თბილისის მერიამ ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადი ერთმანეთს რომ მიაბა, გაოგნებული მოქალაქეები საკუთარ თვალსა და ყურს არ უჯერებდნენ... ამ "რეფორმას" მოგვიანებით ბევრი სახალისო, კურიოზული ამბავი მოჰყვა, ხალხიც თანდათან მიეჩვია დენისა და ნაგვის გადასახადის ერთად გადახდას და ყველაფერი თითქოს კალაპოტში ჩადგა. "ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ამ აბსურდულ გადაწყვეტილებას, პროტესტის ნიშნად საკრებულოში ცოცხზე მიბმული მრიცხველიც მივიტანე და უმრავლესობას ვაჩუქე, თუმცა ჯერჯერობით დენსა და ნაგავს ერთმანეთს მაინც ვერ ვაშორებთ" - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიამ და აგვიხსნა, რატომ მოგვიწევს ამ გადასახადის კვლავ ერთად გადახდა მომავალი ხუთი თვის განმავლობაში:
- ადრეც ასე ვფიქრობდი და დღესაც მიმაჩნია, რომ დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის ერთმანეთან მიბმა დაუშვებელია, რომ ეს ფორმა უნდა შეიცვალოს. მეც და ჩემი ფრაქციის წევრებიც ამის დამტკიცებას დიდხანს ვცდილობდით საკრებულოს სხდომებზე, მაგრამ ამაოდ. 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქალაქის მერმა გიგი უგულავამ მოიწადინა ამ საკითხზე კონსულტაციები გაემართა საკრებულოში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან და ფრაქციებთან. მოაწყო შეხვედრა, სადაც წამოვაყენე წინადადება, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს მუშაობა იმ მოდელზე, რომლის მიხედვითაც მოსახლეობამ დასუფთავების გადასახადი უნდა გადაიხადოს. საუკეთესო მოდელის შემუშავებას დრო სჭირდება, რადგან ამ გზაზე რამდენიმე პრობლემას ვაწყდებით.
- მაინც რა პრობლემებს, ბატონო ჯაბა?
- ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ზუსტად არ არის დათვლილი, რამდენი ადამიანი ცხოვრობს თბილისში. ალბათ, ყველა ხვდება, რატომ არ დაადგინა ხელისუფლებამ მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა - იმიტომ, რომ არჩევნებში უფრო მეტი მანიპულაციის საშუალება ჰქონოდა. სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ადამიანი ცხოვრობს თბილისში და ეს საქმეს ართულებს. ახლა მეორე პრობლემაზეც გეტყვით - ეს არის თანხა, რომელიც დასუფთავებაზე იხარჯება: თბილისი დასუფთავებაზე წელიწადში ხარჯავს 48 მილიონ ლარს. რატომღაც ეს თანხა საკმაოზე მეტი მეჩვენება. თქვენს გაზეთშიც მითქვამს და სხვა მედისაშუალებებშიც ვამბობდი, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია ქალაქი ცოცხიანმა ადამიანებმა დაასუფთაონ. შეიძლება ძველ თბილისში ეგზოტიკისათვის, ტურისტების დასანახავად დავტოვოთ ეს სიძველე, მაგრამ 21-ე საუკუნეში დედაქალაქს ცოცხიანი ადამიანები რომ დაასუფთავებენ, ეს ხარჯებს გააათმაგებს. საჭიროა, შემოვიყვანოთ სპეციალური მანქანები, რომლითაც დედაქალაქის ქუჩებიც დასუფთავდება და თბილისის ბიუჯეტის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. მიმაჩნია, რომ ქალაქს ბევრი საეჭვო ხარჯი აქვს, მაგალითად, ავიღოთ სპეციალური მარილი, რომელსაც ზამთრში მოყინულ ადგილებზე ყრიან - ბევრს უთქვამს, რომ შემოტანილი მარილის რაოდენობა არ არის იმ თანხის შესაბამისი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტში იყო გამოყოფილი. მსგავსი მაგალითი უამრავია, ამიტომ ვიდრე არ დადგინდება საბოლოო თანხა, რომელიც სჭირდება ქალაქის დასუფთავებას, არ გაირკვევა, რამდენი მილიონი ლარი სჭირდება დაწესებულებებს, რამდენი - თითოეულ აბონენტს, დასუფთავების ტარიფის დადგენაც ძალიან გაჭირდება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - 9 წელიწადია ხელისუფლებაში არიან და ეს საკითხები გარკვეული არ არის.
- მართალია, ტარიფი შემცირდა: 1 კვტ//სთ ელექტროენერგიაზე 5 თეთრის ნაცვლად 2,5 თეთრის გადახდა მოგვიწევს, მაგრამ ძველი მოდელი მაინც დარჩა.
- სხვათა შორის, ეს ჩემი ინიციატივა იყო - რადგან ზამთარი მოდის და ადამიანები ისედაც გაუსაძლის სიტუაციაში არიან, მოდი, შევუმციროთ ის თანხა, რომელსაც იხდიდნენ-მეთქი. მოსახლეობას ტარიფი გაუნახევრდა, თანაც, პარალელურ რეჟიმში იმუშავებს კომისია, რომელიც ტარიფის საბოლოო ვარიანტს შეიმუშავებს და დენზე მიბმულ ნაგვის გადასახადს გააუქმებს. მაგრამ ჯერჯერობით, ვიდრე რეალურ გათვლებზე დაფუძნებული მოდელი შემუშავდება, მოსახლეობას განახევრებული ტარიფის გადახდა მოუწევს. ეს გაგრძელდება ხუთი თვის განმავლობაში, ამასობაში კი ტარიფის საბოლოო ვარიანტიც შემუშავდება. ვფიქრობ, ძველი ტარიფის განახევრება საკმაო შეღავათი იქნება მოსახლეობისათვის.
- თქვენი აზრით, რომელია ტარიფის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი დღესდღეობით?
- სულადობის მიხედვით ტარიფის გაანგარიშება არის ყველაზე მისაღები და მარტივი მოდელი. ამ ეტაპზე კი ჩვენ უნდა აგვერჩია ცუდსა და უარესს შორის, ამიტომაც გადავწყვიტეთ, არსებული ტარიფი გაგვენახევრებინა. კარგი მოდელის შემუშავებას სჭირდება დრო, სერიოზული განსჯა და ფიქრი, საბოლოოდ კი დენისა და დასუფთავების გადასახადი ერთმანეთისაგან უნდა გაიყოს - ეს აქსიომაა!
ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)