ონიშჩენკო ქართულ ღვინოებს რუსულ ბაზარზე ღვინის საწარმოების შემოწმების შემდეგ დაუშვებს

ონიშჩენკო ქართულ ღვინოებს რუსულ ბაზარზე ღვინის საწარმოების შემოწმების შემდეგ დაუშვებს

რუსეთის მთავარი სანიტარი ქართული ღვინოების რუსულ ბაზარზე დაბრუნებას არ გამორიცხავს. რუსული მედიის ცნობით, ონიშჩენკო აცხადებს, რომ თუ ქართული მხარე საშუალებას მისცემს რუსულ მხარეს, ეწვიოს ღვინის საწარმოებს და დოკუმენტაცია წარმოადგინონ, მაშინ შესაძლებელია ქართული ღვინო რუსეთის სამომხმარებლო ბაზარს დაუბრუნდეს.

"ჩვენი მხრიდან უკვე ყველა პირობა ცნობილია. თუ ისინი მოგვცემენ უფლებას მათ საწარმოებს ვეწვიოთ და საჭირო დოკუმენტებსაც წარმოგვიდგენენ, სავსებით შესაძლებელია ქართული ღვინო კვლავ გამოჩნდეს ჩვენს ქვეყანაში. რატომაც არა? ბატონი ბრძანდებით, ივაჭრონ", - განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, გენადი ონიშჩენკომ გაზეთ "Известия"-სათვის მიცემულ ინტერვიუში.

რუსეთის მთავარი სანიტარი აცხადებს, რომ რუსეთის ემბარგო ქართულ ღვინოებზე დიდი რაოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქციის არსებობით იყო გამოწვეული. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებს, ონიშჩენკოს განცხადებით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა საქართველოს, რომელსაც იგი ინტერვიუში ჯუჯა კვაზინაციონალურ ტერიტორიულ წარმონაქმნს უწოდებს, ლიდერს ეკისრება, რომელიც ქართველ მეღვინეებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების უფლებას არ აძლევს და მათ ყველას "ჩამოხრჩობით ემუქრება".

"მაგრამ დღესდღეობით ქართულმა ბიზნესმა, და არა მთავრობამ, ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ფალსიფიცირებული პროდუქცია შეჩერებულიყო. სხვა ასეთი ზომების მიღების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ მალე ქართული ღვინოები რუსეთში გაიყიდოს", - დასძინა მან, თუმცა აღნიშნა, რომ ვაჭრობის აღდგენის შემთხვევაში ქართული ღვინო ისეთი "ყოვლისმომცველი და გიჟური" მოცულობით არ გაიყიდება, როგორც ეს ადრე ხდებოდა. "ყველაფერი გაკეთდება გონივრულად", - აცხადებს იგი.

აღსანიშნავია, რომ "Известия"-ში ონიშჩენკოს ინტერვიუ მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე წარადგინა და მის უპირველეს ამოცანად რუსეთთან კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა დაასახელა.

მომზადებულია Известия-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა