როცა მთელი გუნდი ვიკრიბებით. სულ მალე ეგვიპტის გუნდთან თამაში იგეგმება და სტუმრებს ჩვენს სტადიონზე შევხვდებით. მიყვარს "სახლში" თამაში. დაპირებები მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ ვიტყვი, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ!

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"