ეკა ბესელია: "დამნაშავე პარლამენტარს იმუნიტეტი ვერ დაიცავს"

ეკა ბესელია: "დამნაშავე პარლამენტარს იმუნიტეტი ვერ დაიცავს"

პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ აქტიურად დაიწყო ლაპარაკი ყოფილი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ასევე ისეთ მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, კორუფციული გარიგებები, სხვისი ქონების ხელში უკანონოდ ჩაგდება და ადამიანთა უკანონო დაკავება-დაპატიმრება. ამ დანაშაულთა ჩამდენებად, ხშირ შემთხვევაში, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სახელდებიან, რომლებიც ახალ პარლამენტშიც დეპუტატის იმუნიტეტს არიან ამოფარებულნი.

საკანონმდებლო ბაზისა და პარლამენტის წევრთა იმუნიტეტის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გვესაუბრება.

- ქალბატონო ეკა, რა მდგომარეობაშია საკანონმდებლო ბაზა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ და რომელი კანონის შეცვლაა საჭირო?

- მდგომარეობა უმძიმესია, წინა მოწვევის პარლამენტის წევრები აკეთებდნენ იმას, რაც, წესით, არ უნდა გაეკეთებინათ, იღებდნენ ისეთ კანონებს, რომლებიც არ უნდა მიეღოთ და ეს განპირობებული იყო პოლიტიკური მოტივით. ეს კანონები არღვევდა ადამიანის უფლებებს და ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო კანონმდებლობას. ჩვენ მოგვიწევს ამ წინააღმდეგობების გასწორება, ამ კანონების შეცვლა. თუ რამე ირღვეოდა წინა ხელისუფლების დროს, იყო ადამიანის უფლებები, ეს ხდებოდა ყველა სფეროში. ერთი კვირაა, რაც ახალმა პარლამენტმა უფლებამოსილება მიიღო და უკვე უამრავი განცხადებაა შემოსული ჩვენს კომიტეტში. ვერ ავუდივართ ამ განცხადებების შესწავლას, ბევრი ადამიანი ითხოვს შველას. მინდა, რომ თვითონ კომიტეტი გააქტიურდეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაიწყოს მუშაობა. შევიმუშაოთ რამდენიმე ინიციატივა, პირველ რიგში, პოლიტპატიმრების საკითხზე, აგრეთვე სახალხო დამცველის არჩევის საკითხი, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და შეკრებითობის წესის გაუქმება. კიდევ ბევრი სხვა ცვლილება უნდა განხორციელდეს - ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმება, ადვოკატის უფლებების გაძლიერება და ა.შ.

სწრაფად არის შესაცვლელი სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, სადაც ლაპარაკია სასჯელის გამოყენების წესსა და პირობებზე. ამას უამრავი ადამიანი ელოდება. მათ შორის მძიმე ავადმყოფი პატიმრები. მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის ადვილად გასაკეთებელი საქმე, ამას თავისი პროცედურები სჭირდება, თუმცა პოლიტიკური ნება არსებობს და ჩვენც დაუღალავად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეს ცვლილებები.

- წინა მოწვევის პარლამენტართა მიმართ არაერთი ბრალდება გაისმა. გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში. მათ შორის დაასახელა გიორგი ბარამიძე. დავუშვათ, დადასტურდა პარლამენტის წევრის დანაშაულებრივი ქმედება, მას დღევანდელი კანონმდებლობით დეპუტატის იმუნიტეტი თუ დაიცავს?

- თუ პარლამენტის წევრი ჩაიდენს დანაშაულს, ამ შემთხვევაშიც მის მიმართ აღიძვრება სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურები. თუ ობიექტური გამოძიებით დადგინდა, რომ პარლამენტის წევრს ჩადენილი აქვს დანაშაული, ამ შემთხვევაში მას მოეხსნება იმუნიტეტი. ხელშეუხებელი არავინ არ არის და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. აბსოლუტური ხელშეუხებლობა პარლამენტარს არა აქვს. მხოლოდ ჩხრეკისა და დაკავების შემთხვევაში სჭირდება გამოძიებას პარლამენტის წევრთა უმრავლესობის ნებართვა იმუნიტეტის მოხსნის და მისი დაკავების ან ჩხრეკის შესახებ. მოკლედ, იმუნიტეტი დამნაშავეს ვერ დაიცავს.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა